Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფართო გამოხმაურება მოჰყვა ბოლო დღეების უცხოეთის პრესაში უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას


ფართო გამოხმაურება მოჰყვა ბოლო დღეების უცხოეთის პრესაში უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი მთავარი პოლიტიკური მეტოქის წარდგენის შესახებ.


დავიწყებთ უკრაინაშივე გამომავალ გაზეთ “დენ”-ში დაბეჭდილი სტატიით, რომელშიც საუბარია პროდასავლური ორიენტაციის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსა და მისი მეტოქის, ვიქტორ იანუკოვიჩის შეკავშირებაზე. გაზეთი წერს:

“ორ მხარეს შორის გამყოფი ხაზი კიდევ დიდახნს იარსებებს, რადგან ეს ორი მხარე დგას სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ და ფილოსოფიურ პოზიციებზე, რომლებიც გამორიცხავს ერთმანეთს. ამდენად, ლაპარაკი შეიძლება იყოს დროებით შერიგებაზე, მაგრამ არამცდაარამც გაერთიანებაზე. თუ ჭადრაკის ენით ვილაპარაკებთ, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი იუშჩენკო ცაიტნოტში აღმოჩნდა. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო - უპირატესობას ვერ მიიღებდა”.

უკრაინის მეზობლად, პოლონეთში კი წამყვანი ყოველდღიური “გაზეტა ვიბორჩა” წერს: “იანუკოვიჩი, რომელიც პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება, დღეს აცხადებს, რომ არ გადაუხვევს უკრაინის პროდასავლური კურსიდან. ის, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის მთავარი მეტოქე დღეს მთავრობის მეთაური ხდება, მტკივნეული მარცხია ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერებისთვის. მაგრამ, იმავდროულად, რევოლუციის წარმატებადაც უნდა მივიჩნიოთ, რომ იანუკოვიჩი დემოკრატიული წესების შესაბამისად მოექცევა ხელისუფლების სათავეში.”

ვარშავის “გაზეტა ვიბორჩასაგან” განსხვავებით, ავსტრიაში გამომავალი გაზეთი “შტანდარტი” პესიმისტურ შეფასებას იძლევა. მასში ვკითხულობთ:

“უკრაინის ხელისუფლების სათავეში რუსეთის პროტეჟეს, არჩევნების გამყალბებელი იანუკოვიჩის დაბრუნებით ნარინჯისფერი რევოლუცია ისტორიას ჩაბარდა. მისი მომხრეები იუშჩენკოს ქმედებას, ალბათ, ღალატად მიიჩნევენ. მაგრამ პრეზიდენტს შეუძლია, არგუმენტად გამოიყენოს ის, რომ ყოფილ მეტოქესთან კომპრომისი ხელს შეუწყობს ევროპაზე ორიენტირებულ დასავლეთ უკრაინასა და პრორუსულ აღმოსავლეთს შორის კონტრასტის შერბილებას. ორი ვიქტორისა და მათ უკან მდგომი ჯგუფების “დიდი კოალიცია” საუკეთესო პირობებს ქმნის დიდი კორუფციის გასაგრძელებლად. იმედია, გაძლიერებული თავისუფალი მედია, ახალბედა სამოქალაქო საზოგადოების სიფხიზლე და რევოლუციის ლიდერ იულია ტიმოშენკოსაგან მომდინარე კრიტიკა არ დაუშვებს მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებას”.

და კიდევ ერთი კომენტარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე - ამჯერად ბრიტანეთის გაზეთ "ფაინენშალ ტაიმსიდან":

“უკრაინა სარგებელს ნახავს ორი ვიქტორის თანამშრომლობით. როგორც ბრიუსელის, ისე მოსკოვისთვის გონივრული იქნებოდა ამ თანამშრომლობის ხელშეწყობა. მაგრამ უკრაინელების უმრავლესობას, სავარაუდოდ, ისედაც ნაკლებად აინტერესებს საკითხები, როგორიცაა ნატოში გაწევრიანება ან რუსეთთან ურთიერთობა. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ორივე ვიქტორმა ყურადღების ცენტრში მოაქციოს საგადასახადო რეფორმა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა”.

