Accessibility links

logo-print

“ხედვის მანქანა” თითქმის უსინათლოებს ახალ შესაძლებლობას აძლევს


ამერიკელი პოეტი და ხელოვანი

ელიზაბეთ გოლდრინგი კანონით აღიარებული უსინათლოა. მას მხოლოდ შუქისა და ჩრდილების გარჩევა შეუძლია, სხვას ვერაფერს ხედავს. მაგრამ ის ბედს არ შეურიგდა და ამერიკის ჩრდილოაღმოსავლეთში, მასაჩუსეტსის შტატში მოქმედი ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებთან, პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად შექმნა, როგორც თვითონ უწოდებს, “ხედვის მანქანა” - სამაგიდო დანადგარი, რომლის აწყობა 4000 დოლარზე ნაკლები ჯდება. თუმცა, ელიზაბეთის მსგავს ადამიანებს, ვისაც შეზღუდული აქვს ხილვის უნარი, ეს მოწყობილობა სამყაროს აღქმის საშუალებას აძლევს. რა მანქანაზეა ლაპარაკი?

ელიზაბეთ გოლდრინგს ბავშვობაში დიაბეტმა წაართვა თვალის ჩინი. ათი წლის წინ, მისმა მკურნალმა ექიმმა შემოწმებისას დაადგინა, რომ ელიზაბეთის თვალის ბადურის ერთ მცირე ნაწილს შენარჩუნებული ჰქონდა ფუნქცია. შემდეგ კვლევა განაგრძეს. დიდი ზომის, ძვირადღირებული ლაზერული დანადგარის მეშვეობით მოახდინეს გამოსახულების პროეცირება პირდაპირ მისი თვალის ფსკერზე. ექიმები ფიქრობდნენ, რომ თუ მას კიდევ ჰქონდა შემორჩენილი ჯანსაღი უჯრედები, გამოსახულება უნდა დაენახა. და მართლაც, ელიზაბეთ გოლდრინგმა გამოსახულება დაინახა.

[ელიზაბეთ გოლდრინგის ხმა] “იცით, არ მჯეროდა, რომ ეს თვალი, რომელიც ვერაფერს ხედავდა, ამ მანქანაში მთელი სიცხადით შეძლებდა გამოსახულების დანახვას!”

ამ ფაქტმა მას სტიმული მისცა, განევითარებინა ლაზერული დანადგარის მსგავსი, იმავე ფუნქციის დანადგარი, ოღონდ - უფრო იაფი. ძვირადღირებული ლაზერი შეცვალეს მაღალი ინტენსივობის სინათლის სხივით, რამაც დანადგარის ფასი მკვეთრად შეამცირა. ახალი დანადგარი 4000 დოლარი დაჯდა, ლაზერული კი - ათი ათასი ღირს. გოლდრინგის მიერ შექმნილი მანქანა (ოფიციალურად მას “ბადურაზე გამოსახულების და მისი ხედვის სისტემა ჰქვია”) შედგება კომპიუტერის, პროექტორის, მონიტორისა და "ჯოისტიკისგან". ის არა ორივესთვის, არამედ ცალი თვალისთვისაა შექმნილი, და სტაციონარულია. ახლა ელიზაბეთ გოლდრინგი მომავალზე ფიქრობს.

[ელიზაბეთ გოლდრინგის ხმა] “დიდი იმედი მაქვს, რომ დავიწყებთ თანამშრომლობას სხვადასხვა ფირმებთან და ცდებს გავაფართოვებთ უფრო მყარი, გამძლე მანქანის შესაქმნელად. იმედია, ეს მანქანები ფართო საზოგადოებისთვვის არცთუ შორეულ მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.”

გარდა იმისა, რომ დაინახავენ ერთ კონკრეტულ გამოსახულებას ან წაიკითხავენ სიტყვას, მხედველობაშეზღუდულ ადამიანებს საშუალება ექნებათ, ამ სისტემაში შენობების ვირტუალური გეგმები დაათვალიერონ. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, უფრო იოლად, რეალურად იმოძრაონ შესაბამის შენობებში, იქაურობის დაუნახავად. სისტემა გამოსცადეს, 38-დან 80 წლის ასაკამდე 10 პირზე და შედეგიც შესანიშნავი მიიღეს. გოლდრინგი ოპტიმისტურად არის განწყობილი.

[ელიზაბეთ გოლდრინგის ხმა] “ჩემი ოცნებაა, რომ დღეიდან ყველამ, ვისაც სურვილი ექნება, იქონიოს “ხედვის მანქანა”. ვისაც შეზღუდული მხედველობა აქვს და კომპიუტერში მის ჩართვას შეძლებდა, მისცემოდა ბიბლიოთეკების, საჯარო დაწესებულებების, საჯარო ადგილების, ყველა ადგილის მოხილვის, პორტრეტების, მუზეუმების დათვალიერების საშუალება, იმ ვებგვერდებზე და საინტერნეტო ბიბლიოთეკებში შესვლის შესაძლებლობა, რომლებიც მხედველობაშეზღუდულებისთვის საგანგებოდ არის მოწყობილი.”

ეს სისტემა, როგორც მისი ძვირადღირებული პროტოტიპი, მხოლოდ მათ დაეხმარება, ვისაც ბადურაზე შემორჩენილი აქვს ჯანსაღი უჯრედები. სრულიად ბრმათათვის, ეს სისტემა შეღავათს არ იძლევა. მაგრამ მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, რომელთაც შეზღუდული აქვთ მხედველობა, გოლდრინგის “აღმოჩენა”, არაერთ ოცნებას აუსრულებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG