Accessibility links

logo-print

ბიბლიოთეკაში ყველანაირი წიგნი დევს - ისეთი, რომელსაც მასობრივი მკითხველი ჰყავს


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკაში ყველანაირი წიგნი დევს - ისეთი, რომელსაც მასობრივი მკითხველი ჰყავს და ისეთიც, რომელსაც ადამიანთა ვიწრო წრე თუ კითხულობს.

ჩვენს ყოველკვირეულ ”ბიბლიოთეკაშიც” ხანდახან წარმოგიდგენთ წიგნებს, რომელთა წაკითხვაც პრაქტიკულად ყველას შეუძლია, ხანდახან კი ისეთ გამოცემებზე ვლაპარაკობთ, საერთო პროფესიით ან სხვა ინტერესით გაერთიანებულ ჯგუფებს თუ მიიზიდავს. დღეს ვისაუბრებთ წიგნზე, რომელიც 2 წელია, გამოიცა, მაგრამ კრიტიკა აქამდე არ ჰქონია. დავით პაიჭაძის თანამოსაუბრე, ფილოსოფოსი გიგა ზედანია, აღნიშნავს, რომ არც არის აუცილებელი, ეს წიგნი ბევრმა წაიკითხოს, და რომც მოინდომონ, ვერ წაიკითხავენ. საქმე ეხება ქართულ თარგმანს ფრანგი ფილოსოფოსის მიშელ ფუკოს წიგნისა ”სიტყვები და საგნები”.

[გიგა ზედანიას ხმა] ”დავიწყოთ იმით, რომ მიშელ ფუკო არის მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ორიგინალური მოაზროვნე. წიგნი, რომელზედაც დღეს ვსაუბრობთ, - ”სიტყვები და საგნები”, - მისი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია, ძალიან საინტერესო და ძალიან რთული. ეს წიგნი ინტელექტუალური ბესტსელერი იყო საფრანგეთში. ეს არის ბიოლოგიის, ეკონომიკისა და ლინგვისტიკის ისტორია ევროპაში მე-16 საუკუნიდან დღემდე.”(სტილი დაცულია)

გიგა ზედანია ამბობს, რომ მიშელ ფუკო ამ წიგნში ჰყვება როგორ ყალიბდებოდა ევროპაში მეცნიერება ენის, ეკონომიკისა და სიცოცხლის შესახებ. ”სიტყვებსა და საგნებში” ისეთი მასალაა, რაც ბევრმა არ იცის. მაგრამ მასალის მოცულობა ისე არ ართულებს საქმეს, როგორც ის, რომ წიგნი, უწინარესად, ფილოსოფიის მცოდნე მკითხველზეა გათვლილი:

[ზედანიას ხმა] ”ანუ ამ წიგნის წამკითხველმა კარგად უნდა იცოდეს, რაში მდგომარეობს, მაგალითად, სპინოზას, კანტის, ჰაიდეგერისა და ფროიდის თეორიები. ეს შესაძლებელია მხოლოდ საფრანგეთში, რადგან იქ ამას მე-11 - მე-12 კლასში სწავლობენ. ყველა ეს მათი კულტურის ნაწილია. აქედან გამომდინარე, ინტელექტუალებს საფრანგეთში ისეთი პოპულარობა აქვთ, როგორც, მაგალითად, საქართველოში ჟურნალისტებს. ინგა გრიგოლია, მაგალითად, ისევე პოპულარულია დღეს საქართველოში, როგორც მაშინ იყო ფუკო საფრანგეთში.”

