Accessibility links

საქართველოს ხელისუფლების ძველი ეკონომიკური პოლიტიკა და ახალი პრიორიტეტები


საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების მეორე ეტაპზე გადადის. მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:

დასაქმება, ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის დაცვა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას აქამდე, რა პრობლემებს აწყდებოდა და რა ცვლილებებს განიცდიდა ის ბოლო დრომდე, ასევე, რა მიმართულებით ვითარდება საქართველოს ეკონომიკა?

საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური კონცეფცია თვალით არავის უნახავს. საზოგადოება და ეკონომიკის ექსპერტები მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების შესახებ დასკვნებს დღემდე მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრის განცხადებების მიხედვით აკეთებენ.

მაგალითად, სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის აშენების აუცილებლობას ქადაგებს. იგი არის მასშტაბური პრივატიზაციისა და მთავრობის ანტიკორუფციული სტრატეგიის ავტორი. თუმცა ის კაბინეტი, რომლის წევრიც ბენდუქიძეა, ეგრეთ წოდებულ სოციალურ ელექტროტარიფს ამკვიდრებს და, საპენსიო რეფორმების ნაცვლად, პენსიების ზრდას ბიუჯეტიდან აფინანსებს. მე ამ წინააღმდეგობრივი ნაბიჯების კომენტირება ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს ნათია თურნავას ვთხოვე.

[ნათია თურნავას ხმა] ”ჩვენი მთავარი ამოცანა რომ არის ლიბერალიზაცია ჩვენი ბაზრის, ეს ცალსახაა...”

ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერი კი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა პოლიტიკური ციკლის წნეხის ქვეშაა, ამ პირობებში უჭირს ლიბერალური რეფორმების გატარება და უფრო მეტად პოლიტიკურ კონიუნქტურას უწევს ანგარიშს. იგი მიიჩნევს, რომ რეფორმები მაინც უნდა გაგრძელდეს:

[გია ჯანდიერის ხმა] ”კურსიო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კურსი ოფიციალურად არ არის გაცხადებული...”

გია ჯანდიერი მემარცხენე პოლიტიკას უწოდებს იმას, რაც საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპის სტრატეგიად გამოაცხადა. ესაა, ძირითადად, მთავრობის მცდელობა, როგორმე დაასაქმოს მოსახლეობა და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ჯანდიერის აზრით, ხელისუფლების საქმე თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნაა, რომელიც ბუნებრივად ბადებს ახალ სამუშაო ადგილებს.

[გია ჯანდიერის ხმა] ”ასე საუბარი ძალიან რთულია, როდესაც შენ საუბარი გაქვს ქართველ ამომრჩეველთან...”

ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას კომენტარი:

[ნათია თურნავას ხმა] ”არც ერთ სახელმძღვანელოში არ წერია, თუ როგორ უნდა გადავიდეს...”

ნათია თურნავა ასევე დასძენს, რომ საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური სტრატეგია ძველის გაგრძელებაა. უბრალოდ, ძველი ამოცანების დიდი ნაწილის შესრულება დასასრულს უახლოვდება - მაგალითად, მასშტაბური პრივატიზაცია - და უფრო აქტუალური ახალი მიმართულებები ხდება, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაცია.
XS
SM
MD
LG