Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის გასასვლელი დროებით გადაიკეტა


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ოთხკილომეტრიან მონაკვეთზე

დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10-დან 20 აგვისტომდე სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებს დედაქალაქის დატოვება შემოვლითი გზით მოუწევთ. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ მძღოლებს ახალ მარშრუტში გარკვევა არ გაუჭირდებათ, რადგანაც გზის გასწვრივ, დამტკიცებული სქემის მიხედვით, განთავსდება საგზაო ნიშნები, ხოლო ახალი რეჟიმით ტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს. რა მოცულობის სამუშაოს ასრულებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და რას ფიქრობენ თბილისელი მძღოლები შეკეთებული გზების ხარისხზე?
[ისმის მძიმე ტექნიკის ხმაური]
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-16 კილომეტრზე დილის რვა საათიდან მუშაობს. როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარე რომან დალაქიშვილი ამბობს, აღსადგენია 4 კილომეტრი სიგრძის გზის სავალი ნაწილი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარია გამოყოფილი:
[რომან დალაქიშვილის ხმა] „ჩვეულებრივი მოვლენაა, სამუშაოს ვაწარმოებთ. არსებობს გვერდის ასაქცევი გზა და იმისათვის, რომ დისკომფორტი არ შეექმნათ მძღოლებს და სამუშაოს მწარმოებლებს, დროებით ვკეტავთ გზას.“
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ აღდგენილ მონაკვეთზე მიმოსვლა ათი დღის შემდეგ განახლდება, მანამდე კი მსუბუქი ავტომობილის მძღოლები შემდეგი სქემით იმოძრავებენ: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრი, ავჭალა-ზაჰესის ხიდი, თბილისის შემოსავლელი გზა და ულიანოვის ქუჩის მიმართულება. რაც შეეხება სატვირთო ავტომობილებს, მათი მოძრაობის მარშრუტი გაივლის აღმაშენებლის ხეივნიდან მარჯვნივ, გლდანის ხიდსა და გურამიშვილის გამზირზე და გაგრძელდება ავჭალის გზატკეცილით თბილისში შემოსავლელ გზამდე. რომან დალაქიშვილის თქმით, გზის შესაკეთებლად აგვისტოს ცხელი თვე საგანგებოდ შეირჩა:
[რომან დალაქიშვილის ხმა] „იმიტომ შეირჩა, რომ ზაფხული არის ყველაზე ოპტიმალური პერიოდი ასფალტო-ბეტონის საფარის მოსაწყობად.“
სულ, მიმდინარე წლის განმავლობაში, დეპარტამენტმა 2 მილიონამდე კვადრატული მეტრის ასფალტო-ბეტონის საფარი აღადგინა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გზების ხარისხით ყველა მძღოლი ერთნაირად კმაყოფილია:
[მამაკაცის ხმა] „არა, გზები ნორმალურია, შედარებით იმასთან, რაც იყო. რა თქმა უნდა, ახლა გზები ბევრად უკეთესია.“
[მამაკაცის ხმა] „მომიწია აეროპორტის ტრასაზე გასვლა. გზა მოპრიალებულია, კარგად არის დაგებული, მაგრამ იქით არ ვარგა. სამი საათი მოვუნდი საგარეჯოში ჩასვლას. თუ აკეთებ, ალბათ, წესიერად უნდა გააკეთო, რომ მეორედ დასაგები არ გახდეს.“
მძღოლები, გზის ხარისხის გარდა, ხშირ შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების განყოფილების მუშაობითაც უკმაყოფილონი არიან. ავტომობილისტთა თქმით, ბევრგან ასფალტი არასწორაადაა დახაზული, რაც, როგორც წესი, ავარიული სიტუაციების შექმნისა და მძღოლების დაჯარიმების მიზეზი ხდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომან დალაქიშვილი მძღოლების ამ საყვედურს უსაფუძვლოს უწოდებს:
[რომან დალაქიშვილის ხმა] „ყველა მძღოლს აქვს სურვილი, რომ სადაც მოესურვება, იქ გაასწროს, მაგრამ, მოძრაობის უსაფრთხოებიდან და არსებული სტანდარტებიდან გამომდინარე, დგება დისლოკაცია და ამის მიხედვით ხდება დახაზვა. მეც, როგორც მძღოლს, გარკვეული მოთხოვნილება გამაჩნია და აღშფოთებას გამოვთქვამ, როცა მზღუდავენ, მაგრამ თუ არ იქნება ეს შეზღუდვები, ბევრისთვის ფატალურად დასრულდება გზებზე მოძრაობა. მეტს გეტყვით, ნიშნებია დაყენებული, სიჩქარეებია შეზღუდული, მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევს.“(სტილი დაცულია)

ოფიციალური ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში 5 ათასამდე კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის გზა შეაკეთა. ასევე შთამბეჭდავია ის თანხაც, რომელსაც სახელმწიფო გზების რეაბილიტაციაზე ხარჯავს. 2006 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 190 მილიონი ლარის სამუშაო უნდა შეასრულოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG