Accessibility links

logo-print

რა გავლენას მოახდენს საქართველოზე უკრაინის მოსალოდნელი უარი ნატოში გაწევრიანებაზე


უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის ხელახალი

გაპრემიერმინისტრება გარკვეულ ცვლილებებს მოასწავებს არამხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. თანახმად კვირის დასაწყისში ხელმოწერილი პოლიტიკური დეკლარაციისა, რომელსაც “ეროვნული ერთიანობის უნივერსალი” ეწოდება, უკრაინაში სულ მალე რეალობად იქცევა იმ პოლიტიკურ ძალთა სურვილი, ვინც ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხის რეფერენდუმზე გატანას ითხოვს. ნიშნავს თუ არა ეს საბოლოოდ უარის თქმას უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე? და შეასუსტებს თუ არა კიევის ამოვარდნა ალიანსის პრეტენდენტთა სიიდან საქართველოს შანსებს – გახდეს ნატოს წევრი?

ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, უკრაინაში პარადოქსული ვითარებაა. შარშანდელი აპრილიდან ქვეყანა ინტენსიური დიალოგის გზით ცდილობს ალიანსთან დაახლოებას. გასული კვირის დასაწყისში ხელმოწერილი ეროვნული ერთიანობის დეკლარაციის თანახმად კი, რომელსაც, სხვათა შორის, მოქმედი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ხელმოწერაც ამშვენებს, უკრაინის ნატოში გაწევრიანება რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. ეს კი, ფაქტობრივად, ნიშნავს უარის თქმას ნატოში გაწევრიანების რეალურ შანსზე. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, მოსახლეობის 70 პროცენტი წინააღმდეგია უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა, განუცხადა ცოტა ხნის წინ რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის, “უკრაინის რეგიონთა”, ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ტარას ჩერნოვილმა:

[ტარას ჩერნოვილის ხმა] “რაც შეეხება საგარეო პრიორიტეტებს, იცით, აქ ორი, აბსოლუტურად განსხვავებული, ტენდენციაა. აი, ვთქვათ, ნატოში გაწევრიანების მიმართ ჩვენ კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს და არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ნიუანსების გამო. ნატოს წევრობა უმძიმეს დარტყმას მიაყენებს უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, რაც ჩვენთვის მიზანშეუწონელია. მეორეც, ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რისთვისაც შეიძლება ღირდეს ნატოში გაწევრიანება. და კიდევ, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში მოსახლეობის დაახლოებით 75 პროცენტი წინააღმდეგია ნატოში გაწევრიანებისა. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ რეფერენდუმის ჩატარებას და როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე უნდა ვიმოქმედოთ.”


მაგრამ უკრაინის ნატოში გაწევრიანების მომხრეები ფარ-ხმალს არ ყრიან. მათ იმედებს ასაზრდოებს ის ფაქტი, რომ, პრემიერ-მინისტრად ვიქტორ იანუკოვიჩის დამტკიცების მიუხედავად, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთა პოსტები შეინარჩუნეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების მომხრეებმა - ბორის ტარასიუკმა და ალექსანდრ გრიცენკომ. უკრაინის უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა და საპარლამენტო ფრაქცია “ნაშა უკრაინას” ლიდერმა ანატოლი კინახმა რადიო “თავისუფლების “ქართულ სამსახურთან საუბარში განაცხადა, რომ ევროატლანტიკური ორიენტაცია რევიზიას არ ექვემდებარება:
[ანატოლი კინახის ხმა] “აი, სწორედ ეს არის უბადრუკი მიმდინარე კონიუნქტურა, ვინაიდან არსებობს ფასეულობები, რომლებიც არ შეიძლება იქცეს ვაჭრობის საგნად პოლიტიკური კონკურენციის პირობებში. ეს ფასეულობებია: ენა, რელიგია, ტერიტორიული მთლიანობა და ინტეგრაცია. თანამედროვე პირობებში ნატო არის უსაფრთხოების სიტემა - სისტემა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა განვავითაროთ დემოკრატიული პროცესები, ვებრძოლოთ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, ტექნოგენური გამოწვევები, ნარკობიზნესი და უკანონო მიგრაცია. უკრაინამ აირჩია სტრატეგია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ჩვენ არ ვაპირებთ ამ კურსის შეცვლას. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ.”

