Accessibility links

რეზერვისტების ბანაკში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივები


უკვე 1 კვირაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის კუთვნილ შვებულებას ატარებს ოსიაურის რეზერვისტთა ბანაკში, რიგითი რეზერვისტის სტატუსით.

პრეზიდენტს ისე მოეწონა რეზერვისტთა ბანაკში შექმნილი ვითარება, რომ გადაწყვიტა რეზერვისტობა სავალდებულო სამსახურად აქციოს. ეს ახალი ინიციატივა მიხეილ სააკაშვილმა 10 აგვისტოს ოსიაურში გამოაცხადა. მინდა გიამბოთ ამ ინიციატივისა და იმის შესახებ, თუ როგორ ატარებს პრეზიდენტი კუთვნილ შვებულებას რეზერვისტის რანგში.

[აუდიოფრაგმენტი ფილმიდან ”რეზერვისტი ჩიტები”] ”დიდი სიამოვნებით მოვკვდებოდი სამშობლოსთვისა, მარა ჯერა რომ არ მცალია, რა ვქნა...”

ეს დიალოგი, ქართულად გახმოვანებული იუმორისტული ნახატი ფილმიდან ”რეზერვისტი ჩიტები”, ძალიან წააგავს იმას, რაც 26 მაისის სამხედრო აღლუმის დაწყებამდე ვნახე.

[ისმის აღლუმის ხმა]
შეგახსენებთ, რომ მაშინ რუსთაველის გამზირზე სამხედრო ავტომანქანებზე მოთავსებულმა 5000-მა რეზერვისტმა ჩაიარა. ამ მსვლელობისას აღლუმის ორგანიზატორები ხმამაღალი შეძახილებით ცდილობდნენ რიგითი რეზერვისტების მოწესრიგებას, რომლებიც არასიმეტრიულად ისხდნენ სამხედრო ავტომობილების ძარაზე. მსვლელობის დაწყებამდე კი მეთაურები სიცხისგან შეწუხებულ ზოგიერთ რეზერვისტს ხან ხის ძირში ეძებდნენ, ხანაც მიწისქვეშა გადასასვლელებში. მიუხედავად მომზადების ასეთი დონისა, საქართველოს პრეზიდენტმა რეზერვისტების რიცხვის გაზრდა მაინც გადაწყვიტა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”იმ პირობებში, როცა საქართველოს უღრჭიალებენ ძალიან სერიოზულად და ეს უკვე თამაშები აღარ არის, ჩვენ უნდა შეგვეძლოს რამდენიმე თვეში მინიმუმ 100 ათასი ადამიანის გამოყვანა, თუ ეს ქვეყანას დასჭირდა. მინიმუმ 100 ათასი ადამიანის. ჩვენ გვყავს საკმაოდ პატარა შეიარაღებული ძალები, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს რეგიონში, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში საქართველომ უნდა გამოიყენოს ტოტალური თავდაცვის მექანიზმები. ყველა სოფელში, ყველა ქალაქში უნდა იყოს ათობით ათასი და, ალბათ, ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე, რომელიც მზად იქნება ჩვენი სამშობლო დაიცვას.”

სააკაშვილის განცხადებით, შესაძლოა ორკვირიანი სარეზერვო მომზადება სავალდებულოც კი გახდეს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”საქართველოში ყველა მოქალაქე, - და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და აქ მე ვარ პარლამენტარებთან ერთად, რომლებთანაც ბევრს ვლაპარაკობ ამ დღეებში, - ყველა ადამიანი უნდა იყოს ვალდებული, რომ თუნდაც 2 კვირით გაიაროს სარეზერვო სამსახური, თუნდაც 2 კვირით.”(სტილი დაცულია)

ამ იდეის განსახორციელებლად სათანადო დავალება უკვე მიეცა თავდაცვის მინისტრს, რომელმაც სექტემბრიდან რეზერვისტთა ბანაკები, სამხედრო კარვების ნაცვლად, სტაციონარული საცხოვრებლებით უნდა აღჭურვოს და რეზერვისტთა მომზადების დონის გაუმჯობესებაზეც იზრუნოს.

კიდევ ერთი ფრაგმენტი ფილმიდან ”რეზერვისტი ჩიტები”:

[აუდიოფრაგმენტი ფილმიდან ”რეზერვისტი ჩიტები”] ”... ჩვენ ერთი გუნდი ვართ? - ერთი გუნდი?.. მე მარტო ვარ, გუნდური ცხოვრება ბატების საქმეა. შენ რატომ რჩები აქა, ერთი ეგ გამაგებინე. - როგორ თუ რატომ, ეს ხომ ჩემი ვალია, ჩვენი ვალია. - მოიცა, მოიცა, არავის ვალი მე არ მაქვს...”

სამხედრო ექსპერტის ირაკლი ალადაშვილის აზრით, რეზერვისტობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”რეზერვისტად ყოფნა გარკვეული პერიოდი ჯობს იყოს ნებაყოფილობითი, იმიტომ რომ, ისევე როგორც ჯარში, რეზერვისტადაც უნდა მივიდეს ისეთი ადამიანი, ვისაც ეს გულით სურს, მართლა პატრიოტია, თორე ძალით წაყვანილი არც იქ ივარგებს და არც სხვაგან.”

ირაკლი ალადაშვილიც და სხვა სამხედრო ექსპერტებიც ამბობენ, რომ განსხვავებულია ვითარება, როდესაც ქვეყანა საომარი მოქმედების საფრთხის წინაშეა. მაშინ ნებაყოფილობითობის პრინციპი, სავალდებულოთი იცვლება.
XS
SM
MD
LG