ფუკო აინტერესებდათ გასული საუკუნის 60-70-იანი წლების საფრანგეთში, ის ჩნდებოდა ტელევიზიაში, გაზეთებში, ყვითელი ჟურნალების ყდებზეც კი, ამბობს გიგია ზედანია. მიშელ ფუკომ იმხანად ჩაანაცვლა ჟან-პოლ სარტრი, ინტელექტუალი, რომელიც ასევე აინტერესებდა საზოგადოებას. ”სიტყვებისა და საგნების” ავტორი, გიგა ზედანიას თქმით,
[ზედანიას ხმა] ”ძალიან ქარიზმატული ფიგურა იყო, თვალშისაცემი, უაღრესად ანგაჟირებული. სპეციალური პროექტები ჰქონდა მარგინალური ჯგუფების დასაცავად. იკვლევდა ციხეებში არსებულ მდგომარეობას, სულიერად დაავადებულ ადამიანებს, ჰომოსექსუალისტებს. თვითონაც ჰომოსექსუალი იყო და ეს ზრდიდა მის პოპულარობას გარკვეულ წრეებში. ექსპერიმენტირებდა ნარკოტიკებით. საინტერესო ტიპი იყო, ჩვეულებრივი კაცი არ ყოფილა, განსხვავებით ბევრი ფილოსოფოსისგან, რომლის ცხოვრება ამოიწურება მისი დაწერილი წიგნებით. მაგრამ ფუკო, რასაკვირველია, არ იყო ავტორი, რომლის გავლენა ისევე ტოტალური იქნებოდა, როგორც ფროიდის ან მარქსის. იმ ტიპის ავტორი, რომელიც სამყაროში შეცვლიდა რამეს, ნამდვილად არ ყოფილა.”

”სიტყვებისა და საგნების” ძირითად იდეას გიგა ზედანია ასე აყალიბებს: ეპოქებში აზროვნება ორგანიზებულია გარკვეული პრინციპების მიხედვით და ეს პრინციპები სხვადასხვანაირია. ფუკო სტრუქტურალისტია. ის აანალიზებს სტრუქტურას, რომელიც შეიძლება საფუძვლად ედოს სხვადასხვა ფენომენსა თუ მოვლენას. მაგალითად, ფუკოს მტკიცებით, თუ მე-17 საუკუნის ბიოლოგიას, ენის მეცნიერებას და ეკონომიკას, როგორც თეორიებს, ისე გავაანალიზებთ, მათში ერთსა და იმავე სტრუქტურას აღმოვაჩენთ, ხოლო მე-19 საუკუნეში ეს სტრუქტურა სულ სხვა იქნება. გიგა ზედანია ამბობს, რომ ფუკოს ამ წიგნს თავად ბევრ რამეში არ ეთანხმება, მაგრამ უდავოა, რომ ფილოსოფოსმა მოახერხა თეორიულად მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი ფენომენის ახლებური კლასიფიცირება:

[ზედანიას ხმა] ”მაგალითად, უსასრულობის თემა. ფრაზას ”ადამიანი არის სასრული არსება” მე-17 საუკუნეში სულ სხვა აზრი ჰქონდა, ვიდრე მე-19-ში. მე-17 საუკუნეში “ადამიანი სასრულია”, მაგალითად, დეკარტისა და სპინოზასათვის ნიშნავს, რომ ის არის შეზღუდული. ღმერთი უსასრულოა, მას უსასრულო თვისებები და მათი ასევე უსასრულო სრულყოფილება ახასიათებს. ადამიანი შეზღუდულია, მას უფრო ნაკლები აქვს. მაგრამ, ამბობს ფუკო, სადღაც მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის, კანტთან, ყველაფერი იცვლება და მე რომ სასრული ვარ, ნიშნავს, ისეთი რამ მაქვს, რაც არ აქვს სხვას, მაგალითად, ღმერთს. რა? დრო და სივრცე. დრო და სივრცე ადამიანს შეაქვს ამ სამყაროში და ღმერთს, რახან ის სასრული არ არის, დრო და სივრცე არ სჭირდება. სინამდვილეში, ამბობს ფუკო, სასრულობა იქცევა პოზიტიურ რაღაცად.”

აქ მნიშვნელოვანია, რომ მიშელ ფუკო შეეცადა ისტორიის სხვა სურათის დახატვას და სხვანაირი მეთოდით გაანალიზებას, ამბობს გიგა ზედანია. მან უზარმაზარი მასალის კლასიფიცირება მოახდინა. შეიძლება ითქვას, რომ ფუკოს არანორმალური ერუდიცია ჰქონდა - ის არ იყო მხოლოდ ფილოსოფოსი და სერიოზული განათლება ჰქონდა ისტორიასა და ფსიქოლოგიაში. ის ხშირად იცვლიდა საკვლევ სფეროებს.

