Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 აგვისტოს გამომავალი ქართული პერიოდული პრესა, ძირითადად, ისეთ თემებს დასტრიალებს


2 აგვისტოს გამომავალი ქართული პერიოდული პრესა, ძირითადად, ისეთ თემებს დასტრიალებს თავს, როგორიცაა: საქართველოს სეპარატისტული რეგიონების

გამოხმაურება კოდორის ხეობის მოვლენებზე, რუსეთის არანეიტრალური ქმედებები, მმართველი პარტიისა და მისი ოპონენტი საზოგადოებრივ–პოლიტიკური ორგანიზაციების პოზიციათა პოლარიზების ტენდენციები და სხვ. რამდენიმე პუბლიკაციაზე შევჩერდეთ. არის თუ არა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისთვის იარაღის დაყრისაკენ მოწოდება სამშობლოს ღალატის ტოლფასი და, საერთოდ, რამდენად კანონიერია სპეცოპერაციის მიმდინარეობისას რაიმე სახის მოწოდებების გაკეთება? ამის განმარტება გაზეთმა “რეზონანსმა” იურისტებს სთხოვა. იურისტები კი, გაზეთის ცნობით, ერთხმად აცხადებენ, რომ ეს ქართულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. უფრო მეტიც, ასეთი მოწოდებები, “რეზონანსის” თანახმად, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს, როდესაც პრეზიდენტი ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში საგანგებო ვითარებას გამოაცხადებს. აი, რას ამბობს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა დოლიძე “რეზონანსთან” საუბარში: „ უკანონო ბრძანების გაცემა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მას, ვისაც აქვს ამ ბრძანების გაცემის უფლება. დანარჩენმა რიგითმა პოლიტიკოსებმა ან გამოჩენილმა სახეებმა თუ გააკეთეს ისეთი მოწოდება, რომელიც არ გულისხმობს ხელისუფლების ძალადობრივი გზით გადაყენებას ან ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ეს კანონის ფარგლებში ჯდება. განცხადებები, რომელთაც არავითარი მატერიალური შედეგი არ მოჰყვება, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არა აქვთ ბრძანების გაცემის უფლება, ბუნებრივია, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება,“– ამბობს ანა დოლიძე გაზეთ “რეზონანსში” დაბეჭდილ პუბლიკაციაში, სათაურით “იურიდიული თვალსაზრისით, ოპოზიციის მოწოდებები დანაშაულად არ ითვლება.“
თუკი რუსეთი თავის აგრესიულ პოლიტიკას კვლავაც განაგრძობს, ჩვენ, თურქეთის ლაზები, მაყურებლის როლში არ დავრჩებით. ასეთი განცხადება, როგორც გაზეთი “რეზონანსი” იუწყება, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ლაზური კულტურისა და ენის დაცვის კავშირ „ლაზებურას“ პრეზიდენტმა, მუსტაფა გიბაროღლუმ, გააკეთა და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკა გააკრიტიკა. გაზეთი “რეზონანსი”, ექსპერტულ გამოკითხვაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ლაზების ამ განცხადებას, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში თურქეთის გააქტიურებაც კი მოჰყვეს.
გაზეთი “ახალი ვერსია” კი 2 აგვისტოს გამოშვებაში სვამს ასეთი შინაარსის რიტორიკულ შეკითხვას: ომი უფრო ძვირი ჯდება თუ მშვიდობა, ანუ რა თანხას მოხსნიან ძალოვანები წარმატებული სპეცოპერაციისათვის? - გაზეთთან საუბარში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია და სპეცოპერაციისათვის გაწეული ხარჯების კალკულაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს, დაახლოებით, აგვისტოს დასასრულისთვის ან სექტემბერში, მას შემდეგ, რაც სპეცოპერაცია საბოლოოდ დასრულდება. გაზეთი ცდილობს ასევე დაზუსტებით გაარკვიოს, რა როლი შეასრულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციაში. გივი თარგამაძე განმარტავს, რომ ოქრუაშვილი მერაბიშვილს ინტელექტუალურ და ლოგისტიკურ დახმარებას უწევდა.
გაზეთ “24 საათის” 2 აგვისტოს ნომრის მოწინავე სტატია რუსეთის მიერ აგრესიული სეპარატიზმის წახალისების თემას შეეხება. პუბლიკაციაში კი, ძირითადად, იმაზეა საუბარი, თუ რა გამოსავალს ხედავს შექმნილი ვითარებიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს განცხადების თანახმად, სამშვიდობო მოლაპარაკებათა უკვე არსებულმა ფორმატებმა თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს, ვინაიდან რუსეთი, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, რეალურად კონფლიქტის მხარე უფროა, ვიდრე მედიატორი. ამგვარ ვითარებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, გამოსავალი კონფლიქტის მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვაა, იუწყება გაზეთი “24 საათი”.
XS
SM
MD
LG