Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესა ყურადღებას სეპარატისტულ კონფლიქტებზე ამახვილებს


გაზეთ "რეზონანსის" 4 აგვისტოს ნომრის მოწინავე სტატიის სათაურია "ცხინვალი პროვოკაციებისთვის საბაბს ეძებს".

სტატიის თანახმად, შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ცხინვალის ხელისუფლებას ბორის ჩოჩიევის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაწვენას ურჩევს. ამის მიზეზი კი ოთხშაბათს მის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ წაყენებული ულტიმატუმია: თუ ცხინვალის რეგიონის ამა და ამ სოფლების მოსახლეობის ჰუმანიტარულ პრობლემებს 24 საათში არ მოაგვარებთ, დე ფაქტო რესპუბლიკა ადეკვატურ ზომებს მიიღებსო. ოსი ჩინოვნიკის ინფორმაციით, ღრომში, არცევში, ბიკარსა და სხვა სოფლებში, გზების გადაკეტვის გამო, ავტობუსებს შესვლის საშუალება არ ეძლევათ. გაზეთ “რეზონანსის” ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს რეგიონში ქართული საგუშაგოების გავლისას არანაირი პრობლემები არ ექმნებათ. „ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა მგზავრებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პრობლემა აღარ იქნება,“ განუცხადა “რეზონანსს” შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გელა ზოზიაშვილმა. სწორედ მას ეკუთვნის რჩევა ოსი მინისტრის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების შესახებ.

კიდევ ერთი აქტუალური პოლიტიკური თემა, რომელიც სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებებისგან პროვოკაციათა საბაბის ხელოვნურად შექმნის საკითხს უკავშირდება, კოდორის ხეობის მომავლის გამოკვეთის მცდელობაა. თემა განსჯისათვის გაზეთმა ასე ჩამოაყალიბა: „ რა მოხდება, თუკი აფხაზები კოდორს შეუტევენ.“ თუკი კოდორის ხეობაში მიმდინარე ოპერაციის პირველ დღეებში კეთდებოდა განცხადებები, რომ ქართული მხარე კოდორის ხეობიდან აფხაზეთზე თავდასხმას გეგმავდა, ბოლო დროს სოხუმში უკვე იმაზე საუბრობენ, რომ ამ ტერიტორიასაც აფხაზური მხარე უნდა აკონტროლებდეს,“ -ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც, ძირითადად, ექსპერტთა მოსაზრებების ერთობლიობას წარმოადგენს. ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კოდორის ხეობაზე შეტევა აფხაზეთის ინტერესებში არ შედის, რომ აფხაზებმა, შესაძლოა, გალის რაიონისთვის იბრძოლონ, მაგრამ ხეობის გამო არ იბრძოლებენ. კიდევ ერთ გარემოებაზე მიუთითებს სამხედრო ექსპერტი შალვა თადუმაძე: „ ხეობას თავისი სამხედრო სპეციფიკა აქვს და, შესაბამისად, ყველაფერი ისე მარტივად არ იქნება, როგორც მათ ჰგონიათ. მით უმეტეს, რომ დღეს შეიარაღებულ ძალებს ნამდვილად არ შესწევთ იმის შესაძლებლობა, რომ მოწინააღმდეგეს შედეგიანი წინააღმდეგობა გაუწიონ. შესაბამისად, მცდელობა შეიძლება იყოს, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებელი იქნება.“

“რეზონანსის” 4 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა პუბლიკაცია ბედნიერი ერების რეიტინგის შესახებ. ბედნიერების ინდექსით, საქართველო 178 სახელმწიფოს შორის
ბოლოდან მეათე აღმოჩნდა და მხოლოდ 169–ე პოზიცია დაიკავა. გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე, ქვეყანაში სამომხმარებლო კალათისა თუ მინიმალური ხელფასის სტანდარტის მიხედვით, საქართველოს რეიტინგს მართებულად მიიჩნევს. მით უფრო, რომ, კვლევის თანახმად, ისეთ განვითარებულ ქვეყანას, როგორიც იაპონიაა, მხოლოდ 90–ე ადგილი ერგო. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ყველაზე ბედნიერად, როგორც ირკვევა, თავს ყირგიზეთის მოქალაქეები გრძნობენ, ყველაზე უბედურად კი - მოლდოველები. კვლევა, რომლის შედეგები “რეზონანსის” დღევანდელ ფურცლებზეც აისახა, ბრიტანელმა სოციოლოგმა, ლესტერის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ენდრიუ უაითმა ჩაატარა.

გაზეთი “ახალი ვერსია” კი თავისი ფურცლებზე დღეს მნიშვნელოვან ადგილს პრეზიდენტის კარზე მიმდინარე ინტრიგებს უთმობს: ლომაია, ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი – საით გადაწონის სასწორის პინა? - კითხულობს გაზეთი და სავარაუდო პასუხს ასეთი აქცენტებით იძლევა: წინასწარ შემუშავებული სცენარები პრეზიდენტთან არ ამართლებს, ამიტომ ფაქიზი და დახვეწილი ინტრიგებით პრეზიდენტის კარი არ გამოირჩევა. აქ უფრო მკვეთრად გამოხატული ამბიციები იგრძნობა. პრემიერ–მინისტრის ფიგურა საქართველოში, პოლიტიკური თვალსაზრისით, იმდენად უმნიშვნელო გახდა, რომ მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც კი აჭარბებს; ოქრუაშვილის როლი ისე ვერ გამოჩნდა კოდორის სპეცოპერაციაში, როგორც ეს მას და მის თანამოაზრეებს სურდათ; პრეზიდენტი უფრო ისეთ ერთგულ, უამბიციო და ნაკლებად ინტელექტუალურ ფიგურებზე აკეთებს გათვლას, როგორიც ვანო მერაბიშვილია. რაც შეეხება პოლიტიკურ წონას, კახა ლომაია დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ყალიბდება." – ასეთია “ახალ ვერსიაში” გამოქვეყნებული პუბლიკაციის აქცენტები თემაზე, საით გადაწონის სასწორის პინა.
XS
SM
MD
LG