Accessibility links

გასული კვირა საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის


გასული კვირა საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის

პრეზენტაციით დაასრულა და ოსიაურის სამხედრო ბანაკში გაემგზავრა. ოპოზიცია კი შაბათ-კვირასაც მომავალი არჩევნების სტრატეგიის განსჯაში იყო. ამ მსჯელობაში თბილისის მერობის ახალი ერთიანი კანდიდატის სახელიც კი წამოტივტივდა. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ირაკლი ბათიაშვილის მხარდამჭერი მორიგი აქციებისთვის ემზადებიან. შეგახსენებთ, დღეს 6 აგვისტოა: 2006 წლის ზაფხულის კიდევ ერთი პოლიტიკურად ცხელი კვირა ჩაბარდა წარსულს. რას მოიტანს შედეგად მოვლენები, რომლებიც გასულ კვირაში მოხდა, ჯერ ზუსტად არავინ იცის. გადავავლოთ თვალი ბოლო ერთი კვირის ამბებს:

გასულ კვირას პირობითად შეიძლება “კოდორ-კამპანიის” გაგრძელება ეწოდოს. ხელისუფლების სპეცოპერაციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდგომი ქცევა იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფრისთვის მზად იყო. მართალია, ბოლო 7 დღის მანძილზე თავად კოდორში განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა, მაგრამ ამ თემის განხილვა კი აქტიურად გრძელდებოდა. თუკი ხელისუფლება სრულ დარწმუნებას გამოთქვამდა, რომ კოდორის სპეცოპერაცია აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ოპოზიცია და ექსპერტები, კრიტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, უფრო სიფრთხილით ეკიდებოდნენ მიმდინარე მოვლენების შეფასებას. ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ შესაძლებელია პროცესების ორგვარი, პარალელული, განვითარება:

[ზაქარეიშვილის ხმა]
“ჩვენ ახლა გვაქვს ორი ვარიანტი. აშკარად, ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს. ან ერთს მივიღებთ, ან მეორეს მივიღებთ. რა თქმა უნდა, ყველას გვირჩევნია უკეთესი იყოს. რა არის ეს უკეთესი? – რომ კოდორის მოვლენები, გაკრვეულწილად მაინც, შეთანხმებული და გააზრებული იყო რუსეთთან ერთად და რუსებმა საშუალება მოგვცეს იქ აღგვედგინა ჩვენი სრული და აბსოლუტური იურისდიქცია... თუ ეს რუსეთთან შეთანხმებულია და თუ მართლა ჩვენ ფეხს ვიკიდებთ კოდორში და ეს დასაბუთდება იმით, რომ იქ დარჩება, დაფუძნდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურები, ამ შემთხვევაში ამ სტრუქტურებს ჰქონია აზრი; მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კოდორის მოვლენები, კოდორის პროცესები იყო გამართლებული. სხვა: კვიციანის აყვანა თბილისშიც შეიძლებოდა, სკოლების გარემონტება მანამდეც შეიძლებოდა, ფქვილის შეტანაც - ყველაფერი შეიძლებოდა გაკეთებულიყო პრობლემების გარეშე. თუ ეს გაკეთდა და თუ ეს აფხაზებმა გადაყლაპეს და რუსებმა ხმა არ ამოიღეს, ზოგადად, მაშინ იქნება ძალიან დიდი წარმატება. მეორე ვარიანტია, რომ ეს არის ჩვენი მხრიდან სპონტანური ნაბიჯი, მოულოდნელი ნაბიჯი, არავისთან შეთანხმებული არ არის. რუსეთი გვაცლის ბოლომდე, რათა კარგად დავარღვიოთ ხელშეკრულებები, რის გამოც ის ჩვენ წინააღმდეგ გამოვა და სადღაც შემოდგომის პირას ან ზამთარში, შეიძლება, ახლაც, გამორიცხული არ არის – შეტევა განახორციელონ კოდორზე, წაგვართვან ეს პლაცდარმი საბოლოოდ, ანუ ბოლომდე განახორციელონ თავიანთი იურისდიქცია. ეს უარესი ვარიანტია.”(სტილი დაცულია)

