Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში?


უკრაინაში პრემიერ-მინისტრად პრორუსული ძალის -რეგიონების პარტიის - ლიდერის ვიქტორ იანუკოვიჩის დანიშვნას ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტებიც ეხმიანებიან.

როგორ აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნარინჯისფერი რევოლუციის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგის მთავრობის მეთაურად დანიშვნა და ხომ არ ემუქრება, კიევში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, საფრთხე უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას?

ჯერ იყო ვარდების რევოლუცია საქართველოში, მოგვიანებით კი - უფრო მასშტაბური ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში. საქართველოშიც და უკრაინაშიც ხალხმა, დემოკრატიული არჩევნების გზით, პროდასავლური ხელისუფლება აირჩია და ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორიც ერთი მიმართულებით - დასავლეთისა და ჩრდილოატლანტიკური ბლოკისკენ - შეტრიალდა. თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის - მკვეთრად გამოკვეთილი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსის -პრემიერმინისტრობამ უკრაინის საგარეო პოლიტიკას ღრმა კვალი არ დაამჩნიოს. „ქართველი და უკრაინელი ხალხების ურთიერთობას არაფერი ემუქრება“, დარწმუნებულია სალომე ზურაბიშვილი, თუმცა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იქვე სულ სხვა სახის საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] "ეს ცუდი არის საქართველოსთვის სხვა მხრიდან. რუსეთი შექმნილი ვითარებიდან სხვა დასკვნას გააკეთებს, რომ ეს რევოლუციები შექცევადია და რომ მცირედი დახმარებით შეიძლება პროცესი შეაბრუნო. ამიტომ დღეისათვის საქართველოს მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ყველანაირად დავუმტკიცოთ საკუთარ ხალხს, რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენთან ეს პროცესი შეუქცევადია." (სტილი დაცულია)

საიდუმლო არ არის, რომ რუსეთს ყოველთვის აღიზიანებდა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების სწრაფვა დასავლეთისკენ. ორიოდე თვის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას გვერდი ვერ აუარა ნატოში საქართველოსა და უკრაინის მოსალოდნელ გაწევრიანებას:

[სერგეი ლავროვის ხმა] "ისეთი ქვეყნების მიერთება ნატოსთან, როგორიცაა უკრაინა ან საქართველო, რა თქმა უნდა, გამოიწვევს კოლოსალურ გეოპოლიტიკურ ძვრებს. ამიტომაც, ჩვენ ვახდენთ ყველა შესაძლო შედეგის გათვლას, პირველ რიგში, რუსეთის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე."

არც იმის დავიწყება ეგების, რომ რუსეთის ხელისუფლება 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქმედით დახმარებას სწორედ რომ ვიქტორ იანუკოვიჩს უწევდა. ამ უკანასკნელის წინასაარჩევნო რიტორიკაც არა დასავლეთთან, არამედ რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების მშენებლობაზე იყო აგებული. ამის გამო, პოლიტიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ახალი პრემიერ- მინისტრი საგარეო პოლიტიკის ვექტორს ნელ-ნელა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შემოატრიალებს. თუმცა ამგვარ პროგნოზს არ იზიარებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე გაბაშვილი:

[კონსტანტინე გაბაშვილის ხმა] "რაც შეეხება ძირითად პოლიტიკურ კურსს, რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ხელმოწერილი იქნა, პრაქტიკულად არ უნდა შეიცვალოს. იუშჩენკომ აიღო გარანტიები, რომ ეს კურსი არ შეიცვლება და, თუ რამე მოხდება, იუშჩენკო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მე ვერ გეტყვით, რომ უკრაინაში მარტივი ვითარებაა, მაგრამ არც ტრაგიკულია და არც არის საჭირო ჩვენი რეაგირება, გარდა მხარდაჭერისა იმ ზოგადი კურსის მიმართ, რომელიც უკრაინას აქვს." (სტილი დაცულია)

კონსტანტინე გაბაშვილის მსგავსად, საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი გიორგი ხელაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლებისგან საგარეო პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდეთ. მეტიც, ხელაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს საფუძვლად უდევს არა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა, არამედ ქონების გადანაწილება, თუმცა ექსპერტი ასევე ამბობს, რომ უჭირს იმის განჭვრეტა, თუ როგორ განვითარდება საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში:

[გიორგი ხელაშვილის ხმა] "დღეიდან რა მოხდება, ამის განჭვრეტა ძალიან ძნელია. რუსეთს შეიძლება ნაკლები ბერკეტი ჰქონდეს უკრაინა-ნატოს ურთიერთობის საქმეში, მაგრამ რაც შეეხება საქართველოსა და თანამეგობრობის შიგნით გადასაწყვეტ საკითხებს, ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ რუსეთის ლობი უკრაინაში უფრო გამყარებულია და ამ საკითხებში ჩვენთვის ფეხის აწყობა უკრაინას გაუჭირდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ასე შემდეგ, გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდენტი და არა პრემიერ-მინისტრი." (სტილი დაცულია)

გიორგი ხელაშვილის თქმით, ვითარება საბოლოოდ მინისტრების დამტკიცების შემდეგ გაირკვევა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი პოლიტიკური გუნდის წევრებს შეხვდებათ თავდაცვის, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრების პორტფელები.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG