Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგო ჩავესი მოსკოვში


უგო ჩავესს უფერულ პოლიტიკოსობას ვერავინ დააბრალებს - მის ქვეყანაში ყოველ კვირა დღეს, 11 საათზე იწყება ტელეგადაცემა “ალო პრეზიდენტე”, რომელიც ექვს, ზოგჯერ შვიდ საათამდე გრძელდება...

ეს ქვეყანა ვენესუელა გახლავთ, ნავთობით და გაზით ყველაზე მდიდარი ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში. უგო ჩავესი კი ვენესუელის პრეზიდენტია და ყოველ კვირა პირდაპირ ეთერში, მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ მუშაობს: ხან სტუდიიდან ეხმიანება შეკითხვებსა თუ თხოვნებს, ხან ხალხმრავალ ქალაქებში, ხან კი მიყრუებულ სოფლებში ხვდება თანამემამულეებს. ხშირია მონოლოგებიც - ჩავესი, რომელიც ძალიან ამაყობს ფიდელ კასტროსთან მეგობრობით, საათობით იძლევა განმარტებებს აქტუალურ პოლიტიკურ ვითარებაზე მთელს მსოფლიოში, ხალხს უზიარებს თავის წარმოდგენას ეკონომიკური განვითარების გზებზე და, როგორც წესი, სასტიკად აკრიტიკებს აშშ-ს.

აშშ-ის კრიტიკისაგან ჩავესი თავს არ იკავებს ხოლმე არც საზღვარგარეთ ვიზიტისას. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა დღეს მოსკოვში, სადაც ვენესუელის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინმა უმასპინძლა.

მოსკოვში პუტინთან შეხვედრით ჩავესმა რუსეთში სამდღიანი ვიზიტი დაასრულა. მან პირველივე დღეს ვოლგოგრადში გააფორმა 1 მლრდ დოლარად შეფასებული კონტრაქტი რუსული წარმოების 30 საბრძოლო თვითმფრინავისა და 30 შვეულმფრენის შესყიდვის შესახებ. რუსეთ-ვენესუელის ამ სამხედრო კონტრაქტის ფონი ის გახლავთ, რომ აშშ-ს ემბარგო აქვს გამოცხადებული ვენესუელისთვის იარაღის მიყიდვაზე. ამიტომ ის მოსკოვს მოუწოდებს, გადასინჯოს ვენესუელისთვის “სუხოი 30” ტიპის თვითმფრინავების მიყიდვაზე მიღებული გადაწყვეტილება.

მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, მოსკოვმა ამ გარიგებაზე უარი თქვას: ის ხომ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, “ბუნებრივ პარტნიორად” მიიჩნევს ვენესუელას. [პუტინის ხმა] “ჩვენთვის ვენესუელა ბუნებრივი პარტნიორია. ვენესუელა ამერიკის კონტინენტზე პირველ ადგილზეა ნავთობის მარაგით, და მსოფლიოში მერვე ადგილზე - გაზის მარაგით. ეს არის კოლოსალური პოტენციური შესაძლებლობები და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი კომპანიები ერთად ცდილობენ გადაწყვეტილებების მიღებას ენერგეტიკის სფეროში. თუმცა არა მარტო ენერგეტიკის, არამედ მანქანათმშენებლობის, კოსმოსური კვლევის, მეტალურგიის სფეროებში”. უწინარეს ყოვლისა, მაინც ენერგეტიკის სფეროში: უგო ჩავესმა რუსეთს სთხოვა მხადრაჭერა სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე 8 000-კილომეტრიანი ნავთობსადენის გაყვანაში, თანამშრომლობის გაგრძელება ვენესუელის ნავთობის საბადოების ათვისებაში.

რამდენად ძლიერია მოსკოვის სურვილიც, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს ვენესუელასთან, ამას ერთი, მეტად მრავლსიმეტყველი სიმბოლური ჟესტი ცხადჰყოფს: მოსკოვში უგო ჩავესის ვიზიტს დაამთხვიეს სიმონ ბოლივარის ძეგლის გახსნა - ბოლივარი კი (მე-19 საუკუნის სამხრეთამერიკელი გმირი) ჩავესის კერპი გახლავთ. როგორც ბოლივარმა გააერთიანა თთქმის მთელი კონტინენტი ესპანელი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ისე სურს ჩავესს ვენესუელის მეზობლების შეკვრა “ვაშინგტონელი დამპყრობლების” წინააღმდეგ. ეს უგო ჩავესს ბევრჯერ აქვს ნათქვამი და მოსკოვშიც, სადაც ბოლივარის ძეგლის გახსნის პატივი ვენესუელის პრეზიდენტს ერგო, აშშ-ზე მისი ჩვეული სიტყვიერი იერიშიც განხორციელდა:

[ჩავესის ხმა] “აშშ მთელს მსოფლიოში უბედურებას ავრცელებს, როცა თავისუფლების დამცველის სახელით ლაპარაკობს. ეს ხდება ერაყში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში. შეერთებული შტატებია უდიდესი საფრთხე, რაც კი დღევანდელ მსოფლიოში არსებობს: ირაციონალური, დაბრმავებული, უგუნური გიგანტი, რომელსაც არ ესმის სიცოცხლის ფასი, არ ესმის რა ხდება მსოფლიოში, არ ესმის ადამიანის უფლებების არსი”.

ამ და ურიცხვი მსგავსი განცხადების ავტორს,- ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესს, უთუოდ სიამოვნებით უმასპინძლებენ ირანში, სადაც ის მოსკოვიდან ჩადის. საინტერესოა ისიც, რომელ ქვეყნებს ესტუმრა ჩავესი რუსეთში ვიზიტამდე - კუბას და ბელორუსიას. როგორც ცნობილია, მათ დიქტატურებად მიიჩნევს აშშ. და არა მარტო ის.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა წარმატება უსურვა უგო ჩავესს ვენესუელის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG