Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის მორიგი ესკალაცია ისრაელისა და ''ჰიზბოლაჰის'' დაპირისპირებაში


ისრაელმა გაზარდა ლიბანში სამხედრო ოპერაციის მასშტაბი: საბრძოლო თვითმრინავებმა ბეირუთის ჩრდილო და სამხრეთი უბნები დაბომბეს,

ხოლო სახმელეთო ჯარები საზღვრის მახლობლად "ჰიზბოლაჰის" მებრძოლებთან შეტაკებაში ჩაერთნენ.

პარასკევს ისრაელის თვითმფრინავებმა 100-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს სამხრეთ ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანზე. გარდა ამისა, საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს საზღვრის მიმდებარე რეგიონს, რომლის კონტროლისთვისაც ისრაელისა და "ჰიზბოლაჰის" შენაერთები იბრძვიან. არის მსხვერპლი. ჩრდილოეთ ბეირუთში, ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა რამდენიმე ხიდი დაანგრიეს.

ეს მასშტაბური იერიში მოჰყვა ხუთშაბათს ისრაელის მხარეზე 8 ჯარისკაცის და 4 სამოქალაქო პირი დაღუპვას მას შემდეგ, რაც "ჰიზბოლაჰმა" ისრაელს, 100-ზე მეტი რაკეტა დაუშინა. დღეისთვის სწორედ 3 აგვისტო ითვლება ისრაელისთვის ყველაზე უფრო დიდდანაკარგიან დღედ მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ იფეთქა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ “ჰიზბოლაჰის” მიერ ისრაელის ორი ჯარისკაცის გატაცების მიზეზით.

[ისრაელის ერთ-ერთი ჯარისკაცის ხმა] “რას წარმოვიდგენდით, რომ ყველაფერი ამდენი ხანი გაგრძელდებოდა! მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო დიდხანს გასტანს, ვიდრე ჩვენ გვეგონა. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე დამთავრდება”, - ეს იმედი, დღეს საინფორმაციო სააგენტო "რეიტერის" კორესპონდენტთან საუბარში გამოთქვა ისრაელის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა სამხრეთ ლიბანში. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მისი იმედი კარგა ხანი იმედადვე დარჩება და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ჰიზბოლაჰის" ლიდერმა ჰასან ნასრალამ ისრაელს გარიგება შესთავაზა:

[ნასრალას ხმა] “ნებისმიერ მომენტში, როცა თქვენ გადაწყვეტთ ჩვენს ქალაქებზე, სოფლებზე, სამოქალაქო პირებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას, აღარ ვესვრით რაკეტებს ისრაელის დასახლებებსა და ქალაქებს”. ამ მიმართვით, ნასრალა "ჰიზბოლაჰის" ტელევიზია "ალ-მანარში" გამოვიდა, და იქვე დაიმუქრა საპასუხო ნაბიჯით, თუ ისრაელი ბეირუთზე იერიშს განავრცობს.

[ნასრალას ხმა] “თუ თქვენ დაბომბავთ ჩვენს დედაქალაქს, ჩვენ დავბომბავთ თქვენი სახელმწიფოს დედაქალაქს. თუ დარტყმას განახორციელებთ ბეირუთზე, ისლამური წინააღმდეგობა დარტყმას განახორციელებს თელ-ავივზე. და ამას ღვთის წყალობით შევძლებთ”.

მაგრამ "ჰიზბოლაჰის" ლიდერის ამ მუქარას, როგორც ჩანს, ისრაელზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია: მისი მიზანია, როგორც ცნობილია, სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა "ჰიზბოლაჰისგან". და მიზანს ისრაელმა ნაწილობრივ უკვე მიაღწია: როგორც ის აცხადებს, შექმნილია ბუფერული ზონა, რომელიც 20 სოფელს მოიცავს - დაახლოებით 7-კილომეტრიანი ზონა, რომელიც, ისრაელის არმიის გეგმით, 15 კილომეტრამდე უნდა გავრცელდეს, თუ ამ გეგმას ისრაელის მთავრობაც მიემხრო.

ამასობაში გრძელდება კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური ძალისხმევაც: გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს ლიბანში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობას. სავარაუდოდ, საბჭოს წევრები შეეცდებიან შეთანხმებას რეზოლუციაზე, რომელშიც ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG