Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო კოდორში მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან თავს იკავებს


გაეროს მისია საქართველოში თავს იკავებს რაიმე ოფიციალური შეფასება მისცეს კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს.

დღეს გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისიაში ერთ-ერთი საზოგადოებრივი კვლევისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე მისიის წარმომადგენელმა უარი განაცხადა კოდორში მიმდინარე მოვლენების კომენტირებაზე. მე გაეროს წარმომადგენელთა პასიურობის მიზეზების დადგენას შევეცადე.

დღეს გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის ოფისში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მისიის ინიციატივით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეძღვნებოდა. კვლევა საქართველოში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას, სამართალდამცავების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას შეეხებოდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ზუგდიდის რაიონზე, სადაც გაეროს სამოქალაქო პოლიციის კომპონენტი მოქმედებს. მოკლედ გეტყვით, რომ გამოკითხულთა თითქმის 75 პროცენტს მიუჩნევია, რომ პოლიცია კარგად აკონტროლებს დანაშაულს და 77,5 პროცენტს კი მიაჩნია, რომ პოლიცია მზად არის ხალხის სამსახურისთვის.

ბუნებრივია, ჟურნალისტების უმთავრეს ინტერესს დღეს კოდორში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა. გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისიის მანდატში შედის კოდორის ხეობაში ვითარების მონიტორინგი. თუმცა დღეს გაეროს წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს კოდორში არსებული ვითარების შეფასებაზე. მისიის უფროსმა პოლიტიკურმა მრჩეველმა მარიან სტაშევსკიმ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ჩატარდება ოთხმხრივი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვითარების შეფასება.. თუმცა მანამდე გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ივო პეტროვმა ჟურნალისტებს განუცხადა:

[პეტროვის ხმა] “გაეროს მეთვალყურეთა მისია უკვე სამი წელია აკვირდება კოდორის ხეობას. ჩვენ უშუალოდ არ ვაკვირდებით იმას, რაც ახლა იქ ხდება. მოგეხსენებათ, ჩვენ მეთვალყურეობას ვაწარმოებთ ცეცხლის შეწყვეტის მარცხენა და მარჯვენა ხაზებზე. შემიძლია გითხრათ, რომ გაეროს მეთვალყურეთა პასუხისმგებლობის ზონაში მშვიდი ვითარებაა. უფრო ზუსტად კი, არ არის ისეთი აჟიოტაჟი, რომელიც შეიძლებოდა ამ ოპერაციას გამოეწვია. არის გარკვეული მღელვარება ადგილობრივ მოსახლოებაში, თუმცა ცხოვრება თავისი გზით მიდის.”

ეს განცხადება ივო პეტროვმა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიაში გააკეთა.

ვინაიდან კოდორის თემის კომენტირებისგან გაეროს მისიის უფროსმა პოლიტიკურმა მრჩეველმა მარიან სტაშევსკიმ თავი შეიკავა, მას მეორე, არანაკლებ აქტუალურ, საკითხზე ვთხოვე ინფორმაციის გაზიარება. კერძოდ, დავინტერესდი, თუ რა სახის მოლაპარაკება მიმდინარეობს გაეროსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების თაობაზე მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარყოფითად შეაფასა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისდამცველების მოქმედება. სტაშევსკი ირწმუნება, რომ მან მსგავსი მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იცის:

[სტაშევსკის ხმა] “გულახდილად რომ გითხრათ, მე ბევრი არაფერი ვიცი ამ პროცესზე. ალბათ, ამ კითხვით საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოთ. მე არაფერი ვიცი გაეროს ფარგლებში მიმდინარე მსგავსი პროცესის შესახებ.”

გაეროს მისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი თავის არაინფორმირებულობას იმით ხსნის, რომ სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების საკითხი ახალია.

რაც შეეხება პოლიციური კომპონენტის გაძლიერებას, ამის თაობაზე გაეროს მისიის წარმომადგენლისგან დადებითი პასუხი მივიღე, თუმცა დაზუსტებისგან მან აქაც თავი შეიკავა:

[სტაშევსკის ხმა] “ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს 2003 წლის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ პოლიციური კომპონენტი 20 კაცისგან უნდა შემდგარიყო. იყო კიდეც გარკვეული გათვლები, რამდენი საპოლიციო მრჩეველი უნდა ყოფილიყო მივლენილი გალში, ზუგდიდში, თბილისსა და სოხუმში. დღეისთვის ჩვენი პოლიციელები არიან ზუგდიდში, თბილისსა და სოხუმში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვყავს პოლიციის ოფიცრები გალში, რომელიც, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზონაა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ასე რომ, სამოქალაქო პოლიციის კომპონენტი დღეს 20-ზე ნაკლები პირისგან შედგება. არსებობს იდეა უფრო ძლიერი პოლიციური კომპონენტის ყოლის შესახებ კონფლიქტის ზონაში. ამის თაობაზე გენერალური მდივნის ანგარიშშიც იყო აღნიშნული. ერთი სიტყვით, მისია მუშაობს და ფიქრობს ამ საკითხზე, იმ იდეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გამოითქვა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG