Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში ისეთი არაფერი მომხდარა, საზოგადოების ყურადღება მთლიანად რომ მიეპყრო.


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში ისეთი არაფერი მომხდარა, საზოგადოების ყურადღება მთლიანად რომ მიეპყრო. ამდენად, გვაქვს საშუალება, ქართულ პრესაში მოვნიშნოთ რამდენიმე, სხვადასხვა შინაარსის, პუბლიკაცია.

ბაღაფში კოდორის ხეობის დაბრუნებას აპირებს, - წერდა გაზეთი “რეზონანსი”, თუმცა თავად ბაღაფშზე სტატიაში ცოტა რამ თუ არის ნათქვამი. სამაგიეროდ, გაზეთი გვთავაზობს საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის კომენტარს. იოსელიანის აზრით, აფხაზები მხოლოდ რუსებმა შეიძლება აიძულონ კოდორში სამხედრო ავანტიურაზე წავიდნენ. მოსკოვს, დაძაბული ჩრდილოკავკასიური ფაქტორის გამო, ძალიან სურს ეს მონაკვეთი თვითონ აკონტროლოს. იოსელიანი იხსენებს აფხაზეთის ყოფილი ფაქტობრივი პრეზიდენტის, არძინბას, სიტყვებს, თქმულს ავთანდილ იოსელიანისთვის: დარწმუნებული ვარ, მეორე ომის შემთხვევაში აფხაზი ერი ამოწყდება, ქართველებს ზარალი მიადგებათ და რუსები კი გაიხარებენო.”

“ელექტროდამოუკიდებლობის პირველი დღე” - ასე უწოდა გაზეთმა ”ხვალინდელმა დღემ” პუბლიკაციას, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტას ეხება. ამის მიზეზი რეაბილიტირებული ენგურჰესის ამუშავება გახდა. თუ რუსეთმა გაზის მოწოდება არ შეგვიზღუდა და იმ რაოდენობით მოგვცა, რამდენსაც დღეს გვაძლევს, მაშინ ენერგიის დეფიციტი არ გვექნება და არც იმპორტი დაგვჭირდება, - ბეჭდავს ”ხვალინდელი დღე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის სიტყვებს. “საქართველოს ელექტროსისტემაში” კი აცხადებენ, რომ ზამთარში ავარიების ალბათობა დიდია და ამიტომ რუსეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან პარალელურ რეჟიმში უნდა იმუშაონ. ანუ მაინც მზად უნდა იყვნენ სხვადასხვა წყაროდან ენერგიის იმპორტისათვის.

გაზეთი ”ახალი 7 დღე” წერდა იმ კანონის შესახებ, რომლის მიღებაზეც კოდორის მოვლენების შემდეგ ალაპარაკდნენ საქართველოში. პირობითად, მას უწოდებენ კანონს ”პოლიტიკური ექსტრემიზმის შესახებ”. გაზეთი ბეჭდავს არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრის ლევან რამიშვილის მოსაზრებას, რომ საჭიროა კანონი, რომელიც დაავალდებულებს ნებისმიერ პოლიტიკოსს სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს განუცხადოს საკუთარი კონტაქტების შესახებ, - რუსეთის წარმომადგენლებთან ნებისმიერი კონტაქტის შესახებ, - თუ ვისთან ჰქონდა კავშირი და რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი. პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ამას არ გააკეთებენ, ჩემი აზრით, უნდა ჩამოერთვათ საქართველოში ყველა პოლიტიკური უფლება. ასეთი პარტიები საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აკრძალოს. ეს აუცილებელი ზომაა საიმისოდ, რომ საქართველოში დემოკრატია შედგეს და დაცული იყოს, - უცხადებს ლევან რამიშვილი ”ახალ 7 დღეს”.

გადავიდეთ შაბათის, 5 აგვისტოს, პრესაზეც. გაზეთი ”ალია” ბეჭდავს საქართველოს პრეზიდენტის 4 აგვისტოს გამოსვლის ტექსტს და იქვე ცდილობს გაარკვიოს ახალი საპრეზიდენტო პროგრამის წარმოქმნის მიზეზები. საამისოდ გაზეთი აკითხავს ეკონომისტ ნიკო ორველაშვილს. ის კი ამბობს: ”პირველი - ახლა თვითონ კი იძახიან, რომ ბიზნესი ყველაზე კარგად გრძნობს თავს, რომ ქვეყანა აშენდა და აყვავდა, მაგრამ მიხვდნენ, რომ ნამეტანი მოუვიდათ და არაფერი ეშველება სიტუაციას, თუ პოლიტიკა რადიკალურად არ შეცვალეს. მიხვდნენ, რომ ბიზნესი ხელში ჩააკვდათ. მეორე - ეს არის პიარი არჩევნების წინ, რათა ამ საცოდავ ბიზნესს, რომელიც სულს ღაფავს, გული მოუგონ.”

გაზეთი ”24 საათი” წერს, რომ 7 აგვისტოს, ორშაბათს, ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საბოლოოდ ჩამოყალიბდება არჩევნებში მონაწილე პარტიების სია. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მრეწველები, კონსერვატორები და რესპუბლიკელები არჩევნებში მონაწილეობენ. თუ ოპოზიციამ ერთ ბლოკად ჩამოყალიბება მოახერხა, მეორე ეტაპზე გასარკვევი იქნება საერთო კანდიდატების ვინაობა. ჯერჯერობით საერთო კანდიდატების შესარჩევად კრიტერიუმი არ არსებობს. მრეწველი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, თუ ოპოზიციური შვიდეული ერთ ბლოკად გაერთიანებას ვერ მოახერხებს, ისინი უმტკივნეულოდ დაშორდებიან ერთმანეთსო. სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა ”საქართველოს გზა” ოპოზიციასთან გაერთიანებას არ აპირებს. ”მან თავად გადაწყვიტა, რომ ერთადერთი და განუმეორებელია. მე არ ვესაუბრები ღმერთებს, მე ვესაუბრები ადამიანებს,” - შენიშნავს გიორგი ცაგარეიშვილი და ეჭვსაც გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებს.”
XS
SM
MD
LG