პრესის მიმოხილვის შემდეგი თემა კი საქართველოა. მასზე ავტორიტეტიანი გამოცემა “ეკონომისტი” ხუთშაბათის ნომერში 2 ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ერთ-ერთს შემდეგნაირად ასათაურებს “Keeping Georgia on our minds”. ეს გახლავთ ცნობილი სიმღერის, “Georgia on my mind”-ის პერიფრაზი და, ალბათ, შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც “საქართველო კვლავაც ჩვენს ფიქრებშია”. ასეა თუ ისე, სტატია საქართველოს ლიბანთან შედარებით იწყება - დიახ, იმ ქვეყანასთან, რომელშიც ამჟამად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ისრაელსა და შიიტურ გასამხედროებულ მოძრაობა "ჰიზბოლაჰს" შორის. აი, რა საერთოს ხედავს “ეკონომისტი”:

“პატარა ქვეყნები, რომელთაც ტრაგიკული ისტორია აქვთ. ძველისძველი სიძულვილი, რომელსაც უცხო ძალები იყენებენ. უეცარი ომი. ეს ლიბანს ეხება, კონფლიქტს, რომელიც ამჟამად მთელი მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს. მაგრამ ასევე შეიძლება აღწერო ორი, ნაკლებად ცნობილი დაპირისპირება ლიბანის არცთუ შორეულ საქართველოში - ამ ამბებსაც, შესაძლოა, ლიბანისნაირი დასასრული მოჰყვეს. გონივრული იქნებოდა, საქართველოს ამ კონფლიქტებისთვის ყურადღების დათმობა ახლა, ვიდრე გაცილებით უარესი მომხდარა”.

შემდეგ "ეკონომისტში" მოყვანილია ინფორმაცია საქართველოს ორ “გაყინულ კონფლიქტზე”, სეპარატისტებისადმი რუსეთის მხარდაჭერაზე, ნახსენებია მხარეთა შორის ბრძოლის განახლების საფრთხეც. როგორც სტატიაში ვკითხულობთ “სისხლისღვრა კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა არა მარტო სეპარატისტული რეგიონებისა და პატარა საქართველოსთვის. ის გამოიწვევდა დესტაბილიზაციას რეგიონში, რომელიც ისედაც შერყეულია ომითა და გასამხედროებული ისლამიზმით. ის საფრთხეს შეუქმნიდა ახალ ენერგეტიკულ კავშირს კასპიის ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას შორის. ის შეარყევდა იმედს, რომ დემოკრატიამ, შესაძლოა, მიაღწიოს რუსეთის საზღვრებს გარშემო, არასწორად მართულ ქვეყნებამდეც - ამ იმედის ასრულება კი, თუ ბალტიის ქვეყნებს არ ჩავთვლით, ალბათ არსადაა ისე რეალური, როგორც საქართველოში”.

"ეკონომისტში" დაბეჭდილი ამ სტატიის ავტორი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოსადმი აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების უფრო ენერგიულ მხარდაჭერას, მაგრამ, მისივე თქმით, ეს არ უნდა ნიშნავდეს ყველაფრის მხარდაჭერას, რასაც კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს. “ის ახალგაზრდა პრეზიდენტია, ჩქარობს და ზოგჯერ ზედმეტები მოსდისო”, წერს "ეკონომისტი" და შემაშფოთებელ ტენდენციად ასახელებს სისასტიკეს, რომელსაც საქართველოში პოლიცია ავლენს ხოლმე.

დაბოლოს, დასკვნის სახით სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოს მხოლოდ მდიდარ დემოკრატიულ ქვეყნად ქცევა მსცემს რეალურ შანსს, მიიზიდოს სეპარატისტული ტერიტორიები და შექმნას პირობები, ფეთქებადსაშიშ კავკასიაში გრძელვადიანი სტაბილურობის დასამკვიდრებლად.
XS
SM
MD
LG