Accessibility links

საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამა


საქართველოს ხელისუფლება ახალი ინიციატივით გამოდის და ბიზნესმენებს პატრიოტიზმისკენ მოუწოდებს.

450-450 ლარი სამთვიანი პროგრამისთვის ის თანხაა, რომელსაც სახელმწიფო 50 000 მოქალაქის სტაჟირებისათვის გაიღებს. მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საქართველოს მოსახლეობას უმუშევრობის, სულ ცოტა, ორჯერ შემცირებას ჰპირდება. არის თუ არა ეს განცხადება პიარკამპანია და როგორ აფასებენ ამ ფაქტს ეკონომისტები?

მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის პრიორიტეტებში სექტემბრიდან 50 000 მოქალაქის სტაჟირება შედის. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კერძო ბიზნესში სამთვიან სტაჟირებას ხელისუფლება დააფინანსებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ 2009 წლისთვის უმუშევრობა ქვეყანაში ორჯერ მაინც შემცირდება, ბიზნესმენები კი ამით არაფერს დაკარგავენ, რადგან სამი თვის განმავლობაში მათ ეყოლებათ უფასო თანამშრომლები და შემდგომი დასაქმებისთვის არავითარი ვალდებულება არ ეკისრებათ:

[სააკაშვილის ხმა] ,,მე მინდა გთხოვოთ ყველას, აქტიურად ჩაერთოთ ამ პროგრამაში. 1 სექტემბრიდან ჩვენ მივიღებთ განაცხადებს როგორც შრომის სტაჟირების მსურველებისგან, ასევე თვითონ ბიზნესის წარმომადგენლებისგან და ასევე 18 სექტემბრიდან პირველმა ხალხმა უკვე უნდა დაიწყოს ასეთი სახის მომზადება საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანების რაოდენობა იყოს მაქსიმალურად დიდი, მაქსიმალურად გაზრდილი.”(სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფო დამსაქმებლის როლს აღარ შეასრულებს. პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა პოლიტიკური მოძრაობა ,,საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი. იგი მიესალმება სააკაშვილის ახალ ეკონომიკურ სტრატეგიას, თუმცა ეჭვობს, რომ მისი განხორციელება მთავრობამ შეძლოს. ზურაბიშვილი პრეზიდენტის ამ ინიციატივას პიარპოლიტიკას უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ კარგი განცხადებების გაკეთება შეუძლია:

[ზურაბიშვილის ხმა] ,,ხელისუფლებას გააჩნია ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ აამოქმედოს ეს თავისი პოლიტიკა და ძალიან სამწუხარო არის, რომ პრეზიდენტი იგივე განცხადებებს აკეთებს თვეების მანძილზე და არაფერი იცვლება. მთავრობისგან და პრეზიდენტისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები და ამ ყველა კარგი განცხადებების და კარგი მიმართულებების იმპლემენტაცია არ ჩანს, სახეზე არა გვაქვს. სამაგიეროდ, ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც მართლაც ხორციელდება დღეს ქვეყანაში, არის პიარპოლიტიკა.”(სტილი დაცულია)

მოახლოებული არჩევნების ფონზე, ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება პიარპოლიტიკის განხორციელება, რასაც, იმპულსური გადაწყვეტილებებით, მეტ-ნაკლებად აკეთებს. პრეზიდენტის ეს ინიციატივა, ექსპერტ ნიკო ორველაშვილის აზრით, მხოლოდ ახალგაზრდების გულის მოსაგებად არის გამიზნული, ისევე როგორც სტუდენტების დასაქმება. თუმცა აღნიშნული ინიციატივა როგორც ხალხისთვის, აგრეთვე ბიზნესისათვის საღეჭი რეზინის ფუნქციას ასრულებს:

[ორველაშვილის ხმა] ,,შემოდგომით მოსალოდნელ არჩევნებზე ეს ხალხი შეიძლება სხვისადმი განიმსჭვალოს სიმპათიით. აქედან გამომდინარე, საჭიროა ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, რომლითაც ოდნავ მაინც მოვიგებთ ამ ხალხის განხიბლულ გულებს. არა მხოლოდ ეს თანხაა წინასაარჩევნოდ დახარჯული, არამედ ამ ზაფხულს “სტუდენტთა დასაქმების" (ბრჭყალებში ვსვამ მე ამას, იმიტომ რომ ამას დასაქმება არ ერქვა) პროგრამებზე დახარჯული მილიონებიც ასევე წინასაარჩევნოდ გადაყრილი თანხაა. ეს ძალიან ჰგავს იმას, რომ მშიერ კაცს მისცე საღეჭი რეზინი და უთხრა, დანაყრდიო, - ორივე თვალსაზრისით ამ შემთხვევაში, ბიზნესმენისთვისაც და იმ ადამიანისთვისაც, - იმიტომ რომ დასაქმების პროგრამები ასე არ ხორციელდება.”(სტილი დაცულია)

სამთვიანი პროგრამის თითოეულ მონაწილეს მთავრობა 450 ლარს გადაუხდის. პროგრამა სექტემბრის თვიდან დაიწყება და სახელმწიფოს იგი 22 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მომავალში სტაჟირებას 150 000 ადამიანი გაივლის, ხოლო ამის შემდეგ იგი მზად იქნება ქართული ბიზნესისათვის გადასახადების დაწევის საკითხი განიხილოს.
XS
SM
MD
LG