Accessibility links

logo-print

ცნობილი ექსპერტი კასპიის ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს როლზე


. დღეს ვაშინგტონში გაიმართა კონფერენცია, რომელიც კასპიის ნავთობისა და გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აგრეთვე ავტორიტეტიანი კვლევითი ცენტრი - “ჯეიმსთაუნის” ფონდი. ამ გარემოების გარდა კონფერენციის გამორჩეულ მნიშვნელობაზე მისი მონაწილეების რანგიც მიუთითებს: სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ (მოხსენების სათაური “რუმინეთი: ენერგეტიკული დერეფანი დასავლეთ ევროპისაკენ”), აგრეთვე მეთიუ ბრაიზა - აშშ-ის საგარეო უწყების უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომელიც, როგორც ჩვენმა მსმენელმა იცის, საქართველოს ხშირი სტუმარია და საუცხოოდ იცნობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს.

კავკასიის რეგიონის საუცხოო ცოდნით გამოირჩევა ვლადიმირ სოკორიც - ვაშნიგტონში ჩატარებული კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორ “ჯეიმსთაუნის ფონდის” წამყვანი ექსპერტი. სწორედ მას კონფერენციის დაწყებამდე დაუკავშირდა ჩვენი კოლეგა, “რადიო თავისუფალი ევროპა - რადიო თავისუფლების” რუმინულ-მოლდავური სამსახურის ჟურნალისტი ილეანა ბრაიტენშტაინი. მან რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ცნობილ ექსპერტს. როგორც მოსალოდნელი იყო, მათი საუბარი საქართველოსაც შეეხო - საქართველო ხომ ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანაა კასპიის ნავთობისა და გაზის საექპორტო მარშრუტებში.

მაშ ასე, ვლადიმირ სოკორის შეხედულება კასპიის რეგიონის მზარდ ენერგეტიკულ მნიშვნელობასა და საქართველოს ადგილზე ამ კონტექსტში:

“კასპიის ნავთობისა და გაზის რეზერვების სრული მასშტაბით აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა ევროპის, ის კი არა ამერიკის ენერგომომარაგების გეოპოლიტიკა. ამ კონტექსტში საქართველო საკვანძო როლს ასრულებს მთელ რიგ სატრანზიტო პროექტებში, რომლებითაც გამიზნულია კასპიის ნავთობისა და გაზის გატანა პირდაპირ დასავლეთევროპულ სამომხმარებლო ბაზარზე - რუსეთისათვის გვერდის ავლით. ამ პროექტებში მთავარია რუსეთისთვის გვერდის ავლა! არ შეიძლება, დაცული იყოს ევროატლანტიკის ქვეყნების ენერგეტიკული მომარაგების უსაფრთხოება, თუ მათი მომარაგების მეტისმეტად დიდი წილი - რუსეთზე მოვა. ამიტომაც, საქართველოს ადგილმდებარეობა საკვანძო მნიშვნელობისაა ევროატლანტიკის ქვეყნებისთვის და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, უშუალოდ შედის აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ინტერესებში. ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ საქართველოსთვის გეოპოლიტიკური ცვლილება მოხდა კასპიის ნავთობისა და გაზის კონტექსტში. საქართველო, ფუნქციონალური თვალსაზრისით, კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყანაა, რადგან საკვანო მნიშვნელობის როლს ასრულებს კასპიის ნავთობისა და გაზის ენერგეტიკულ პროექტებში”.
XS
SM
MD
LG