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა და საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ის პოსტსაბჭოთა ქვეყნები არიან, რომლებსაც “ფერადი რევოლუციების” შემდგომ რეალური შანსი გაუჩნდათ გაწევრიანებულიყვნენ ნატოში. შესაბამისად, თუკი, ანტინატოური ძალების გავლენით, უკრაინა მხოლოდ ნატოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს დასჯერდება და გამოეთიშება ასპარეზობას, იბადება კითხვა: მოახდენს თუ არა ზეგავლენას ეს საქართველოს გაწევრიანების შანსზე, რაც გაიზრდებოდა, თუკი უკრაინა დარჩებოდა გაწევრიანების რეჟიმში? სამხედრო პოლიტოლოგი კახა კაციტაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროატლანტიკურ ორიენტაციაში მოსალოდნელი კორექტივები ვერ შეამცირებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს:

[კახა კაციტაძის ხმა] “მთავარი კონცეპტუალური ღერძი უნდა იყოს ის, რომ საქართველომ თანმიმდევრულად და გამუდმებით, იმისდა მიუხედავად, ეყოლება თუ არა, ასე ვთქვათ, თანამოაზრე, პარტნიორი ამ სიტუაციაში ნატოში გაწევრიანებისათვის, უნდა იაროს, ისე უნდა იაროს, ვითომცდა მოუწევს მარტო სვლა.”[სტილი დაცულია]


თუმცა საქართველოს ნატოსთან დაახლოების შანსების შემცირებაზე გასულ კვირაში ერთი პუბლიკაცია გაჩნდა დასავლეთის პრესაში. ამერიკელი დამოუკიდებელი ექსპერტის რიჩარდ გირაგოსიანის აზრით, საქართველო ნატოსათვის მიმზიდველობას კარგავს იმ მჭახე სამხედრო რიტორიკის ფონზე, რომელიც საქართველოს ხელისუფალთა გამოსვლებში სულ უფრო და უფრო ჭარბობს. გარდა ამისა, ნატოში საქართველოს გაწევრიანებამ, ქვეყნისა, რომლის თაობაზეც, მოუგვარებელი კონფლიქტების გამო, ალიანსის შიგნით განსხვავებული აზრი არსებობს, შესაძლოა, უფრო შეასუსტოს, ვიდრე გააძლიეროს ალიანის უსაფრთხოება, - ასკვნის სტატიის ბოლოს ამერიკელი ექსპერტი რიჩარდ გირაგოსიანი.
დამოუკიდებელი ქართველი სამხედრო ექსპერტის კახა კაციტაძის თქმით, საქართველოსათვის ნატოს კარი კვლავ ღიად რჩება და ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთისკენ კიდევ უფრო შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
[კახა კაციტაძის ხმა] “ ნატოს გაფართოება სიღრმისეული და ლოგიკური პროცესია. რამდენიმე საათია, რაც ისრაელიდან ჩამოვედი, სადაც ძალიან სერიოზულად იხილებოდა საკითხი, ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ჩატარდეს სამხედრო ოპერაცია ნატოს ეგიდით. ასე რომ, ნატოს არეალი იზრდება.”(სტილი დაცულია)

ასეთ ოპტიმისტურ თუ კრიტიკულ პროგნოზებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, ალბათ, ჯერ კიდევ მრავლად უნდა ველოდეთ. ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე მაინც, ვიდრე ნატოს შტაბბინაში საბოლოოდ არ გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის იმ ახალ ეტაპზე გადასვლას, რომელსაც “ინტენსიური დიალოგის ფორმატი” ჰქვია.
XS
SM
MD
LG