Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური თბილისი სამშვიდობო მექანიზმის შეცვლას ითხოვს


რამდენად ეფექტიანია ის სამშვიდობო მექანიზმი, რომლითაც დაპირისპირებული მხარეები და საერთაშორისო ორგანიზაციები ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური

კონფლიქტების მოგვარებას ცდილობენ? საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 7 აგვისტოს სოფელ ავნევთან განთავსებულ პოლიციის საგუშაგოზე მომხდარი ბანდიტური თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მსგავსი პროვოკაციები სწორედ რომ სამშვიდობო ძალებისა და მათი ხელმძღვანელობის უმოქმედობის ფონზე ხორციელდება. საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის მოგვარების არსებულმა მექანიზმმა ამოწურა თავისი პოტენციალი და რომ, პირველ რიგში, აუცილებელია სამშვიდობო ძალების ფორმატის შეცვლა. რის შეცვლას ითხოვს ოფიციალური თბილისი და როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება დასახული მიზნის მიღწევას?

რუსი სამხედრომოსამსახურეები ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონებში გასული საუკუნის 90-იან წლების პირველი ნახევრიდან იმყოფებიან, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არ შემწყდარა სისხლისღვრა, რომელმაც, ოფიციალური ინფორმაციით, 1500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალები მანდატით გათვალისწინებულ პირობებს ვერ ასრულებენ. მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის ზონაში ქართული პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმა სწორედ რომ რუსული სამშვიდობო ძალების ხელშეწყობით მოხდა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუხანათურად, მოპარვით ხდება თავდასხმები ჩვენს პოსტებზე. მე პირდაპირ ვიტყვი: ეს არის მოსკოვის უშუალო დაკვეთა, რათა მოხდეს ყურადღების გადმოტანა ამ რეგიონზე.“

თუმცა უნდა ითქვას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გამონაკლისი. დიდი ხანია, რაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთს არ განიხილავს კონფლიქტის ნეიტრალურ მხარედ და, შესაბამისად, არც მეზობელი ქვეყნის სამშვიდობო ძალებს ენდობა. კონფლიქტის მოგვარების გეგმის, ანუ ეგრეთ წოდებული საგზაო რუკის მიხედვით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეადგინა, უნდა განხორციელდეს კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისელები:

[მამაკაცის ხმა] „უნდა მიაწვე და მიაწვე, იმიტომ რომ საქართველო სამართლიანობისთვის იბრძვის და რუსეთი კი არის დამპყრობელი, აგრესორი.“

[მამაკაცის ხმა] „რუსები კი გავლენ, მაგრამ ვინ დაიკავებს მათ ადგილს?“

რუსეთის, უფრო სწორად კი, რუსი სამხედროების ადგილი, ოფიციალური თბილისის თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით მოქმედმა მრავალეროვნულმა ძალებმა უნდა დაიკავონ. საქართველოს ხელისუფლების ამ პოზიციას კარგად იცნობს გაეროს მეთვალყურეთა მისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი მარიან სტაშევსკი, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს არაფერი სმენია საქართველოს ხელისუფლების სხვა სახის ძალისხმევაზე:

[მარიან სტაშევსკის ხმა] „გულახდილად რომ გითხრათ, მე ბევრი არაფერი ვიცი ამ პროცესზე. ალბათ, ამ კითხვით საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოთ. მე არაფერი ვიცი გაეროს ფარგლებში მიმდინარე მსგავსი პროცესის შესახებ.”


სამშვიდობო ძალების ფორმატის შეცვლის საკითხი რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მეტ ძალისხმევას საჭიროებს, ამაში ეჭვი არც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს მეტიუ ბრაიზას ეპარება.

[მეტიუBბრაიზას ხმა] „ეს საკითხი იმდენად შეერთებული შტატების გადასაჭრელი არ არის. თბილისის მთავრობამ და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაეროსა და რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების შედეგად უნდა მიაღწიონ საკითხის გადაჭრას. საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს ხალხმა გამოთქვა სურვილი საქართველოს ტერიტორიის (ჩემი მთავრობაც ამ ტერიტორიას საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს) თანამეგობრობის ძალებისგან გათავისუფლების შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს საკითხი შეერთებული შტატების გადასაჭრელი არ არის.“



საქართველოს ხელისუფლებაში კი სჯერათ, რომ უკვე გადადგმული ნაბიჯები და მოქმედების გეგმა შესაძლებელს ხდის ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას, როგორიც არის კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო გააქტიურება, თუმცა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, ხელისუფლებას მიზნის მიღწევაში ხელს მძიმე მემკვიდრეობა უშლის:

[შოთა მალაშხიას ხმა] „დეზინფორმირებული იყო მსოფლიო საზოგადოება ჩვენი ხელისუფლების მიერ, ვგულისხმობ წინა ხელისუფლებას. ამ პროცესის უკან დაბრუნებას სჭირდება გარკვეული პერიოდი და ტერმინოლოგია: ანექსია, ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტიის მხარე - უნდა გაჯდეს საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერებაში. ამის შემდეგ, ანუ როცა ამ ტერმინოლოგიით გავაჯერებთ როგორც საინფორმაციო, ასევე პოლიტიკურ წრეებს, გადავალთ შესაბამის ქმედებებზე.“

შესაბამის ქმედებაში შოთა მალაშხია, უპირველეს ყოფლისა, გაეროს წესდების 27-ე მუხლის ამოქმედებას გულისხმობს - მუხლისა, რომლის თანახმადაც, კონფლიქტის მონაწილე მხარეს ეკრძალება შუამავლის როლის შესრულება. თუმცა გაეროში განხილვამდე საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო ძალების კრიტიკას არ მოერიდება ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე, რომელიც, სავარაუდოდ, 17-18 აგვისტოს მოსკოვში გაიმართება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG