Accessibility links

logo-print

“ლიტერატურის დარბევის” 60 წლისთავი


ამ დღეებში 60 წელი გავა მას შემდეგ,

რაც გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნდა კომუნისტური პარტიის ცეკას დადგენილება ჟურნალების “ზვეზდასა და “ლენინგრადის” მუშაობის” შესახებ. საბჭოთა კავშირის ისტორიაში ეს დოკუმენტი კულტურის სფეროში, ხელისუფლების კრიმინალური პოლიტიკის კულმინაციად ითვლება. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშრის კომუნისტურმა პარტიამ ოფიციალურად ცეკას დადგენილება მხოლოდ 1988 წელს დაგმო.... დოკუმენტი დაგმეს, თუმცა ამ დოკუმენტის ავტორის, ჟდანოვის პოზიციას პოსტსაბჭოთა სივრცეში დღესაც ბევრი იზიარებს. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” გიორგი გვახარია 60 წლის წინ შედგენილი დადგენილების შესახებ გესაუბრებათ.

“ზოშჩენკო ცდილობს გახრწნას ჩვენი ახალგაზრდობა, მისი “მაიმუნის მოგზაურობა” არის უხამსი პასკვილი საბჭოთა ყოფასა და საბჭოთა ხალხზე”, “ზოშჩენკო საბჭოთა ხალხს დამახინჯებული, კარიკატურული ფორმით გამოხატავს”, “ზოშჩენკო – ნაძირალაა”, “ახმატოვას ლექსები პესიმიზმითაა აღსავსე... ესაა ხელოვნება – ხელოვნებისათვის”, “ახმატოვა, თავისი “პატარა და ვიწრო პირადი ცხოვრებით, რელიგიურ-მისტიკური ეროტიკით”

[სიმღერა ანა ახმატოვას ტექსტზე. ოლეგ კალმაკოვი]

1946 წლის აგვისტოში გამოცემული ცეკას დადგენილების ციტატები საბჭოთა წარსულის ტრაგიკომიკური ფურცელია. თუმცა იმ მწერლებს, რომელთა ნაწარმოებების ასეთ “ანალიზს” მიმართავს დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი ეჟოვი და როგორც გამოირკვა, მთავარი ავტორი – იოსებ სტალინი, ამ სიტყვებზე ნამდვილად არ გაეცინებოდათ. ამ მწერლებმა, ისევე როგორც ლიტერტურულმა ჟურნალებმა “ზვეზდა” და “ლენინგრადი” ომის დროს ბლოკადას გაუძლეს – ლენინგრადელი მწერლები წერდნენ, ჟურნალები გამოიცემოდა და ამ ჟურნალებს კითხულობდნენ. პასტერნაკმა აღიარა, რომ შეცდა, როცა 30-იანი წლების დასაწყისში განაცხადა, ლიტერატურა არავის ჭირდებაო. აღმოჩნდა, რომ ჭირდება. და ამას, როგორც ჩანს, ბელადიც, მიხვდა. იმის მერე სტალინი კიდევ უფრო ეჭვიანი გახდა – გარშემო ყველგან მტერი ელანდებოდა, მათ შორის პოზიაში – ყველაზე ლირიკულ პოეზიაშიც კი. ომი დასრულდა და ლენინგრადელებს ახლა ნაცისტებზე უფრო მძლავრი მტერი გამოეცხადათ – სტალინის ხელისუფლება

[სიმღერა ანა ახმატოვას ტექსტზე. კირა მალიგინა]



ანა ახმატოვას ლექსებზე იმ დროს არაპროფესიონალი მუსიკოსებიც კი სიმღერებს წერდნენ და როგორც წესი, თავად მღეროდნენ. ეგრეთ წოდებული “დიდი სტილის” ეპოქაში, რომლის მაშტაბები ომის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, ახმატოვას პოეზია ძალიან მცირე სივრცე იყო, რომელშიც ადამიანურ, ინტიმურ გრძნობებზე იყო ლაპარაკი. “დიდი სტილის” იდეოლოგებმა ამ ადამიანურში დაინახეს საშიშროება. როცა სტალინმა ახსნაგანმარტებისთვის “ზვეზდას” რედაქტორი კრემლში გამოიძახა, ბელადმა იკითხა “არ გეშინიათ საბჭოთა მკითხველის? თქვენ მოუხსენით პასუხისმგებლობა ამ მწერლებს. მაგრამ პასუხს მათ ხალხი მოსთხოვს”

კრემლის უშუალო მითითებით საბჭოთა მშრომელები მართლაც იძულებულნი გახდნენ პასუხი მოეთხოვათ “უხამსობების ავტორებისგან”... მაგრამ ამ მწერლებს უშუალოდ არც არავინ დალაპარაკებია. უბრალოდ, საბჭოთა კულტურისთვის ტრადიციულად, მშრომელებმა ცეკას დადგენილების კოლექტიური განხილვა დაიწყეს. “ზვეზდას” რედაქტორი გაანთავისუფლეს, ჟურნალი “ლენინგრადი” კი საერთოდ დახურეს. რამდენიმე თვეში ახმატოვა და ზოშჩენკო მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.

