Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიში: საქართველოს დადებითად აფასებენ


რამდენად მყარი, გნებავთ - რამდენად სუსტია დემოკრატია საქართველოში? ამის შესახებ, როგორც ცნობილია, სხვადასხვაგვარი მოსაზრება არსებობს საქართველოშიც და უცხოეთშიც.

დღეს გაგაცნობთ, როგორ აფასებს დემოკრატიის ხარისხს ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, აშშ-ში დაფუძნებული “ფრიდომ ჰაუსი”, რომელმაც დღეს გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება 30-მდე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებ. ანგარიშის სახელწოდებაა “ქვეყნები გზაგასაყარზე”.

ანგარიში მოიცავს იმ სამუშაოს შედეგებს, რომელიც ფრიდომ ჰაუსმა 30-მდე ქვეყანაში 2004 წლის ნოემბრიდან ერთი წლის მანძილზე აწარმოა: კერძოდ, შეაფასა ვითარება დემოკრატიული მმართველობის საკვანძო კომპონენტების მიხედვით, როგორიცაა მთავრობის ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ქება დაიმსახურეს საქართველომ და უკრაინამ, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რეფორმებისადმი ერთგულებისა და მათი განხორციელებისაკენ მიმართული ძალისხმევისთვის. უარყოფით კონტექსტში კი აზერბაიჯანს და ყაზახეთს მოიხსენიებენ.

რასაკვირველია, “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიში მარტო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს არ ეხება (ამაზე გაანალიზებული ქვეყნის რიცხვიც მოწმობს - 30), მაგრამ, რახან არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა, ყურადღებას გავამახვილებთ - ბუნებრივია საქართველოს გარდა- საქართველოს ზოგ მეზობელზე, თუ მასთან არც თუ შორეული საბჭოთა ისტორიით დაკავშირებულ ქვეყნებზე.

[კრის უოკერის ხმა] “ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კავკასიაში დავინახეთ, არის ის, რომ მისი ყველა ქვეყნის პრობლემაა სუსტი ინსტიტუტები, ძველი სისტემისაგან შემორჩენილი მემკვიდრეობა და მისი თანმხლები კორუფცია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ყველაზე უფრო ენერგიულ ზომებს ამ დიდი პრობლემების წინააღმდეგ დადებითი შედეგების მისაღწევად”, -
განმარტავს “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის ავტორთაგანი კრის უოკერი.

მეორე მხრივ, ის უარყოფით კონტექსტში ასახელებს აზერბაიჯანს - ქვეყანას, რომელიც საბჭოთა პერიოდის მმართველობის მახასიათებლებს ინარჩუნებს და სტრუქტურები აქვს ისეთი, რომ არ უწყობს ხელს საზოგადოების წინაშე ხელისუფალთა ანგარიშვალდებულებას. [კრის უოკერის ხმა] “აზერბაიჯანი მართლაც საკვანძო მნიშვნელობის ეტაპზე დგას, რადგან ენერგეტიკის სფეროდან დიდ სიმდიდრეს მოელის. და საკითხავია, არის თუ არა მისი ინსტიტუტები ისე მოწყობილი, რომ შესაძლებელი გახადოს მზარდი შემოსავლების გამოყენება ფართო საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ”.

სანამ კავკასიას დავშორდებოდეთ, უნდა ითქვას, რომ “ფრიდომ ჰაუსი” აზერბაიჯანს “არათავისუფალ” ქვეყნებს მიაკუთვნებს, საქართველოს კი “ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყნებს. ახლა კი შუა აზიაზე - რეგიონზე, რომელშიც, როგორც ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში კრის უოკერმა აღნიშნა, დემოკრატიის ხარისხის მხრივ, ჭრელი სურათია.

ყირგიზეთს, “ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, გაუმჯობესება დაეტყო 2005 წლის გაზაფხულის “ტიტების რევოლუციის” შემდეგ.

[კრის უოკერის ხმა] “ჩვენს გამოკვლევაში გაანალიზებულია ძალიან დამაიმედებელი ნიშნები, რომლებიც ხელისუფლების სათავეში მომხდარ ცვლილებას, გაზაფხულის მოვლენების შემდეგ გამართულ არჩევნებს, პრესისადმი ლიბერალური დამოკიდებულების ჩასახვას ახლდა“. მაგრამ ეს დამაიმედებელი ნიშნები დროთა განმავლობაში სულ უფრო ძნელი შესამჩნევია ბიშკეკში, ამბობს “ფრიდომ ჰაუსის” წარმომადგენელი.

კიდევ უფრო უარყოფითად აფასებენ ვითარებას ყაზახეთში, რომელიც, უოკერის განმარტებით, საუცხოო ეკონომიკური მაჩვენებლებითა და დემოკრატიულობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა.

დაბოლოს, “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშისთვის შესწავლილი კიდევ ერთი ქვეყნის - უკრაინის შესახებ. უოკერი აღიარებს, რომ ხანგრძლივმა პოლიტიკურმა კრიზისმა, წლევანდელი მარტის საპარლამენტო არჩევნებს რომ მოჰყვა, ქვეყანა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მაგრამ გაანალიზებულ პერიოდში მაინც აშკარა იყო ძალისხმევა, მიმართული კორუფციასთან ბრძოლისაკენ, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისაკენ. [კრის უოკერის ხმა] “უკრაინაში ვითარების გაანალიზებამ ცხადჰყო, რომ რეფორმისაკენ მიმართული ძალისხმევა - საკმაოდ ხანგრლივი პროცესი იქნება. მმართველობის საკვანძო მნიშვნელობის სფეროებში ხან ორი ნაბიჯით წინ წაიწევენ, ხან ერთი ნაბიჯით უკან დახევა მოუწევთ. მაგრამ რაც შეეხება მათს ძალისხმევას, ჩვენს მიერ გაანალიზებულ პერიოდში აშკარა გაუმჯობესება შევნიშნეთ”.
XS
SM
MD
LG