Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის უმთავრესი მოვლენები საქართველოს


გასული კვირის უმთავრესი მოვლენები საქართველოს

კონფლიქტურ რეგიონებს უკავშირდებოდა. კვირის დასაწყისში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ფრონეს ხეობაში, სოფელ ავნევთან, ოსები თავს დაესხნენ 4 ქართველ პოლიციელს, რომელთაგანაც 2 მძიმედ დაიჭრა. სროლა ისმოდა გალის რაიონშიც. გავრცელებული ცნობით, 8 აგვისტოს სოფელ ნაბაკევთან აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს გალის რაიონის სოფელ რეფში ავტომანქანით მოძრავ ქართველთა ჯგუფს. შეიარაღებული შეტაკების შედეგად, მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი ადამიანი. სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მერაბ ანთაძის ინფორმაციით, გალის რაიონის დაბალ ზონაში შეყვანილია დამატებითი შეიარაღებული ძალები და ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებენ აფხაზური შეიარაღებული ნაწილებისთვის სანგრები გათხარონ. ყოველივე ამის ფონზე, გასულ კვირაში ჩრდილო კავკასიელები სეპარატისტულ ხელისუფლებათა სამხედრო დახმარებისათვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ.

ავნევში ქართველ პოლიციელებზე თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებამ მორიგ პროვოკაციად შეაფასა - პროვოკაციად, რომელიც ქართული მხარის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას ისახავდა მიზნად. ფრონეს ხეობაში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 აგვისტოს, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სოფელ ავნევში პოლიციის ქვეგანაყოფის გაძლიერებისა და სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 2 დღის შემდეგ კი მან მომხდარში რუსი ცისფერჩაფხუტიანებიც დაადანაშაულა:

(ვანო მერაბიშვილის ხმა) ”დანაშაულებრივი გულგრილობა გამოიჩინეს რუსმა სამშვიდობოებმა და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი იქ არიან არა მშვიდობისათვის, არამედ, პირიქით, კონფლიქტის გაღვივებისა და სეპარატისტების ხელის შეწყობისათვის.” (სტილი დაცულია)

ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა 9 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგს წინ უსწრებდა ასევე საგანგებო შეხვედრა, რომელშიც, შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, მონაწილეობდნენ: თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. მინისტრებმა მიაღწიეს საყურადღებო შეთანხმებას, რომელიც მედიას საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა გააცნო:

(გელა ბეჟუაშვილის ხმა) ”შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ შესაძლებელი გახდება გაეროს მონიტორინგის ჩატარება კოდორის ხეობაში აგვისტოს 20 რიცხვიდან. ჩვენ უზრუნველვყოფთ გაეროს მონიტორინგის უსაფრთხოებას, ტრანსპორტირებას. უნდა ჩატარდეს გაეროს მონიტორინგი, ძალიან დეტალური, კოდორის ქვედა ზონისა, ტყვარჩელის რაიონის. ეს იქნება ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა.” (სტილი დაცულია)

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გაეროს მონიტორინგის ჯგუფში, ბუნებრივია, შეყვანილი იქნება რუსეთის, როგორც გაეროს წევრი სახელმწიფოს, წარმომადგენელი, თუმცა საქართველო კატეგორიული წინააღმდეგია მონიტორინგი რუსეთის საბრძოლო ვერტმფრენებით განხორციელდეს.

10 აგვისტოს სააგენტო "ინტერფაქსთან" საუბარში კოდორის ხეობის მონიტორინგის პროცესში რუსი სამშვიდობოების როლის შეზღუდვას აპროტესტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ბორის მალახოვი. ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება 1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ასევე 10 აგვისტოს, ჭუბურხინჯში შემდგარი შეხვედრის შემდეგ, ქართულ და აფხაზურ მხარეებს მოსკოვის შეთანხმების პრინციპების პატივისცემისკენ მოუწოდა გაეროს მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენელმა, გენერალმა ხან ხატაკმა. მისი თქმით, მანდატის ის ნაწილი, რომელიც მოსკოვის შეთანხმებას ეფუძნება, გულისხმობს მონიტორინგს კოდორის ხეობის ზედა ზონაში და იქიდან ქართული სამხედრო დანაყოფების გამოყვანას. ექსპერტთა აზრით, 1994 წელს მიღებული შეთანხმება დღეს ქართული მხარის წინააღმდეგ მუშაობს. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ჩვენ თვითონ”, საქართველოს ხელისუფლებას ამ ბარიერის სასწრაფოდ მოშლას ურჩევს:

(პაატა დავითაიას ხმა) ”ეს არის შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერს აფხაზური მხარიდან სოკრატ ჯიჯოლია, ქართული მხარიდან - ბატონი ჯაბა იოსელიანი. ამ დოკუმენტში წერია, რომ კოდორის ხეობის მონიტორინგს ახორციელებს გაერო და ახორციელებენ დსთ-ს სამშვიდობო ძალები; რომ ქართულ მხარეს არა აქვს უფლება, რომ ჰყავდეს შეიარაღებული ფორმირებები, გარდა ადგილობრივი ადმინისტრაციისა. ამ დოკუმენტს მაინც გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას, დავსვათ დოკუმენტის გაუქმების საკითხი. ეს ჩვენი უფლებაა - აიღონ, წაიკითხონ, გააუქმონ და გამოიყენონ ჩვენს სასარგებლოდ. სხვანაირად ძალიან ცუდად დასრულდება ეს ჩვენთვის.” (სტილი დაცულია)

გასულ კვირაში შვებულების დღეები, რიგითი რეზერვისტის სტატუსით, ოსიაურის რეზერვისტთა ბანაკში გაატარა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რეზერვისტებში სამსახური შესაბამისი ასაკის ყველა პროფესიის ადამიანისთვის საამაყო უნდა იყოს და ყველა ადამიანი უნდა იყოს ვალდებული, რომ თუნდაც 2 კვირით გაიაროს სარეზერვო სამსახური. მეზობელი ქვეყნები ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ სერიოზულ აგრესიას ავლენენ, ამიტომ ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, 48 საათში 100 ათასამდე ადამიანის მობილიზაცია შეძლოს. "მე ამის სურვილი არ გამაჩნია, მაგრამ თუ აუცილებელი იქნება, ქვეყანას ამის უნარი უნდა შესწევდეს," - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოსიაურში გამოსვლისას.

ახლა გადავიდეთ გასული კვირის სხვა საყურადღებო მოვლენებზე. კვირის დასაწყისში გაირკვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება, თუმცა რიცხვი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ 7 აგვისტოს განაცხადა, თბილისის მერის პოსტზე ყველაზე რეიტინგული კანდიდატი ამჟამინდელი მერი გიგი უგულავაა. ნათქვამს, ბუნებრივია, არ ეთანხმებიან ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლები, რომლებმაც ერთმანეთთან კონსულტაციების გამართვა ჯერ კიდევ არჩევნების თვის დასახელებამდე დაიწყეს:

(ზვიად ძიძიგურის ხმა) ”6-მა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ განაცხადა თანხმობა - მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. კონსულტაციის თემა შეეხება იმას, თუ რომელი პოლიტიკური ორგანიზაციები გამოვლენ ერთ ბლოკში და, ნუ, ყოველ შემთხვევაში, ერთ ბლოკზე თანხმობის შემდეგ უკვე სხვა თემებზე იქნება სალაპარაკო. ჩვენი შესაძლო კანდიდატი არის კობა დავითაშვილი. ამიტომ ეს კანდიდატურა ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენი მხრიდან იქნება შეთავაზებული.” (სტილი დაცულია)

დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენლის ზვიად ძიძიგურის მიერ დასახელებული კანდიდატის გარდა, თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციას სურს იხილოს: ბადრი პატარკაციშვილი, თინა ხიდაშელი, გოგა ხაინდრავა, გოგი თოფაძე ან ლევან გაჩეჩილაძე. ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს.

11 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ ისტორიას არ ახსოვს. კოალიცია სასამართლო მანდატურებსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უჩივის. საქმე შეეხება 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დაკავებულ იქნა "თანასწორობის ინსტიტუტის" წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი. მოგვიანებით მას მანდატურების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მოქალაქეების სიმშვიდის დარღვევისთვის თავისუფლება 2 დღით აღეკვეთა. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნანა კაკაბაძე, სამართალდამცავებს უსამართლო და უკანონო მოქმედებაში ადანაშაულებს:

(ნანა კაკაბაძის ხმა) ”მანდატურებმა გამოიყენეს არაადეკვატური ძალა, გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას და არა სასამართლოს შენობაში, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები, წაართვეს მათ კუთვნილი ნივთები და ფიზიკურად შეეხნენ ქალბატონებს. პატრული უყურებდა ამ დარბევას ძალიან მშვიდი პოზიციებიდან და არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ აღეკვეთათ მანდატურების უკანონო ქმედება.” (სტილი დაცულია)

გასულ კვირაში ნანა კაკაბაძე - თავმჯდომარე ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” - სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა გახშირებულ სიკვდილიანობაზეც საუბრობდა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვადასხვა დაწესებულებებში ჯერ მარტო აგვისტოში 9 პატიმარი გარდაიცვალა. "პატიმრების გარდაცვალების უმთავრესი მიზეზებია: დაკავებულების არაადამიანურ პირობებში ყოფნა, ცემა-წამება, სამედიცინო დახმარების არარსებობა, არასათანადო კვება და ფსიქოლოგიური ზეწოლა," -აღნიშნავს კაკაბაძე.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ზრდის მიზეზების დასადგენად იუსტიციის მინისტრმა სპეციალური კვლევის ჩატარების დავალება მისცა სასჯელაღსრულების რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტს. კვლევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უწყებას განცხადებით უნდა მიმართონ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს პატიმართა სიკვდილიანობის მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, ბაჩო ახალაიამ ერთგვარი ღიმილით ისაუბრა იმ 14-მეტრიან გვირაბთან დაკავშირებით, რომელიც პატიმრებმა ქუთაისის მე-2 საპყრობილის 211-ე საკანში გათხარეს:

(ბაჩო ახალაიას ხმა) ”საკმაოდ საინტერესო სახის გვირაბი (ჩაცინება), რომელიც ნამდვილად არ ყოფილა სხვა ციხეებში, რაც ჩვენ აქამდე გვსმენია. გათხრა იყო დაწყებული, გვირაბის კეთება იყო დაწყებული მე-2 სართულიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ვიდეოთვალებით კონტროლი შიგნით, კამერებში, არ ხორციელდება და ხორციელდება მხოლოდ კორიდორებში, ჩვენ, ახლა... შიგნით რას აკეთებდნენ, პრაქტიკულად, ძალიან რთული წარმოსადგენი იყო და, მით უმეტეს, რას აკეთებდნენ საპირფარეშოებში, ახლა, ამის შესახებ რა უნდა გვცოდნოდა?! გადამოწმების შედეგად, აღმოჩნდა სწორედ საპირფარეშოდან ეს გათხრა.” (სტილი დაცულია)

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ციხის ის თანამშრომლები, რომლებმაც გვირაბის ინციდენტთან დაკავშირებით სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს, მკაცრად დაისჯებიან. თუმცა ჯერ კიდევ ბევრს უკვირს, თუ როგორ გათხარეს პატიმრებმა, ყველასაგან მალულად, 14-მეტრიანი გვირაბი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG