Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობაში ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურული ერთეულები გაიხსნება


პოლიციური ოპერაციის აქტიური ფაზის დასრულებისა და შეიარაღებული წინააღმდეგობის დაძლევის მიუხედავად, კოდორის ხეობა მაინც რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ

უმთავრეს საზრუნავად. თითქმის მთლიანად მოშლილი ინფრასტრუქტურა და სახელმწიფო ინსტიტუციების სისუსტე არ იძლევა რეგიონის სწრაფი რეაბილიტაციის საშუალებას, თუმცა ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განთავსებით ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდება. პარალელურად, ოფიციალური თბილისი აპირებს ხეობაში ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურული ერთეულების გახსნასაც. პირველ ეტაპზე ლაპარაკია იუსტიციის სახლზე, რომლის გახსნაც მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება. რა ხდება კოდორის ხეობაში და რა სიახლეებს უნდა ელოდენ კოდორელები?

წლების განმავლობაში კოდორის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებს პირადობის მოწმობის ასაღებად ხეობის დატოვება და ათეულობით კილომეტრის გავლა უწევდათ, თუმცა, როგორც იუსტიციის მინისტრი გიორგი ქავთარაძე აცხადებს, ვითარება, ამ მხრივ, სულ მალე გამოსწორდება. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ხეობაში მუშაობას დაიწყებს ეგრეთ წოდებული იუსტიციის სახლი:

[გია ქავთარაძის ხმა] „იუსტიციის სამინისტროს ყველა უწყება რეგიონში ერთ შენობაში უნდა განთავსდეს, არ უნდა იყოს დაქსაქსული, რომ მოსახლეობამ ადვილად მიიღოს ის მომსახურება, რაც მას სჭირდება. ამას პირობითად ეწოდება იუსტიციის სახლი. ვეძებთ სათანადო შენობას. მოქალაქე რომ მოვა, იუსტიციის სამინისტროსთან რა საქმეც აქვს, ერთ შენობაში უნდა დაამთავროს. პირველი ასეთი დაწესებულება გაიხსნება კოდორის ხეობაში.“(სტილი დაცულია)

გია ქავთარაძის თქმით, იუსტიციის სახლში განთავსდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების რეგისტრაციის სამსახური და სანოტარო ბიურო. მალხაზ აქიშბაია, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის მეთაური, ხეობაში იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის გახსნის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს:

[მალხაზ აქიშბაიას ხმა] „მნიშვნელოვანია იმით, რომ ხელი შეუწყოთ ხეობაში სოციალ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. პასპორტები, პირადობის მოწმობები ადგილზევე გაიცემა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ კოდორის ხეობა მოექცეს საქართველოს სამართლებრივ სივრცეში.“

მალხაზ აქიშბაია ამბობს, რომ კოდორის ხეობა უკვე მოექცა საქართველოს სამართლებრივ სივრცეში, თუმცა მის ამ მოსაზრებას არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი, რომლის თქმითაც, კოდორის ხეობაში სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები, ხოლო ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს მონიტორინგის საშუალებას არ აძლევს:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] „ადგილი აქვს უკანონო დაკავებების სერიას. გარდა ამისა, მიმდინარეობს უკანონო ჩხრეკები, რომლის დროსაც არ ხდება ორდერის წარმოდგენა. ხდება იარაღის „ამოღება“ კანონის დარღვევით ისე, რომ არ ადგენენ ჩაბარების ოქმს. ასევე, აპატიმრებენ ადამიანებს შერჩევით. იჭერენ ძებნილის ოჯახის წევრს და ეუბნებიან, როცა შენიანი ჩაგვბარდება, მაშინ გაგიშვებთო.“(სტილი დაცულია)

უჩა ნანუაშვილი დახმარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. უფლებადამცველის თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევისა და ეფექტური მონიტორინგის პირობებში მკვეთრად შემცირდება სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა თვითნებობა, თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პოლიცია კანონიერების ფარგლებში მოქმედებს და დაპატიმრებითაც კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ ადამიანებს აპატიმრებს. სხვათა შორის, სულ მალე, შესაძლებელია, კოდორის ხეობაში დაბადებულმა მსჯავრდებულებმა სასჯელი სწორედ მშობლიურ ხეობაში მოიხადონ. საქმე ის არის, რომ იუსტიციის სამინისტრო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, კოდორის ხეობაში არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების - პრობაციის - დეპარტამენტიც აამოქმედოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG