Accessibility links

logo-print

ელექტროენერგიის პიკური ტარიფი - ახლო თუ შორეული პერსპექტივა


ამ დღეებში საქართველოს საინფორმაციო საშუალებები აქტიურად მსჯელობენ უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის ეგრეთ წოდებული პიკური ტარიფის შემოღების დადებით

თუ უარყოფით მხარეებზე. ამ მსჯელობამ ბიძგი მისცა როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების რადიკალურ განცხადებებს, ასევე საზოგადოების მორიგ უკმაყოფილებას. რამდენად საფუძვლიანია ეს რეაქცია და რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ელექტროენერგიის პიკური ტარიფის შემოღებას?

პიკური ტარიფი დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოხმარებული ელექტროენერგიის სხვადასხვა საფასურის გადახდას ნიშნავს. მაგალითად, დენი საღამოსა და დილის საათებში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შუადღით ანდა შუაღამით. დენის საფასურის გადახდის ამ რთული სისტემის დამკვიდრება დიდ ინვესტიციასაც მოითხოვს და მოქალაქეთა ხარჯებსაც მნიშვნელოვნად გაზრდის.

[მოქალაქეთა ხმა] ”... ისედაც შემოსავალი არ გვაქვს, ფული არ არის და როგორ უნდა გადავიხადოთ...”

მოსახლეობის ასეთი განწყობა შეუმჩნეველი არ დარჩენია ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს, რომელმაც პიკური ტარიფის თემას სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”რის შემდეგაც ქვეყანაში, სავარაუდოდ, დარჩება პრეზიდენტი და ელექტრობოძები.”

შალვა ნათელაშვილი, ელექტროენერგიის პიკური საფასურის შემოღების შემთხვევაში, მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობით დაიმუქრა.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ საზოგადოების შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლის ნინო ასათიანის კომენტარი:

[ნინო ასათიანის ხმა] ”პერსპექტივაში საქართველო უნდა განვითარდეს იქითკენ, რომ იყოს რამდენიმე ტიპის ტარიფი...”

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში პიკურ ელექტროტარიფს 10 წლის შემდგომ პერსპექტივას უწოდებენ და აცხადებენ, რომ მანამდე საქართველოში სეზონური ტარიფი დამკვიდრდება, რაც წელიწადის დროების მიხედვით დენის საფასურის ზრდას და კლებას ნიშნავს. შორეული პერსპექტივის შესახებ სხვაგვარად ფიქრობს ქართველ ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”ის, რაც სააკაშვილისთვის არის ახლო, ხვალინდელი, პერსპექტივა, მისი პროპაგანდისტული მანქანა...”

ამ მწვავე პოლიტიკური განცხადებების მიზეზი გახდა ერთი კონფერენცია, რომელზეც ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების გეგმებსა და შორეულ პერსპექტივებზე ისაუბრა, მათ შორის, ეგრეთ წოდებულ პიკურ ტარიფზეც, რომელიც მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოქმედებს.
XS
SM
MD
LG