Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ახალი მთავრობის წევრთა პროფესიული და პოლიტიკური პორტრეტები


უკრაინის ახალი მთავრობა, რომელიც 4 თვიანი კრიზისის შემდეგ უმაღლესმა რადამ აგვისტოს დასაწყისში დაამტკიცა, პოლიტიკური შემადგენლობით საკმაოდ ჭრელია.

მასში შედიან როგორ პრეზიდენტ კუჩმას დროინდელი მინისტრები, ასევე კრიმინალურ ბიზნესთან წილნაყარი პოლიტიკოსები და მათგან რადიკალურად განსხვავებული დემოკრატები, რომლებიც ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის განუხრელი მომხრეები არიან. მინდა უკრაინის ახალი მთავრობის პროფესიულ და პოლიტიკურ პორტრეტზე გესაუბროთ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ იანუკოვიჩის მოადგილეთა პოსტები, როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა უძველესმა და უერთგულესმა მეგობრებმა მიკოლა აზაროვმა და ანდრია კლიუევმა დაიკავეს. აზაროვმა, როგორც იანუკოვიჩის წინა პრემიერმინისტრობისას, პარალელურად ფინანსთა მინისტრის პოსტიც შეითავსა, კლიუევი კი – გაზისა და ენერგეტიკის სექტორზე იქნება პასუხისმგებელი. ამასთან, პრაქტიკულად მთელი ეკონომიკური პროფილის – ენერგეტიკის, სოციალური, მშენებლობის, ეკონომიკისა და ინდუსტრიის სამინისტროების – მართვის სადავეები “ჩვენი რეგიონის” პარტიის ხელში გადავიდა, თუმცა მთავრობის ახალ წევრებს შორის ბევრის წარსული კვლავ არაჯასანსაღ მითქმა-მოთქმას იწვევს. მაგალითად, 1996-2002 წლებში, როდესაც ახალი ვიცე-პრემიერ- მინისტრი, მიკოლა აზაროვი, საგადასახადო სამსახურის უფროსი იყო, მას ოპოზიცია საკმაოდ მძიმე ბრალდებას უყენებდა კორუფციული გარიგებების გამო, განაცხადა ჩვენთან საუბარში უკრაინელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრ შუშკომ:

[ ალექსანდრ შუშკოს ხმა] “პრინციპში აზაროვთან, შესაძლოა, ბევრი პრეტენზიები არსებობდეს, რადგან პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას დროს იგი მმართველი ელიტის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.”

მაგრამ ეს ბრალდებები უკრაინის მთავრობაში ახლა აღარავის ახსოვს. ან ისე იქცევიან, თითქოს არ ახსოვდეთ. არ იმჩნევს ამას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, “ნარინჯისფერი რევოლუციის” ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა და ორატორი იური ლუცენკო, რომელიც რევოლუციის შემდეგ იმუქრებოდა, ამომრჩეველთა ხმების გამყალბებლებს და ბანდიტებს ციხეში ჩავსვამო. უკრაინაში კარგად ახსოვთ, რომ არც კორუფციისა და არც არჩევნების გაყალბების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არავის დაჰკისრებია. ამჯერად, როცა ახალ კაბინეტში მუშაობაზე დათანხმდა, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ შესაძლებლად ეჩვენება პრეზიდენტის პოლიტიკის გატარება იანუკოვიჩის კაბინეტში.

ამასვე იმეორებენ საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი და თავდაცვის მინისტრი ანატოლი გრიცენკო, რომლებმაც “რეგიონალების”, სოციალისტებისა და კომუნისტების წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, პრეზიდენტის კვოტით, პოსტები შეინარჩუნეს. ორივე პოლიტიკოსი კი, როგორც ცნობილია, განუხრელად უჭერს მხარს უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას და პრეზიდენტ იუშჩენკოსგან მიღებული აქვთ დავალება, დაარწმუნონ საზოგადოება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომ უკრაინის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, კერძოდ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პოლიტიკა, ვიქტორ იანუკოვიჩის პრემიერმინისტრობისას, ძირითადად, უცვლელი დარჩება. აი, რას ამბობს ამაზე დამოუკიდებელი უკრაინელი პოლიტოლოგი ალექსანდრ შუშკო:

[ალექსანდ შუშკოს ხმა] “ჩანს, მიღწეულია გარკვეული შეთანხმება, რომ მთავრობა შეასრულებს ადრე ნაკისრ ყველა ვალდებულებას, მათ შორის, ნატოსთან ურთიერთობაში. ასე რომ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უკრაინა უარის თქმას არ აპირებს. უბრალოდ, ამ ინტეგრაციის ტემპები ვერ იქნება ისეთი, როგორიც ეს, მაგალითად, ბატონ ტარასიუკს სურდა ყოფილიყო.”


ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეკონომიკური პროფილის სამინისტროებსაც“რეგიონთა” პარტიის წარმომადგენლები ფლობენ, მიმომხილველების ვარაუდით, მკვეთრად არც ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები შეიცვლება. ალექსანდრ შუშკოს თქმით, თუკი მთავრობა მაინც გადადგამს პროტექციონისტული პოლიტიკისაკენ ნაბიჯს, ეს მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ქვეყანაში ექსპორტ-იმპორტის მხრივ შექმნილი დისბალანსი შეამციროს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG