Accessibility links

logo-print

მოხერხდება თუ არა ზავის მიღწევა ისრაელის არმიასა და ''ჰისბოლაჰს'' შორის?


სამხრეთ ლიბანში შექმნილი უაღრესად დაძაბული ვითარების მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იმედოვნებს, რომ მიმდინარე კვირაში მაინც მოხერხდება ზავის მიღწევა

ისრაელის არმიასა და სამხრეთი ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედ "ჰისბოლაჰის" სამხედრო დაჯგუფებას შორის. შეგახსენებთ, რომ კვირას 54 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში მდებარე სოფელ ყანის დაბომბვას. დაღუპულთაგან ნახევარზე მეტს ბავშვები შეადგენენ.

უკვე მეორე დღეა, მსოფლიოს ტელეარხები თითქმის გამუდმებით უჩვენებენ სოფელ ყანაში მომხდარი ტრაგედიის ამსახველ კადრებს. ერთ-ერთ მათგანზე ვხედავთ ორ მამაკაცს, რომლებსაც ხელში თავიანთი შვილების უსულო ცხედრები უჭირავთ.

[ლიბანელი მამაკაცების ხმები]

ისრაელმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ მზად არის, 48 საათით შეაჩეროს საჰაერო იერიშები სამხრეთ ლიბანში. თუმცა, მომხდარისთვის პასუხისმგებლობა მან ჰიზბოლაჰს დააკისრა, რომელიც სოფელ ყანიდან - ტელ-ავივის მტკიცებით - ისრაელს რაკეტებს უშენს. ასეა თუ ისე, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და, განსაკუთრებით, ბავშვების დაღუპვას აღშფოთება და პროტესტის ტალღა მოჰყვა არა მარტო თვით ლიბანში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

კვირასვე გაეროს უშიშროების საბჭომ გამართა საგანგებო სხდომა, რომლის მონაწილეებმა მკაცრად დაგმეს ისრაელის სარაკეტო იერიში. აი, რა განაცხადა გაეროში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჟან-მარკ დე ლა საბლიერმა:

[ჟან-მარკ დე ლა საბლიერის ხმა] "გაეროს უშიშროების საბჭო უკიდურესად თავზარდაცემულია და ჰგმობს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ სამხრეთი ლიბანის ქალაქ ყანის საცხოვრებელი რაიონების დაბომბვის ფაქტს, რასაც მოჰყვა ათობით სამოქალაქო პირის, უმეტესწილად ბავშვების დაღუპვა, და მრავალი მოქალაქის დაშავება."

მაგრამ საბჭოს მიერ მიღებულ განცხადებაში ვერ იპოვით მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ, როგორც ამას გენერალური მდივანი კოფი ანანი მოითხოვდა. დოკუმენტის ტექსტში შესაბამისი მოწოდების შეტანის წინააღმდეგ შეერთებულმა შტატებმა გაილაშქრა.

ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კონდოლიზა რაისი, რომელმაც ისრაელში მოლაპარაკება გამართა ამ ქვეყნის ლიდერებთან, მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი. სამშობლოში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ჟურნალისტებთან საუბარში, მან განაცხადა:

[კონდოლიზა რაისის ხმა] "ვბრუნდები რა ვაშინგტონში, თან მიმყვება შეგძრნება მზარდი კონსენსუსისა იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, ჯერ ერთი, დაუყოვნებელი ზავის გასაფორმებლად და, მეორეც, პრობლემის ხანგძლივი პერსპექტივით მოსაგვარებლად. მჯერა, რომ ერთსაც და მეორესაც მიმდინარე კვირაში მივაღწევთ."

რაისის ამ განცხადებიდან ორიოდე საათიც არ იყო გასული, რომ ისრაელმა საერთაშორისო საზოგადოებას თავისი გეგმები გააცნო. თავდაცვის მინისტრმა ამირ პერეცმა, მიმართა რა ისრაელის პარლამენტს, განაცხადა, რომ დაუყოვნებელი ზავი "ჰისბოლაჰის" წისქვილზე დაასხამდა წყალს. ამიტომ ისრაელი "გააფართოებს და გააძლიერებს" თავის იერიშებს "ჰისბოლაჰის" პოზიციებზეო, თქვა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG