Accessibility links

ლიბანში ბრძოლა გრძელდება, ისევე როგორც ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად


ლიბანში გრძელდება საჰაერო დარტყმები და ბრძოლა ხმელეთზე. გაეროს უშიშროების საბჭო კი ემზადება სხდომისთვის,

რომელზეც უნდა შეთანხმდნენ, როგორ მოუღონ ბოლო ერთთვიან შეიარაღებულ კონფლიქტს ისრაელსა და მოძრაობა “ჰიზბოლაჰს” შორის. ამ კონფლიქტმა უკვე 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ნიუ-იორკში იმსჯელებს ზავის შესახებ რეზოლუციის პროექტზე, იმედოვნებს, რომ ტექსტზე ერთსულოვნებას ხვალისთვის მიაღწევენ.

რეზოლუციის წინა პროექტი, როგორც ცნობილია, ლიბანმა უარყო, რახან ამ პროექტით, რომელიც აშშ-მა და საფრანგეთმა მოიწონეს, გათვალისწინებული არ იყო ისრაელის დაუყოვნებლივ გასვლა სამხრეთ ლიბანიდან. ამ რეგიონში ისრაელის ჯარისკაცების რიცხვი ამჟამად 10 ათასს აღწევს. ლიბანი გამოდის ინიციატივით, რომ, როგორც კი ისრაელის ჯარისკაცები დატოვებენ მის ტერიტორიას, მათს პოზიციას 15 ათასი ლიბანელი ჯარისკაცი დაიკავებს.

უნდა ითქვას, რომ ლიბანის ამ ინიციატივას მალევე მოჰყვა ისრაელის გამოხმაურება - დადებითი გამოხმაურება. [ეჰუდ ოლმერტის ხმა] “ჩვენ ამ წინადადებას განვიხილავთ, ის საინტერესოაო”, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა.

ამგვარად, კონფლიქტისთვის ბოლოს მოღების ინიციატივების განხილვა გრძელდება. გაეროში დღეს ლიბანის ინტერესების დაცვას შეეცდება დელეგაცია არაბული ლიგის გენერალურ მდივან ამრ მუსას ხელმძღვანელობით. ახლო აღმოსავლეთს კი გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიაშურა სამდღიანი ტურნეთი - გაეროს მომავალ რეზოლუციაზე ლიბანისა და მისი არაბი მოკავშირეების დასაყოლიებლად.

[ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ხმა] “გაეროს უშიშრეობის საბჭოს რეზოლუციით, რომელსაც ამ კვირაში ნიუ-იორკში კენჭისყრაზე გაიტანენ, გვეძლევა რეალური შანსი ახლო აღმოსავლეთში სასწრაფო და აუცილებელი დაზავებისთვის. საამისო წინაპირობაა ის, რომ ირსაელიც და ლიბანიც დათანხმდნენ სამხრეთ ლიბანში, სასაზღვრო რეგიონში საერთაშორისო მასტაბილიზებელი მისიის ამოქმედებას”.

აქვე უნდა ითქვას, რომ ისრაელი, მისი პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მხარს უჭერს სამხრეთ ლიბანში მრავალეროვანი ძალების განთავსებას. ლაპარაკი ხომ იმ რეგიონზეა, რომელში მოქმედ მოძრაობა “ჰიზბოლაჰშიც” ისრაელი მთავარ საფრთხეს ხედავს.

[იოსი კუპერვასერის ხმა] “ზოგი სვამს შეკითხვას, “როგორ მოხდა, რომ ისრაელის არმიამ ხუთ წუთში ვერ გაანადგურა ჰიზბოლაჰიო”? ერთ რამეს ვიტყვი: ჰიზბოლაჰის განადგურება პიცის შეკვეთასავით ადვილი ნურავის ეგონება! ამ საქმეს დრო უნდა”, - განუმარტა ჟურნალისტებს თელ-ავივში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისრაელის მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენელმა, იოსი კუპერვასერმა.

მას არ უთქვამს, რატომ არის ასე ძნელი, უვნებელჰყო შეიარაღებული მოძრაობა, რომლის მეომრების რიცხვი 4 ათასს არ აღემატება, მაშინ როცა მარტო ლიბანში ისრაელის 10 ათასი ჯარისკაცია განთავსებული. ამ შინაარსის შეკითხვით ჩვენმა რადიომ მიმართა ტიმურ გოკსელს - რეგიონის ექსპერტს, ლიბანში გაეროს სამეთვალყურეო მისიის ყოფილ პრეს-მდივანს.

[ტიმურ გოკსელის ხმა] “ეს ადამიანები (“ჰიზბოლაჰის მეომრები”) 18 წელია, ებრძვიან ისრაელს სამხრეთ ლიბანიდან. ეს არის ძალიან გამოცდილი, ძალიან კარგად შეიარაღებული პარტიზანული არმია. ამასთან მისი წევრები დარწმუნებული არიან, რომ რასაც აკეთებენ - სწორია. იმავდროულად ისინი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობენ და თვითონაც ადგილობრივები არიან - ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ საკუთარ სოფლებს იცავენ. თუ ყველა ამ ფაქტორს გაითვალისწინებ, გამოდის, რომ საქმე ეხება ძალიან ძლიერ არმიას - სულ ცოტა, პარტიზანულ არმიას მაინც”.
XS
SM
MD
LG