Accessibility links

სპეცოპერაცია კოდორში: ხელისუფლების ნაჩქარევი თუ დაგვიანებული ნაბიჯი?


ემზარ კვიციანის დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში 25 ივლისს ღამით დაიწყო. მას შემდეგ თბილისამდე აღწევდა მწირი ინფორმაცია ხეობაში შექმნილ ვითარებაზე,

თუმცა ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები განმარტებებს ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდნენ. იყო მკვეთრი, რადიკალური განცხადებები : ”კვიციანს და მის დაჯგუფებას მიწიდან ამოვიღებთ”, ”ბანდიტებს ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ” და ასე შემდეგ. ეს განცხადებები თავისთავად მეტყველებდა იმაზე, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევდა. როგორ ხსნიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები კოდორის ხეობაში დაწყებულ სპეცოპერაციას?

შეკითხვას, რამდენ ხანს გაგრძელდება კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ 26 ივლისს ასე უპასუხა:

[გიორგი არველაძის ხმა] ”იმდენ ხანს, სანამ არ განადგურდება ყველა ის ადამიანი, რომლებიც იარაღით ხელში უპირისპირდებიან საქართველოს მთლიანობას და საქართველოს ინტერესებს. ”

”ეს არის ანტიკრიმინალური ოპერაცია და არ შეიძლება იყოს ლაპარაკი სვანებთან შეიარაღებულ დაპირისპირებაზე. ახლა ხელისუფლების და, პირველ რიგში, პრეზიდენტის ზრუნვის საგანი კოდორის ხეობის მოსახლეობაა,” - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და მოუწოდა ხეობის მოსახლეობას გაათავისუფლოს საშიში ტერიტორია, რათა აირიდოს საფრთხე და ხელი არ შეუშალოს ემზარ კვიციანისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაციის მიმდინარეობას.

გიორგი არველაძემდე კოდორის ხეობაში განვითარებული პროცესების ახსნა საზოგადოებისთვის განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ სცადა. ”მიწიდან ამოვიღებთ” - სწორედ მას ეკუთვნის ეს ფრაზა. საინტერესო იყო ,რომ, ერთ-ერთმა პირველმა, სწორედ განათლების მინისტრმა აუწყა საზოგადოებას საპოლიციო ოპერაციის დაწყება და, ერთ-ერთმა პირველმა, მანვე განმარტა, რომ არ იქნება იმ ადამიანების დანდობა, რომლებიც საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრნენ.

კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ბრიუსელში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ -მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. ” ქართველი სამხედროების ოპერაცია ლიმიტირებული პოლიციური ოპერაციაა ჩვეულებრივი დამნაშავეების წინააღმდეგ და არამც და არამც აფხაზეთის წინააღმდეგ,”- თქვა მან ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. გავრცელებული ცნობებით, ნოღაიდელმა, რომელიც 26+1 ფორმატში ჩრტდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომას ესწრებოდა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია კოდორის ხეობაში დაწყებულ ოპერაციასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება არანაირად არ ეწინააღმდეგება კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ აღებულ სამშვიდობო კურსს. ამას გარდა, თბილისში კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა რუსეთისა და აფხაზთა მხარის ბრალდებას და განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფის შეყვანა არ წარმოადგენს მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევას. ვოლსკის თქმით, მოსკოვის შეთანხმება დაირღვეოდა მაშინ, თუკი ოპერაციაში თავდაცვის სამინისტროს ძალები მიიღებდა მონაწილეობას.

დასასრულს, უნდა ითქვას, რომ კოდორის ხეობაში დაწყებული საპოლიციო ოპერაციით ხელისუფლებამ აჩვენა უკომპრომისობა ემზარ კვიციანისა და მისი დაჯგუფების თავნებობის მიმართ, რითაც თქვა, რომ ის იქნება უკომპრომისო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერ მსგავს გამოხტომასთან დაკავშირებით. გაკეთდა განცხადება უშიშროების ყოფილი მინისტრის ირაკლი ბათიაშვილის წინააღმდეგაც მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მისი და ემზარ კვიციანის საუბრის ჩანაწერი:

[გივი თარგამაძის ხმა] ”თუ იქნება მტკიცებულებები იმისა, რომ ეს ადამიანი მონაწილეობდა ამ საერთო პროცესის მართვაში, მას მოუწევს თავის მართლება სასამართლოში. ”

ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 26 ივლისს დილით გააკეთა. მოგვიანებით ცნობილი გახდა ბათიაშვილის გენერალურ პროკურატურაში დაბარების შესახებ.
XS
SM
MD
LG