ქართველი ექსპერტისგან განსხვავებით, უარეს ვარიანტზე არაფერს ამბობს შეერთებული შტატების მთავრობა. მიმდინარე კვირის დასაწყისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, მეთიუ ბრაიზას, როგორც თავად აღნიშნა, “სპონტანური” ვიზიტი თბილისში, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იყო, მეორე მხრივ, სრულიად ცალსახად მიანიშნებდა იმას, რომ ვაშინგტონი სწრაფ და ეფექტიან სპეცოპერაციებს, კონფლიქტის ზონაშიც კი, სრულებით არ ეწინააღმდეგება. მართალია, მოვლენათა უარყოფით განვითარებაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ საგანგებოდ მოწყობილ ბრიფინგზე ბრაიზამ ჩამოთვალა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც უკეთეს ვარიანტს მივიღებთ შედეგად:

[ბრაიზას ხმა]
“შედეგები დადებითი იქნება, თუკი იქ აღარ იქნება კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ხელს უშლიდა კოდორის ხეობის მოსახლეობის კეთილდღეობას, თუკი საქართველოს მთავრობა შეძლებს კოდორში მცხოვრებთა საჭიროებების დაკმაყოფილებას და თუკი არ გაიზრდება დაძაბულობა. ასეთ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან წარმატებული ოპერაცია, რომელიც ზეგავლენას მოახდენს დაძაბულობის შემსუბუქებაზე, ზოგადად, ვგულისხმობ ურთიერთობას სოხუმსა და თბილისს შორის.”

ძნელი სათქმელია ვინ მოელოდა, რომ გასულ კვირაში, კოდორში მომხდარისა და ამის თაობაზე მოსკოვისა და სოხუმის მიერ გავრცელებული განცხადებების შემდეგ, შესაძლებელი გახდებოდა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა. თუკი ოფიციალური ინფორმაციით ვიმსჯელებთ, შეხვედრის ორგანიზების იმედი ჰქონდა გაეროს მეთვალყურეთა მისიას საქართველოში, რომელიც უშუალოდ არის ჩართული მხარეებთან კონსულტაციებში. 2 აგვისტოს ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ გაეროს მისიამ გაავრცელა განცხადება, რომ მხარეებმა ბოლო წუთს, დელეგაციების შემადგენლობათა თაობაზე უკმაყოფილების გამო, უარი თქვეს შეხვედრაზე. მეორე მხრივ, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა შეიძლება კიდეც შედგეს ახლო მომავალში, რადგან, გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი გეგმების მშვიდობიანობაში საზოგადოების დასარწმუნებლად სურს მოლაპარაკებების გაგრძელება, მაღალი უნდა იყოს აფხაზური მხარის ინტერესიც – პირისპირ საუბარში მოისმინოს თბილისის გეგმების შესახებ, იმისდა მიუხედავად, სჯერა თუ არა მას ამ გეგმების.

რადგან სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტს შევეხე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რაც მან აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში სიახლის შესახებ ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა. კერძოდ, მისი თქმით, სულ რამდენიმე კვირაში საქართველოში ჩამოვა ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც შეისწავლის აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას დანაშაულთან ბრძოლის კუთხით და სხვა დეტალებთან ერთად დააზუსტებს საერთაშორისო საპოლიციო ძალების რაოდენობასაც. საპოლიციო ძალების შეყვანა კონფლიქტის ზონაში, როგორც ჩანს, გადაწყვეტილია. ეს ღონისძიება, არსებული ინფორმაციით, გაეროს ეგიდით განხორციელდება და არ მოემსახურება სამშვიდობო კონტინგენტის ჩანაცვლებას, არამედ მოემსახურება წესრიგის დაცვას კონფლიქტის ზონაში, დევნილების უფლებების დაცვას და განსაკუთრებული ყურადღება, ამ თვალსაზრისით, გალის რაიონს მიექცევა:

