Accessibility links

რა გადაწყვიტეს საქართველოს საგარეო, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და კონფლიქტების მინისტრებმა


დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შინაგან საქმეთა, თავდაცვის, კონფლიქტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ


და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და მისი მოწესრიგების გზებზე ისაუბრეს. ვანო მერაბიშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, მერაბ ანთაძემ და გელა ბეჟუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და რამდენიმე ახალი ინიციატივა გამოაცხადეს.

ბოლო დროს, კოდორის ცნობილი მოვლენების შემდეგ, საგრძნობლად დაიძაბა ვითარება საქართველოს კონფლიქტურ ზონებში - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. ამ რამდენიმე დღის წინ ცხინვალის რეგიონში ქართველ პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, საომარი მოწოდებები ისმის ჩრდილოეთ კავკასიიდან, ხოლო აფხაზეთში, გალის რაიონში, შეიარაღებული შეტაკება მოხდა და სოხუმის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული დივერსიული ჯგუფი დააკავა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კომენტარები:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] ”რა უნდა გითხრათ ამ სისულელეზე! ერთ რამეს ვიტყვი, რომ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. ეს არ გამომდინარეობს ჩვენი ახირებიდან, არამედ იმ საფრთხეების შეფასების დოკუმენტიდან, რომელიც ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობით მოვამზადეთ. ამაშიც არის საკმაოდ კარგი ანალიზი ჩრდილოკავკასიაში არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე, გარკვეული სცენარებიც მზად გვაქვს.”

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ”ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს ეჭვი შევიტანოთ სამშვიდობო ძალების ეფექტურობაში როგორც გალის ტერიტორიაზე, ასევე ცხინვალის რეგიონში და ის, რაც მოხდა 2 დღის წინ ავნევში, დანაშაულებრივი გულგრილობა გამოიჩინა რუსეთის სამშვიდობო ძალებმა და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი იქ არიან არა მშვიდობისათვის, არამედ კონფლიქტის გაღვივებისა და სეპარატისტების ხელშეწყობისათვის.”(სტილი დაცულია)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი კი რუსეთის სამშვიდობო ძალებს ადმინისტრაციული საზღვრის ადმინისტრატორებს უწოდებს და სამშვიდობო მისიის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ყველა ჩვენგანი ,ვითვალისწინებთ რა პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ საქართველოდან, ბუნებრივია, მთავრობა მუშაობს, სწავლობს ყველა დეტალს, რათა ხელისუფლებამ თავის დროზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.”(სტილი დაცულია)

ლაპარაკია ყველა იმ ხელშეკრულებიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ, რომლის ძალითაც ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალებია განლაგებული.

თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საქართველოს მთავრობის წევრები მხოლოდ მზადყოფნაზე მიანიშნებენ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტროში შეკრებილმა ოთხმა მინისტრმა იმსჯელა, კოდორის ხეობა და იქ შექმნილი ვითარებაა. შედეგად, საქართველოს მთავრობა ახალი წინადადებით გამოდის. გელა ბეჟუაშვილის განცხადება:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ შესაძლებელი გახდება გაეროს მონიტორინგის ჩატარება კოდორის ხეობაში აგვისტოს 20 რიცხვიდან. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას, ტრანსპორტირებას. ამავდროულად, თანაბრად და ერთდროულად უნდა ჩატარდეს გაეროს მონიტორინგი კოდორის ქვედა ზონისა, ტყვარჩელის რაიონის. ეს იქნება ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა.”

აქამდე საქართველოს ხელისუფლება კოდორის ხეობის სანაცვლოდ გუდაუთის სამხედრო ბაზის მონიტორინგს მოითხოვდა. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, გუდაუთის ბაზის შემოწმება სტამბულის ხელშეკრულების საგანია და მისი შესრულება კოდორის ხეობასთან კავშირში არ არის. კოდორის ზედა ნაწილის მონიტორინგს ცალკე ხელშეკრულება არეგულირებს, რომელიც ასევე არეგულირებს კოდორის ქვედა ზონის მონიტორინგის საკითხს. ამ და სხვა წინადადებებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს 15 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააცნობს.
XS
SM
MD
LG