Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი პოლონეთში


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთს ეწვია.

ვარშავაში იგი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.

სააკაშვილი ვარშავაში სამშაბათს ჩავიდა. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი კი ოთხშაბათს გაიმართა.

თავისი პოლონელი კოლეგის, ლეხ კაჩინსკის გარდა სააკაშვილი შეხვდა პრემიერ-მინისტრ იაროსლავ კაჩინსკის, პოლონეთის სეიმის სპიკერ მარეკ იურკემსს, სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩსა და თავდაცვის მინისტრ რადოსლავ სიკორსკის.

ამ შეხვედრების მთავარი საკითხი იყო ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები.

სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ლეხ კაჩინსკის ნატოში ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

"ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ იმ როლისთვის, რომელიც პოლონეთმა ითამაშა და დღესაც თამაშობს უკრაინაში და მთელ რეგიონში. ასევე იმ დახმარებისთვის, რომელსაც პოლონეთი საქართველოს ნატოსთან დაახოლების პროცესში ავლენს," თქვა სააკაშვილმა.

ვიზიტის მსვლელობაში მხარეები შეეხნენ რუსეთთან ურთიერთობებს. ბრიფინგზე სააკაშვილმა განაცხადა:

[სააკაშვილის ხმა] "მე მიმაჩნია, რომ ჩვენ გვინდა ნატოში იმიტომაც, რომ რუსეთს აქვს მშვენიერი ურთიერთობა ნატოს ბევრ წევრ ქვეყანასთან... ამიტომ, როგორც კი ვიქნებით ნატოში, ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან გავა ახალ, მშვენიერ, ნათელ და უფრო შეუქცევადად დამთბარ მეგობრულ ეტაპზე. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ეს არის წლების თემა, მაგრამ ჩვენ ყველამ გავიარეთ ეს გზა."

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტის დროსაც ისაუბრა კოდორის ხეობაში განხორციელებული ანტიკრიმინალური ოპერაციის შესახებ.

[სააკაშვილის ხმა] "საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ძალიან ეფექტური ქვეყანა. ჩვენ 24 საათში ძირითად ოპერაციას მოვრჩით და მინიმალურ მსხვერპლად განვაიარაღეთ და გავანეიტრალეთ ეს შეიარაღებული კერა. ე.ი. ეს არის სულ სხვა ქვეყანა. ჩვენ უკვე შეგვიძლია ძალიან ეფექტური, სწრაფი ოპერაციების განხორციელება."
XS
SM
MD
LG