Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე მუშაობს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ანტინარკოტიკულ პოლიტიკასთან

დაკავშირებით. სავარაუდოდ, ნარკომანიასთან ბრძოლისა და პრევენციის სახელმწიფო პროგრამა პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება დასამტკიცებლად - ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა, რომლის ცნობითაც, ამ ეტაპზე ნარკომანიასთან ბრძოლის სხვადასხვა სტრატეგიისა და პროგრამის შეჯერება ხდება. ერთს კი ყველა აღიარებს - ნარკომანია საქართველოში სერიოზულ პრობლემად იქცა.

საქართველოში არა მხოლოდ ნარკომანთა რაოდენობა გაიზარდა, არამედ ნარკომანთა ასაკიც გაახალგაზრდავდა - ასეთ შემაშფოთებელ განცხადებას აკეთებს ნარკოლოგი თამარ სირბილაძე, რომელიც ანტინარკოტიკული პოლიტიკის შემმუშავებელი საბჭოს თავმჯდომარეა:

[ თამარ სირბილაძის ხმა] ” ჩვენმა ორგანიზაციამ და ნარკოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა ნარკოტიკის მომხმარებელთა შორის და აღმოჩნდა, რომ 2002-2004 წლების მონაცემები ერთმანეთს რომ შევადაროთ, ნარკოტიკის პირველი მოხმარების საშუალო ასაკი 2 წლით გაახალგაზრდავდა. ქალებსა და გოგონებშიც ძალიან მოიმატა ნარკოტიკების მოხმარებამ.”


ექსპერტებისა და სპეციალისტების განმარტებით, ნარკომანია სოციალური მოვლენაა. შესაბამისად, გაუარესებული სოციალური პირობები ნარკომანიის გავრცელებისთვის კარგ ნიადაგს ქმნის. თამარ სირბილაძე კიდევ ერთ ფაქტორზე საუბრობს - მისი აზრით, საქართველოში ნარკოტიკები ხელმისაწვდომი გახდა:

[ თამარ სირბილაძის ხმა] ” მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვია სუბოტექსის დიდი რაოდენობით შემოსვლამ ქვეყანაში. ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი გახდა ნარკოტიკი. აქედან გამომდინარე, არის ზრდა. დღესდღეობით ყველაზე მეტად გავრცელებული ინექციური ნარკოტიკი - ეს გახლავთ სუბოტექსი. მეორე ადგილზეა ჰეროინი. ახალგაზრდებში, რა თქმა უნდა, მარიხუანა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თავად ახალგაზრდებს აქვთ არაადეკვატური დამოკიდებულება მარიხუანას მიმართ - ნარკოტიკად არ თვლიან. იმას აღიარებენ, რომ თამბაქო იწვევს მიჩვევას, მარიხუანაზე კი ამბობენ, რომ მიჩვევას არ იწვევს.”

სახელმწიფო პროგრამა, გარკვეულწილად, ნარკომანთა მკურნალობის პრობლემის მოგვარებას შეეცდება. დღეს ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხია - სახელმწიფოს ხარჯზე ნარკომანთა მკურნალობა აღარ ხდება, კერძო კლინიკები კი საკმაოდ ძვირია. თამარ სირბილაძე ამბობს, რომ ნარკომანის მკურნალობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პერიოდია:
[ თამარ სირბილაძის ხმა] ”მკურნალობას რაც შეეხება, ეს საკმაოდ ხანგძლივი პროცესია. პირველი ეტაპი, რასაც ”ლომკის” მოხსნას ეძახიან, ანუ დეტოქსიკაციის ეტაპი, ყველაზე ხანმოკლეა. ამ დროს იხსნება ფიზიკური დამოკიდებულება. მერე იწყება ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მოხსნის ყველაზე უფრო რთული ეტაპი. დღეს საქართველოში არ არსებობს სარეაბილიტაციო პროგრამები და ცენტრები, სადაც ეს ადამიანი შეიძლება მივიდეს, რომ ამ პერიოდის გავლა გაუადვილდეს. კლინიკაში რამდენი ხანი შეიძლება დარჩეს? გადის ისევ იმ გარემოში, საიდანაც მოვიდა. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელი, თუკი იქნება ძალისხმევა და სურვილი.”
XS
SM
MD
LG