Accessibility links

logo-print

რა კეთდება ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად და სხვა ბაზრების ასათვისებლად


ქართული ღვინისათვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა საქართველოში რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასეს. ოფიციალური თბილისი ბევრს ეცადა

პრობლემა ეკონომიკური გზებით მოეგვარებინა, მაგრამ მოსკოვის მხრიდან უამრავ წინააღმდეგობას წააწყდა. ვითარება ნაწილობრივ შეიცვალა პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის 14 ივნისის შეხვედრის შემდეგ. რა კეთდება ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად და სხვა ბაზრების ასათვისებლად?
თავდაპირველად შეგახსენებთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომელიც მან 14 ივნისს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] “რუსი ინვესტორები ინტერესს იჩენენ, პირველ რიგში, საქართველოს ღვინის, ლიქიორისა და წყლის პროდუქციის მიმართ. და იჩენენ ინტერესს კონკრეტული საწარმოების მიმართ. ასე რომ, ჩვენ დაინტერესებულები ვართ ხარისხიანი პროდუქციის მიღებით. ძალიან ბევრია ფალსიფიცირებული პროდუქცია - 60 პროცენტია, 60 პროცენტი. თავს გაართმევთ ამ პრობლემას და არავითარი სხვა კითხვები აღარ იქნება პროდუქციის რუსეთის ფედერაციის ბაზარზე შემოტანისას.”

ამ განცხადებიდან ერთი თვის თავზე რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ ქართული ღვინის აკრძალვის საკითხზე საუბრისას განაცხადა, საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება და ამ დროს უმჯობესია პროფესიონალების აზრის გათვალისწინება, ვიდრე პოლიტიკოსებისაო. მიუხედავად ამისა, მას არ დაუსახელებია რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების სავარაუდო თარიღიც კი.

ამ პერიოდს ემთხვევა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. მასში ღვინის რუსი სპეციალისტების საქართველოში მივლინების სურვილია გამოთქმული ქართული ღვინის ხარისხის შესასწავლად.

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] ”ჩვენ არაერთხელ ვაცხადებდით, რომ მივიღოთ მათი დელეგაცია. ნებისმიერი ქარხანა თუ ვენახი დავათვალიერებინოთ...”

ეს არის მიხეილ სვიმონიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. მისი უწყების მზადყოფნა, რუს კოლეგებთან ითანამშრომლოს, ჯერჯერობით უპასუხოდაა დარჩენილი.

სანამ თბილისში მოსკოვიდან პასუხს მიიღებენ, მანამდე ქართული ღვინის ყოფილ საბჭოთა და სოციალისტურ ქვეყნებში ექსპორტზე საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად კერძო სტრუქტურებიც ზრუნავენ.

8 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომპანია ”არტი ჯგუფი” ქართული ღვინის მწარმოებლებს შეხვდა და უკრაინის, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ბაზრებზე ვაჭრობის გაფართოებაში დახმარებას დაჰპირდა. კომპანიის გენერალური მენეჯერი მარტინ ვეცვანაგსი:

[მარტინ ვეცვანაგსის ხმა] ”ჩვენ ვიწვევთ იქაურ დისტრიბუტორებს და ვთავაზობთ, ჩვენს ხარჯზე ჩამოვიდნენ საქართველოში. ანუ ჩვენ ვაფინანსებთ მათ მგზავრობას საქართველოში და მათ შეხვედრებს ღვინის მწარმოებლებთან. ჩვენ ამაში კომერციული ინტერესი არა გვქვს, ჩვენ ღვინოს არ ვაწარმოებთ. ჩვენ გვაქვს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ინტერესი და ამიტომ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ, რათა ეს საქმე განვითარდეს.”

ქართული ღვინის - ”ქინძმარაულის” - მწარმოებელ თამაზ კონჭოშვილს ვკითხე, რუსეთში გაყიდვების მოცულობის რა ნაწილს შეესაბამება უკრაინის, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ბაზრები:

[თამაზ კონჭოშვილის ხმა] ”ისედაც გვქონდა ჩვენ ეს ბაზრები...”

თამაზ კონჭოშვილიც და ქართული ღვინის სხვა მწარმოებლებიც აღნიშნავენ, რომ რუსეთის ბაზრის კრიზისს დადებითი მხარეც ჰქონდა - მან თითქმის მთლიანად მოახრჩო ფალსიფიცირებული ღვინის წარმოება და ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლებს განვითარების უფრო მეტი საშუალება მისცა.
XS
SM
MD
LG