[ბრაიზას ხმა]
“ჩვენ, კერძოდ, გალის რაიონს ვგულისხმობდით. იქ სერიოზული კრიმინალური ვითარებაა. დანაშაულის მაღალი დონის გამო იძულებით გადაადგილებული პირები ვერ ახერხებენ გალის რაიონში დაბრუნებას. ისინი ეთნიკური ქართველები არიან. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალებს, რომელიც იქ იმყოფება, განსხვავებული მანდატი აქვს. ეს მანდატი არ ითვალისწინებს დანაშაულთან ბრძოლას. ასე რომ, არსებობს შესაძლებლობების ნაკლებობა უსაფრთხო პირობების შესაქმნელად, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს დაბრუნების საშუალებას მისცემდა. მე იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი ვითარება იყო კოდორში. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა აღმოფხვრის უკანონობას და აღადგენს კანონის უზენაესობას. ასეთი რამ გალში არ ხდება.”

კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე საუბრისას საერთაშორისო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები კვლავაც აღნიშნავენ რუსეთის როლს ამ პროცესში და გამოთქვამენ იმედს, რომ რუსეთი გამოიჩენს კეთილ ნებას ითანამშრომლოს როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. იმ მწვავე განცხადებების ფონზე, რაც ადრეც ყოფილა და კოდორის მოვლენებს მოჰყვა საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების დონეზე, ჩნდება კითხვა – მიმდინარეობს თუ არა რეალური, ყოველდღიური, მეტ-ნაკლებად ეფექტიანი სამუშაო პროცესი ამ უწყებებს შორის იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მოგვარდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ ჩემს შეკითხვას დადებითად, მაგრამ ზოგადად უპასუხა:

[მანჯგალაძის ხმა]
“როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რიგი შეხვედრებისა დაგეგმილია სექტემბერში ჩვენი ხაზით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს რუს კოლეგებთან გვაქვს ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით და ურთიერთობები გრძელდება.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტის ინიციატივამ, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება კოდორის ხეობაში იქნეს გადაყვანილი, საფიქრალი გაუჩინა ამ უწყების წარმომადგენლებს. მართალია, ამის თაობაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, ერთგვარი დაბნევაც კი, მაგრამ, ოფიციალურად გაცხადებული პოზიციის თანახმად, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლისა და იქ მოღვაწეობისთვის. მისი წარმომადგენლები კიდეც ეწვივნენ კოდორს და მთავრობა ახლა იმაზეღა ფიქრობს, როგორმე გზების ჩაკეტვამდე შეიტანოს ხეობაში სამშენებლო მასალა და სხვა აუცილებელი მძიმე ტვირთი, რომლის გადატანაც მოგვიანებით ვერტმფრენით შეუძლებელი იქნება.

მთლიანობაში თუ განვიხილავთ, ხელისუფლების გასული კვირის აქტივობა შეიძლება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილადაც აღვიქვათ, თუკი გავითვალისწინებთ კვირის მეორე ნახევარში პრეზიდენტის დასავლეთ საქართველოში ვიზიტსა და დღეს მის გამგზავრებასაც ოსიაურში, თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტთა ბანაკში, სადაც სააკაშვილი შვებულების გატარებას აპირებს. ოპოზიციური პარტიების ერთი ჯგუფი კი დღესაც განაგრძობს აქტიურ კონსულტაციებს იმის თაობაზე, ვინ ვისთან ერთად გამოვა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში და ვინ იქნება თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან. აქამდე თუ კობა დავითაშვილზე, გოგი თოფაძესა და თინათინ ხიდაშელზე საუბრობდნენ, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამ კონტექსტში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას სახელიც ახსენეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციის დახურული კონსულტაციების შედეგებს საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს.
XS
SM
MD
LG