Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზურ და ქართულ-რუსულ მოლაპარაკებათა პერსპექტივები


კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო კიდევ უფრო დაიძაბა საქართველო-რუსეთის ისედაც რთული ურთიერთობა. ოფიციალური მოსკოვი და თბილისი

ერთმანეთს საგარეო საქმეთა სამინისტროების მკაცრი განცხადებებით ელაპარაკებიან. ამ დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის მთავარი მიზეზი კი ქართულ-აფხაზური კონფლიქტია, რომლის დასარეგულირებლად შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, 2 აგვისტოს სოხუმში რომ უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. რა გახდა ამის მიზეზი და, სართოდ, რა პერსპექტივები აქვს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს?

კოდორის ხეობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიციური ოპერაცია ოფიციალურმა მოსკოვმა პროვოკაციად შეაფასა. რუსეთი საქართველოს 1994 წელს მოსკოვში ხელმოწერილი იმ დოკუმენტის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვითაც ქართული და აფხაზური მხარეები კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისა და შეიარაღებული ძალების დაშორიშორების შესახებ შეთანხმდნენ. ქართული მხარე ასევე დადანაშაულებულია საკოორდინაციო საბჭოს 2 აგვისტოს სოხუმის შეხვედრის ჩაშლაში. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში უფრო მეტიც წერია:

”ჩვენ ვეთანხმებით აფხაზური მხარის აზრს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მოქმედებამ კოდორის ხეობაში და მისმა სამომავლო გეგმებმა შეიძლება ბიძგი მისცეს სიტუაციის საშიში სცენარით განვითარებას, დაძაბულობის ხელახალ ესკალაციას და კონფროტაციას.”
აფხაზური მხარის აზრი კი, რომელსაც ოფიციალური მოსკოვიც ეთანხმება, გამოხატულია სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას მიერ რუსეთის ”პირველ არხზე” გაკეთებულ კომენტარში:
[სერგეი შამბას ხმა] ”არავითარ შემთხვევაში მისაღები არ არის ჩვენს ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ”დევნილი მთავრობისა” და მისი სტრუქტურების არსებობა. და ჩვენ ყოველნაირად წინ აღვუდგებით ამას - რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიპლომატიური მეთოდებით, მაგრამ თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალა.”
ამასთან ერთად, როგორც აფხაზური მხარე, ასევე რუსეთი კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებული ნაწილების გაყვანასა და ხეობის მონიტორინგს მოითხოვს. ამ ყველაფერზე ოფიციალური თბილისის პასუხი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ასახული. მასში რუსეთი სეპარატისტული ხელისუფლების მხარდაჭერაში, ძალით მუქარასა და 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევაშია დადანაშაულებული. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებმა ვალდებულება აიღეს «უარი თქვან ძალის გამოყენებასა თუ ერთმანეთის წინააღმდეგ მისი გამოყენების მუქარაზე»:
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კოდორის ხეობაში მიმდინარეობს საპოლიციო ანტიკრიმინალური ოპერაცია, რომლის აქტიური ფაზა უკვე დამთავრებულია. ამავე დროს, იმ საკითხის გადაწყვეტა, თუ კანონიერი ხელისუფლების რა სტრუქტურები განლაგდება კოდორის ხეობაში, საქართველოს შიდა საქმეა და ქვეყნის მთავრობა იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს აფხაზეთის ამ ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია აქვთ აფხაზეთის სეპარატისტულ მმართველებსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს.”
იმის გასარკვევად, ნიშნავს თუ არა ეს აფხაზეთის საკითხებზე რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარის თქმას, საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდი. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნინო ქაჯაიამ მიპასუხა, კომენტარებისგან თავს იკავებენ და განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი, რისი თქმაც ამ ეტაპზე საგარეო უწყებას უნდოდაო. კოდორის მოვლენების ფონზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა პერსპექტივების შესახებ კომენტარი ვთხოვე პოლიტოლოგ გია ნოდიას.
[გია ნოდიას ხმა] ”ცხადია, რომ ეს მოლაპარაკებები აუცილებელია, მაგრამ, ამავე დროს, ცხადია ისიც, რომ თუ რუსეთი არ შეეგუა რაღაც შეცვლილ რეალობებს, მაშინ მოლაპარაკებები შეიძლება იყოს მხოლოდ მოლაპარაკებებისთვის...”
გია ნოდია დაასკვნის, რომ როგორც სოხუმს, ასევე მოსკოვს ძალიან მცირე სამართლებრივი საფუძველი აქვთ საკითხის გასამწვავებლად და ადრე თუ გვიან მხარეები, ახალი რეალობის გათვალისწინებით, მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებიან.
XS
SM
MD
LG