Accessibility links

პატიმარი ქალები მსოფლიოში: ახალი გამოკითხვა და ზოგადი ტენდენცია


დღეისათვის მთელ მსოფლიოში, დაახლოებით, ნახევარ მილიონზე მეტი ქალი და გოგონა იმყოფება პატიმრობაში. ასეთია შედეგი ამ პრობლემაზე ჩატარებული გამოკვლევისა,

რომლის ავტორიც ლონდონში არსებული “სამეფო კოლეჯის საპატიმროთა შემსწავლელი ცენტრია”. გამოკვლევის თანახმად, მდედრობითი სქესის პატიმართა მაღალი მაჩვენებლით, პირველ ოთხეულში შედიან: შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი და ტაილანდი. რამდენი მდედრობითი სქესის პატიმარი იმყოფება საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში?

ზემოხსენებული გამოკვლევა “საპატიმროთა შემსწავლელმა საერთაშორისო ცენტრმა” 187 ქვეყანაში ჩაატარა. ანტონ შელუფანოვი ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარი და საბოლოო ანგარიშის ერთ-ერთი თანაავტორია. შელუფანოვმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში კურიოზული უწოდა იმ ფაქტს, რომ მდედრობითი სქესის პატიმართა საერთო რაოდენობის ორი მესამედი ოთხ ქვეყანაზე – შეერთებულ შტატებზე, ჩინეთზე, რუსეთსა და ტაილანდზე - მოდის. ციფრებში კი ეს სტატისტიკა ასე გამოიყურება: შეერთებულ შტატებში 183 ათასი ქალი იხდის სასჯელს, ჩინეთში – 71 280, რუსეთში - 55 400 და ტაილანდში - 28 450.
გამოკვლევის ავტორის თქმით, პატიმარ ქალთა მაღალი, ძალიან მაღალი პროცენტია ჰონგ-კონგში, სადაც ეს მაჩვენებელი 22 პროცენტს აღწევს. სხვა ქვეყნებში კი საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 2-9 პროცენტს შორის მერყეობს. ანტონ შელუფანოვის თქმით, რუსეთის მსგავსად, მდედრობითი სქესის პატიმრების სიმრავლით ზოგიერთი ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყანაც გამოირჩევა:

[ანტონ შელუფანოვის ხმა]“რუსეთში პატიმარ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია –6.5 პროცენტი. მაგრამ ყველაზე უფრო მაღალია ბელორუსიაში – 7.5 პროცენტი, რაც საშუალო მაჩვენებელს აღემატება. სხვა ქვეყნებში კი დაბალი პროცენტული მაჩვენებელია. აზერბაიჯანში, მაგალითად, პატიმარი ქალების რიცხვი ძალიან დაბალია - 1,4 პროცენტი, უკრაინაში კი მაღალი – 6.1 პროცენტი. საერთო ჯამში კი, დსთ-ის ქვეყნებში პატიმარ ქალთა მაღალი პროცენტი ფიქსირდება.”


პატიმარ ქალთა რაოდენობის მხრივ, საქართველო, კვლევის ავტორთა ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა. თუმცა, მდედრობითი სქესის პატიმართა პროცენტული რაოდენობით, საქართველო ჩამორჩება მეზობელ რუსეთსაც და უკრაინასაც. საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის თქმით, პატიმარ ქალთა რაოდენობა საქართველოში, დაახლოებით, 4 პროცენტს შეადგენს:

[სოზარ სუბარის ხმა] “საქართველოში ამ წუთში არის 467 პატიმარი ქალი, მთლიანად, როგორც მისჯილები, ისე მიუსჯელები. ეს არის, დაახლოებით, 4 პროცენტი, უფრო ზუსტად - 3.97 პროცენტი პატიმრების საერთო რაოდენობისა. თუ შევადარებთ 2003 წელს, პატიმარი ქალების რაოდენობა გაზრდილია ორჯერ.”

რაც შეეხება ლონდონის “სამეფო კოლეჯის საპატიმროთა შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის” გამოკვლევას, იგი, როგორც ვთქვით,მსოფლიოს მასშტაბით, წელს პირველად 187 ქვეყანაში ჩატარდა. თუმცა აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ჩრდილოეთ აზიის ზოგიერთმა ქვეყანამ არასანდო მონაცემი წარმოადგინა და გამორჩენილია საერთო სიაში. ცენტრის დირექტორის რობ ალენის თქმით, პატიმარ ქალებზე ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ ზუსტი სტატისტიკის დასადგენად, არამედ ჰუმანური მოსაზრებითაც:

[რობ ალენის ხმა] “ წელს ჩვენ საგანგებოდ შევაჩერეთ ყურადღება ციხეებში მყოფ პატიმარ ქალებზე (რაც პირველად ხდება),
იმიტომ რომ ქალების პატიმრობაში ყოფნა ძვირი უჯდება საზოგადოებას და ჩვენ გვინდოდა ქვეყნებისათვის შედარების შესაძლებლობა მიგვეცა.”


ლონდონის “საპატიმროთა შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენელთა თქმით, პატიმარი ქალების პრობლემა დაკავშირებულია საზოგადოებისათვის მტკივნეულ პატიმარ ქალთა შვილების პრობლემასთან: ციხეში მყოფი დედების შვილები, ხშირ შემთხვევაში, მოკლებულნი არიან მშობლიურ მზრუნველობას. ცალკე პრობლემას ქმნის მდგომარეობა თავად პატიმრობაში მყოფი ქალებისა, რომლებიც ფსიქოლოგიურ დახმარებასა და მკურნალობას საჭიროებენ. გამოკვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ ინფორმაციამ უნდა დააფიქროს ქვეყნების მთავრობები და აიძულოს, პატიმრობის გარდა, სხვა გზებიც ეძებონ დამნაშავე ქალთა დასასჯელად.
XS
SM
MD
LG