სტალინი არ მოერიდა პირდაპირ გამოეთქვა თავისი აზრი ზოშჩენკოსა და ახმატოვას შესახებ... უფრო მეტიც, ჟურნალების რედაქტორებთან და მწერალთა კავშირის იდეოლოგებთან შეხვედრაზე, ბელადმა მოითხოვა ჩაეწერათ მისი აზრები

[სტალინის ტექსტი]: “უცხოელების მიმართ მოწიწება გინდათ დანერგოთ მკითხველში? გინდათ დაიჯერონ, რომ ჩვენ მეორეხარისხის ადამიანები ვართ, ისინი კი – პირველი ხარისხის? ქედი მოვიხაროთ უცხოელების წინაშე? ეს ხომ ცოდვაა!.. “ზვეზდაში” ზოგჯერ მართლაც იბეჭდება კარგი რაღაცეები, ნამდვილი მარგალიტები... მაგრამ მარგალიტის გვერდზე – ნეხვიც ბევრია”

მწერლებთან შეხვედრაზე ბელადმა არაერთხელ გამოიყენა ეს სიტყვები “ცოდვა” და “ნეხვი”. მოგვიანებით რედაქტორები, რომლებიც ამ შეხვედრას დაასწრეს იტყვიან, რომ არასდროს გაუგიათ ბელადისგან ასეთი გამოთქმები. იმასაც იტყვიან, რომ ზოშჩენკოსა და ახმატოვას ნაწარმოებებმა, როგორც ჩანს, ძალიან იმოქმედა, სტალინზე. შეხვედრაზე ბელადმა, რომელიც, მოგეხსენებათ იმ დროს ლექსებს აღარ წერდა, ზეპირად წაიკითხა ანა ახმატოვას ლექსები. თანაც, კარგი ლექსები. თანაც გამოთქმით წაიკითხა, თანაც – აბსოლუტურად სწორად დასვა მახვილები... მერე დაასრულა ლექსი და “ნეხვიაო”, ასე შეაფასა.

როგორც არ უნდა ახსნან ფსიქოლოგებმა, ლიტერატურის ისტორიკოსებმა, მწერლებმა ცეკას ამ დადგენილების მოტივი, როგორც არ უნდა ახსნან ბელადის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ომის შემდეგ, როგორც არ უნდა ამტკიცონ, ანა ახმატოვას პოეზიამ რეჟიმს “სინდისი” გაუღვიძა, ფაქტია, 1946 წლის აგვისტოს მთელი ქვეყნის მაშტაბით მწერლებზე ახალი ნადირობა დაიწყო. ანა კალანდაძე, მაგალითად, რომელიც სწორედ იმ დროს იწყებდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, ასე იხსენებს “პრავდაში” დაბეჭდილი დადგენილების შედეგებს



[ანა კალანდაძის ხმა]66. “პირველად რომ გამოვედი 1946 წელს და და წავიკითხე ჩემი ლექსები, არავის არაფერი უთქვამს, მხოლოდ იმაზე იყო ლაპარაკი, როგორ გამოეცათ წიგნი, მაგრამ ორიოდე თვის შემდეგ, როცა ჟურნალები “ზვეზდა” და “ლენინგრადი” დაამუშავეს, აპოლიტიკურობისა და უიდეობისათვის, იმ ტალღამ ჩვენს გვიწია საქართველოში... ამან გამოიწვია ის, რომ ჩემმა პირველმა წიგნმა შვიდი წლით დააგვიანა”

ანა კალანდაძის თქმით, იმხანად განსაკუთრებით “მოხვდათ” ეგრეთ წოდებულ “აპოლიტიკურ პოეტებს”. დადგენილებაში ხომ პირდაპირ მიუთითეს რედაქტორებს როგორი უნდა იყოს საბჭოთა ჟურნალი... სულ ერთია პოლიტიკური იქნებოდა ის, თუ მხატვრული – “ჟურნალი არ შეიძლება აპოლიტიკური იყოს, მწერალი და პოეტი არ შეიძლება აპოლიტიკური იყოს, რადგან ჟურნალებმა მომავალი თაობის აღზრდაზე უნდა იზრუნონ”

[ანა კალანდაძის ხმა]67 “ის ლექსები, რომელიც ჩემს კრებულებში იბეჭდებოდა, ამ აპოლიტიკურობის გამო მახინჯდებოდა... რაღაცეებს გლეჯდნენ, და აი, ასე...00.30 მერე მკითხველი მე მეკითხებოდა, რატომ ამოიღეთ ეს სტროფიო”

დიახ, 60 წლის წინ მიღებული დადგენილება საბჭოთა კავშირის კომპარტიამ მხოლოდ გორბაჩოვის მმართველობის მესამე წელს დაგმო. მანამდე კი ჯერ ხრუშჩოვის, მერე ბრეჟნევის ხელისუფლება ყოველთვის ერიდებოდა ზოშჩენკოსა და ახმატოვას ნაწარმოებების დიდი ტირაჟით გამოცემას. მას მერე, რაც საბჭოთა ტელევიზიით ელდარ რიაზანოვის ფილმი “ბედის ირონია” უჩვენეს, ხალხი გაკვირვებული ამბობდა, ალა პუგაჩოვა ფილმში ანა ახმატოვას ლექსზე დაწერილ სიმღერას ასრულებსო. ამ სრულიად “უმტკივნეულო”, მართლაც აპოლიტიკურმა სიმღერამაც კი ხალხს რაღაცის იმედი გაუღვიძა – რაღაც ადამიანურის.

[სიმღერა ანა ახმატოვას ტექსტზე. ალა პუგაჩოვა]
XS
SM
MD
LG