Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუბერკულოზი ქართულ ციხეებში - პატიმართა სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია


ტუბერკულოზის პრობლემა კვლავ აქტუალურია საქართველოში, სადაც, კვლევების თანახმად, დაავადებულთა რიცხვი ყოველ 100 ათას მოსახლეზე 130-ს შეადგენს,

რაც, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, არადამაკმაყოფილებელ ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებლად ითვლება. შედარებისთვის: ანალოგიური მაჩვენებლები კეთილსაიმედო ქვეყნებში 100 ათას მოსახლეზე 10-15-ს არ აღემატება.

უნდა ითქვას, რომ ტუბერკულოზი განსაკუთრებულ საფრთხეს ჩაკეტილ, იზოლირებულ გარემოში მყოფ ადამიანებს უქმნის. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში ჩატარებულმა არასრულმა კვლევამ აჩვენა, რომ 7 ათასი პატიმრიდან 300-მდე პატიმარი ტუბერკულოზითაა დაავადებული. მეტიც, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, სულ ახლახან ტუბერკულოზის დიაგნოზით ორი პატიმარი გარდაიცვალა.

პროგრამას - ტუბერკულოზი ციხეებში - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 2002 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა გამოვლენა ადრეულ სტადიაში და მათი გადაუდებელი მკურნალობა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ექსპერტთა შეფასებით, პროგრამა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებების გათვალისწინებით, წარმატებით ხორციელდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართულ ციხეებში პატიმრები ტუბერკულოზით მაინც იღუპებიან.

[ისმის ხმა] „მიცვალებულს რატომ არ გვაძლევთ? მიცვალებული მაინც მოგვეცით.“

ეს ჩანაწერი ორიოდე თვის წინაა გაკეთებული. ნათესავები ტუბერკულოზით გარდაცვლილი პატიმრის, ვლადიმირ მარტინოვის, გვამს ითხოვენ. ნათესავები ეჭვობენ, რომ ავადმყოფი უყურადღებობის გამო გარდაიცვალა, თუმცა, როგორც გიორგი არსოშვილი, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეფორმების მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, აცხადებს, ტუბერკულოზით დაავადებულთა გამოვლენა და მკურნალობა ობიექტური მიზეზებითაა გართულებული: [გიორგი არსოშვილის ხმა] „სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი პატიმარი არის მოძრავი პიროვნება, რომელიც შეიძლება გადაყვანილი იქნეს ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში, რაც, ცხადია, ართულებს მთლიანი მასის გამოკვლევას და ამიტომ არის, რომ, 2006 ივნისის მდგომარეობით, შესწავლილი იქნა მხოლოდ 7 ათას 99 პატიმარი.“

ანუ, გიორგი არსოშვილის თქმით, კვლევის მიღმა დარჩა, დაახლოებით, 5 ათასამდე პატიმარი. სულ, ოფიციალური ინფორმაციით, სასჯელაღსრულების 16-ივე დაწესებულებაში 12 ათასამდე ადამიანი იხდის სასჯელს ან ელოდება განაჩენს.

ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, ამბობს, რომ პატიმართა გარდაცვალების უპირველესი მიზეზი სწორედ რომ ციხეების უზომო გადატვირთვაა: [ნანა კაკაბაძის ხმა] „საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ამდენი პატიმარი. კომუნისტების დროსაც კი 10 ათასზე მეტი არ იყო, ციხეები არ იყო ამდენ პატიმარზე გათვლილი. ამიტომ ელემენტარული პირობებიც კი არა აქვთ პატიმრებს იმისათვის, რომ იარსებონ. გავრცელებულია უამრავი დაავადება, არ უტარდებათ ამ ადამიანებს იქ სათანადო მკურნალობა და, ბუნებრივია, ამის გამო სიკვდილიანობის რიცვხმა იმატა.“

თუმცა იუსტიციის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო პატიმრების შენახვისთვის, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს. გიორგი არსოშვილის კომენტარი: [გიორგი არსოშვილის ხმა] „პატიმრებზე გამოყოფლი თანხმა, 2006 წლის მდგომარეობით, ფაქტობრივად, გაორმაგებულია. თუ წინა წელს ერთი პატიმრის შესანახად გამოყოფილი იყო 23 ლარი და 50 თეთრი, წელს ერთი პატიმრის შენახვაზე გამოყოფილია თვეში 50 ლარი.“

გიორგი არსოშვილის თქმით, ასევე გაორმაგდა სამედიცინო მომსახურებისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტის მოცულობა. არჩილ სალაყაიაც - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის მკურნალობის პროგრამა ეფექტიანად ხორციელდება:
[არჩილ სალაყაიას ხმა] „პენიტენციურ სისტემაში უკეთესი მდგომარეობაა. შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც 4-5 წლის წინ იყო, იმავე ავადმყოფთა რაოდენობისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების თვალსაზრისით.“

და მართლაც, იუსტიციის სამინისტროში არ მალავენ, რომ ტუბერკულოზზე მეტად პატიმრების სიცოცხლეს სულ სხვა დაავადებები უქმნიან საფრთხეს. [გიორგი არსოშვილის ხმა] „პირველ ადგილზეა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ანუ იშემიური დაავადებები, რომელთა გამო ყველაზე მეტი პატიმარი იღუპება. ხაზი მინდა გავუსვა: ტუბერკულოზი არცთუ ისე ხშირად არის გარდაცვალების მიზეზი. ვიმეორებ: პენიტენციურ სისტემაში ამ დაავადების მკურნალობა უფრო ეფექტიანად ხორციელდება, ვიდრე სამოქალაქო სექტორში.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG