Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალის როლი ტრადიციულ რელიგიურ მოძღვრებებში“


საპატრიარქოს რელიგიათაშორისმა საკოორდინაციო ცენტრმა და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურულმა წარმომადგენლობამ თბილისში

საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლეს. „ქალის როლი ტრადიციულ რელიგიურ მოძღვრებებში“ - ამ სათაურით გამართულ ღონისძიებაში,საქართველოში არსებული კონფესიების წარმომადგენელთა გარდა, მონაწილეობა მიიღეს რელიგიურმა მოღვაწეებმა ირანიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. რამდენად ეხმარება რელიგიური ტრადიცია და რწმენა თანამედროვე ქალს იყოს აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მდედრობითი და მამრობითი სქესის მოქალაქეებს თანაბარი უფლებები აქვთ. ქალთა დისკრიმინაციას ასევე კრძალავს რელიგიურ მოძღვრებათა აბსოლუტური უმრავლესობა, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენში ქალთა მდგომარეობა მაინც სავალალოა. მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი, თუ „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარეს ნატო შავლაყაძეს ვერწმუნებით, ხმის ამოღებასაც კი ვერ ბედავს:

[ნატო შავლაყაძის ხმა] „ბავშვებს უწევს ანგარიშს, არ უნდა ოჯახი დაანგრიოს და ფიქრობს, თუკი ოდესმე ამ ნაბიჯს გადადგამს, ანუ ჩაიტარებს ექსპერტიზას და დაასაბუთებს, რომ მეუღლე მას გამუდმებით სცემდა, ამცირებდა, ავიწროებდა, სახლიდან აგდებდა, დაენგრევა ოჯახი. არადა, ქმარი მშობლების სახლშიც კი აკითხავს და იქაც კი აურზაურს უტეხს მეზობლებს და ამ ქალბატონის მშობლებს.“

უცნაურია, მაგრამ ქალთა დისკრიმინაციას ლოგიკურ ახსნას და გამართლებას თავად ქალბატონები უძებნიან:

[ქალბატონის ხმა] „ინტელექტის ნაკლებობას განიცდის, ალბათ, ორივე მხარე. როცა მოძალადე ჰყავს, ქალის ბრალიც არის. ორივე დამნაშავეა.“

[ქალბატონის ხმა] „საერთოდ, ნათქვამია, კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო. მამაკაცზე ბევრი რამაა დამოკიდებული. არ უნდა მიუშვა ცხენს ოჟები, თორემ ... ოჯახში თუ მამაკაცი მამაკაცობს, ასეთი ოჯახი ყოველთვის სამაგალითო იქნება.“(სტილი დაცულია)


სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილიც ამ ქალბატონივით ფიქრობს. არადა, როგორც ისტორიკოსი და წამყვანი თბილისში გამართული კონფერენციისა „ქალის როლი ტრადიციულ რელიგიურ მოძღვრებებში“, ზაზა აბაშიძე ამბობს, საქართველოს ისტორია საწინააღმდეგოს ამტკიცებს:

[ზაზა აბაშიძის ხმა] „ქალს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეები მაინც ისეთი პერიოდია, რომ ქალი უკანა პლანზე დგას (ასე იყო ევროპაშიც და აღმოსავლეთშიც), მოწინავე პოზიციები ეკავა. განსაკუთრებით დიდი გადატრიალება ქართველი კაცის აზროვნებასა და ქალისადმი დამოკიდებულებაში მოახდინა თამარ მეფის გამოსვლამ ასპარეზზე.“

კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დეკანოზი ბიძინა გუნიაც, ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ კრძალავს ქალის აქტიურობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე, უფრო პირიქით, მიესალმება:

[ბიძინა გუნიას ხმა] „მადლობა უფალს, რომ ხშირ შემთხვევაში წამყვან თანამდებობებზე ქალბატონები არიან, თუმცა მომავალში მათი ხვედრითი წილი უნდა გაიზარდოს და ეს მისასალმებელი იქნება. მსოფლიოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ ტრეფიკინგსა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. კონფესიებს და განსაკუთრებით მართლმადიდებელ ქრისტიანობას ძლიერი სიტყვის თქმა შეუძლია, რაც, თავის მხრივ, დადებითი თვალსაზრისით, დიდ გავლენას მოახდენს ამ პრობლემაზე.“

კონფერენციის მსვლელობისას ასევე ითქვა, რომ ქალები არაერთ ქვეყანაში განიცდიან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩაგვრის საფუძველი ტრადიციულ რელიგიურ მოძღვრებებში ძევს. მაგალითისათვის ერთ-ერთმა გამომსვლელმა მოიშველია ყურანი, რომელშიც ქალის უფლება-მოვალეობების შესახებ ასეთი რამ წერია: „ქალებს მოვალეობების შესაბამისი უფლებებიც აქვთ.“ და კიდევ - ყურანისავე თანახმად, მუჰამედ შუამავალი ბრძანებს: „მარტო კაცი კი არა, ქალიც ოჯახის მწყემსია.“ ქალის როლის შესახებ ასევე ილაპარაკა საქართველოს მთავარმა რაბინმა არიელ ლევინმა, რომლის თქმითაც, ქალის როლი იუდაიზმში განუსაზღვრელად დიდია:

[არიელ ლევინის ხმა] „იუდაიზმის თანახმად, არ შეიძლება ქალის გათხოვება მისი ნების საწინააღმდეგოდ. და საერთოდ, ყველა ის უფლება, რაც ქალებს იუდაიზმის მიხედვით აქვთ, არ არის შედეგი და მონაპოვარი გარკვეული ფემინისტური მოძრაობისა რელიგიური მოძღვრების წიაღში. ეს არის უფლებები, რომლებიც უძველეს დროშიც არსებობდა და რომლებიც ჩადებულია ჩვენს წმინდა წერილში.“

არიელ ლევინმა სიტყვის წარმოთქმისას მოიშველია თორა, რომლის მიხედვითაც, ღმერთმა კაცი და ქალი თავის ხატად შექმნა და, შესაბამისად, ორივე მათგანი თანაბარი უფლებებითაა აღჭურვილი. თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის დასრულების შემდეგ დაასკვნა, ამ მხრივ იუდაიზმი იშვიათი გამონაკლისი როდია:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა ყველა რელიგიაშია ჩადებული. სამწუხაროდ, ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ ბევრ ქვეყანაში ძირითადი ფასეულობები საუკუნეების განმავლობაში ირღვეოდა და ახლა მნიშვნელოვანია არა მარტო სახელმწიფო დონეზე, არამედ რელიგიური მოძღვრების დონეზე, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას აღნიშნული თანასწორობის შესახებ, რათა ქალები და მათი უფლებები დაცული იყოს სათანადოდ.“(სტილი დაცულია)









  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG