Accessibility links

logo-print

ქართული პრესა კვლავაც ცდილობს ექსპერტთა დახმარებით გააანალიზოს კოდორის სპეცოპერაციის მოსალოდნელი


ქართული პრესა კვლავაც ცდილობს ექსპერტთა დახმარებით გააანალიზოს კოდორის სპეცოპერაციის მოსალოდნელი შედეგები. თქვენს ყურადღებას რამდენიმე პუბლიკაციაზე შევაჩერებ.


გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს პოლიტიკის კვლევის ცენტრის – “ჯეიმსტაუნის ფონდის” - უფროსი მკვლევრის ვლადიმირ სოკორის წერილს, სათაურით “საქართველო კოდორის ხეობაში პოლიტიკური და სამხედრო ოსტატობის დემონსტრირებას ახდენს”. სოკორი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების თბილისიდან კოდორის ხეობაში გადაყვანა “შეიცავს მძლავრ პოლიტიკურ სიგნალს, რომ საქართველომ გადაწყვიტა პოლიტიკური პროცესების საშუალებით მთლიანად შეცვალოს ომის შედეგები.” სოკორი აგრეთვე წერს: “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არავითარი სამხედრო მოქმედებების დაწყება არ სურს, რუსეთის სამხედრო დაზვერვამ თავისი გამოცდილება, შესაძლოა, შეტაკებების პროვოცირებისთვის გამოიყენოს, რათა საქართველოს დისკრედიტაცია მოახდინოს.”

“რეზონანსშივე” ნახავთ ინტერვიუს მომავალი ადგილობრივი არჩევნების შესახებ. ოპოზიციონერი პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი “რეზონანსის” კორესპონდენტს ეუბნება, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულან, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები და მის შედეგებს საზოგადოება ერთ კვირაში შეიტყობს.

“ახალი თაობა” კოდორის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ინტერვიუს აქვეყნებს. პარლამენტის წევრი, რესპუბლიკელი თემურ ნერგაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ყველაფერზე ერთი აზრი არა აქვთ, თუმცა კოდორში მომხდარზე საერთო აზრი ჰქონდათ: “მივედით დასკვნამდე, რომ იქ განვითარებული მოვლენები ხელისუფლების უგუნურების შედეგია. თუმცა, ოპერაციის მინიმალური მსხვერპლით დასრულების გამო მადლობას ვუხდით ორივე მხარეს. ახლა ხელებდაკაპიწებული მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ მან აქამდე არ მოაგვარა პრობლემები კოდორის ხეობაში.”

გაზეთი “ხვალინდელი დღე” კოდორის მოვლენების იურიდიულ შეფასებას ცდილობს. ზაქარია ქუცნაშვილი, ხელმძღვანელი ასოციაციისა “კანონი ხალხისათვის”, კორესპონდენტთან საუბრისას განმარტავს, რომ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ექნებოდა ხელისუფლებას ისეთი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა, როგორიც არის გადაადგილების თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. “ხელისუფლებამ რეალურად საგანგებო მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ნორმებით იმოქმედა. მოქალაქეებს ყველა უფლება შეუზღუდეს, მაგრამ სამართლებრივად ეს მდგომარეობა არ გააფორმეს,” - აცხადებს ქუცნაშვილი და დასძენს, რომ კოდორის ოპერაცია პოლიციურ ოპერაციად შეფასდა იმის გამო, რომ ფორმალურად კანონის დარღვევა არ დაფიქსირებულიყო.

კოდორში შექმნილ ვითარებას აანალიზებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელიც “ალიასთან” ინტერვიუში ამბობს: “თუ ჩვენმა ძალოვნებმა იქ წესრიგის აღდგენა შეძლეს, ეს, მართლაც, დიდი წარმატება იქნება. მთავარია, რაც შეიძლება მალე გადავიდეს იქ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა და მასთან ერთად მისი სტრუქტურებიც.... თუ ამ წარმატების განმტკიცება მოხერხდა, მართლაც შეგვეძლება ვთქვათ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი ახალ ფაზაში შევიდა. რამდენად გაართმევს ამას თავს ჩვენი ხელისუფლება, შემოდგომით, ზამთრის პირას ვნახავთ.”
XS
SM
MD
LG