Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ვალი


საქართველო ჯერ კიდევ იხდის დავალიანებას გაეროში. წლების განმავლობაში დაგროვილი საწევრო გადასახადი, გაწერილი გრაფიკის მიხედვით,

ქვეყანამ 6 წლის მანძილზე უნდა დაფაროს. წლის განმავლობაში ეს თანხა 80 ათასს შეადგენს. ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი ირწმუნება, რომ საქართველო გაეროში ხმის უფლების დაკარგვის წინაშე არ დგას. ექსპერტების აზრით, პრობლემა ამ მხრივ არც უნდა არსებობდეს.

საქართველოს, ლიბერიას, სომალის, გვინეას,ნიგერიას, ტაჯიკეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის საერთო გაეროს საწევროს დავალიანებაა, რის გამოც საქართველო არცთუ დიდი ხნის წინ ხმის ჩამორთმევის საშიშროების წინაშე დადგა. დავალიანებამ ნახევარ მილიონს მიაღწია. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი აცხადებს, აღნიშნული ვალი, 80 ათასის ოდენობით, ყოველი წლის შემოდგომით იფარება და, გაწერილი გრაფიკის მიხედვით, ქართულ სახელმწიფოს კიდევ 6 წელი მოუწევს დაგროვილი თანხის გადახდა დავალიანების მთლიანად დასაფარავად:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ,,იხდება ყოველ წელს, უკან ამაზე არ ვიხევთ, მაგრამ ჩვეულებრივი რუტინული რამ არის, რომ ყოველ წელს გაფრთხილება ხდება, რომ არსებობს ვალი და იმის გამო, რომ ჩვენ ეს გრაფიკი აღებული გვაქვს და იფარება ბოლო წლებია, ამიტომ გადავადება ხდება ხოლმე. ამათგან არის სამი კატეგორია: ქვეყნები, რომლებიც იხდიან ნელ-ნელა; ქვეყნები, რომლებიც არ იხდიან და ქვეყნები, რომლებიც საერთოდ უარს ამბობენ გადახდაზე, რომლებიც ამბობენ, რომ ვერასდროს ვერ გადაიხდიან. ჩვენ ვართ პირველ კატეგორიაში - ჩვენ ხმა გვექნება, ჩვენი ხმა ამაყად ჟღერს; ოღონდ გაეროში რა აზრი აქვს ხმას, ეგ არ ვიცი, თვითონ გაეროს აქტიურობიდან გამომდინარე.”(სტილი დაცულია)

საქართველო ნელ-ნელა იხდის გადასახადს, თუმცა პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ეს განცხადება ექსპერტებს აოცებთ. ნიკო ორველაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება სხვაგვარი უნდა იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით, საქართველოს, თანხის გადახდის მხრივ, პრობლემები არ უნდა ჰქონდეს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ,,ვალი არც ისეთი დიდია, როგორც ხედავთ. საერთოდ, საწევროს გადასახადები არ არის ხოლმე კატასტროფული. ჩემს გაოცებას იწვევს, ეს პრობლემა რატომ წარმოიშვა. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელების მიდგომა ამ საკითხისადმი სხვაგვარია. ეს პირველი საწევრო გადასახადი არ არის, რომლის გადახდის პრობლემაც უდგება საქართველოს, საუბედუროდ. ეს, ეტყობა, სახელმწიფო პოლიტიკაა!”

ორველაშვილის კითხვაზე პასუხობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ლექსო ალექსიშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანას დავალიანების დაფარვის კუთხით პრობლემები აღარა აქვს. ამ საკითხს კი კურირებას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ,,რეალურად მაგ საკითხთან დაკავშირებით აღარანაირი პრობლემა აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენ გაეროს ძველ საწევროს გადახდასთან დაკავშირებით გვაქვს შეთანხმებული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ხდება ამ საწევროს გადახდა. ისეთი არ არის, რაც შეიძლება იყოს პრობლემური, ანუ გრაფიკი გვაქვს და იმ გრაფიკის მიხედვით ვიმოქმედებთ. წლის განმავლობაში რამდენიმე გადახდა არის და იმისდა მიხედვით ხდება გადახდა. ამ საწევროს გადახდის პროცედურას მართავს საგარეო საქმეთა სამინისტრო.”(სტილი დაცულია)

ამ დროისათვის საქართველოს დავალიანება, დაახლოებით, ნახევარ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მასშტაბური საწევრო გადასახადი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის - იგი ყოველწლიურად 400 მილიონ დოლარს იხდის. ყველაზე მინიმალური კი 20 000 დოლარია და ასეთი ქვეყნების რიგში მოლდავეთი, ნიკარაგუა, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი შედიან.
XS
SM
MD
LG