[ზედანიას ხმა] ”მაგალითად, როგორც კი დაამთავრა ეს წიგნი, ამ მიმართულებით კვლევა აღარ გააგრძელა და დაწერა სამტომეული ”სექსუალობის ისტორია”, რომლის მეორე და მესამე ტომებში ანტიკურ პრაქტიკასა და აზროვნებას განიხილავდა. ამას სრულიად სხვა კომპეტენცია სჭირდებოდა და ფუკოს არ შეეშინდა ამის. თუმცა ფუკოს ხშირად აკრიტიკებენ კონკრეტული დეტალების ინტერპრეტაციისას, ის მაინც აღიარებულია უკანასკნელი ათწლეულების აზროვნების ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად.”

”სიტყვებსა და საგნებს” მეორე სათაურად აწერია ”ჰუმანიტარულ მეცნიერებათა არქეოლოგია”. წიგნის წინასიტყვაში ნათქვამია: ”ფუკო არაერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანი, როგორც ასეთი, ახალი აღმოჩენაა მეცნიერებაში, რომ ეს აღმოჩენა 200 წლისაც არ არის. მისი აზრით, ფილოსოფია, პოლიტიკური ეკონომია, ისტორია და სხვ. არა ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებებია, არამედ ადამიანის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროთა გამოკვლევები. ჭეშმარიტად ჰუმანიტარული მეცნიერებები კი მხოლოდ ახლა იქმნება.”

[ზედანიას ხმა] ”ფუკო სინამდვილეში ცდილობს გვაჩვენოს, რომ ჩვენი მეცნიერება ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი კი არ არის, ის ერთხელ კი არ დაიწყო და მუდმივად ვითარდება, არამედ ადგილი აქვს სრულ წყვეტებს. ჩვენს ცოდნაშიც. მეცნიერება კუმულაციის გზით კი არ მიდის, რომ, ვთქვათ, ფიზიკა არისტოტელემ დაიწყო და აინშტაინმა დაამთავრა. არამედ არისტოტელეს ფიზიკა წყდება და იწყება ნიუტონის, ნიუტონის ფიზიკა წყდება და იწყება აინშტაინის. აი, ეს წყვეტები ფუკომ აჩვენა სხვა მეცნიერების მაგალითზე და შეეცადა გაეკეთებინა ზოგადი დასკვნები, პროგნოზი, საით შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი. ფუკო ამბობდა, რომ შემდეგი ტიპის კულტურა, რომელიც შეცვლის ჩვენს ცოდნას, ჩვენს კულტურას, აღარ იქნება ცენტრირებული ადამიანზე. რაზე - ჯერ არ ვიცით, ამბობს ფუკო, შეიძლება ეს იყოს ენა, შეიძლება - სხვა რამ, მაგრამ ადამიანი გაქრება. ასეც სრულდება წიგნი, ძალიან პოეტურად: ადამიანი ისევე გაქრება, როგორც ზღვის სილაში დახატული ფიგურა.”

ცხადია, მიშელ ფუკო არ გულისხმობდა, რომ ადამიანი გადაშენდება როგორც სახეობა, ამბობს გიგა ზედანია. ის გულისხმობდა, რომ ადამიანი აღარ იქნება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცენტრში.

საუბრის ბოლოს შევეხეთ ”სიტყვებისა და საგნების” ქართულ თარგმანსაც. გიგა ზედანიამ მითხრა, რომ ქართულ თარგმანს ადარებდა ფრანგულ ორიგინალს, წიგნის გერმანულ და ინგლისურ თარგმანებს, ჩაუხედავს რუსულ გამოცემაშიც. გიგა ზედანია კრიტიკულად ეკიდება ქართულ ენაზე გადმოტანილ ფუკოს:

[ზედანიას ხმა] ”თარგმანის ნაკლი ისაა, რომ არასწორად არის თარგმნილი აზრები, გაგებულია არასწორად, არეულია, განსაკუთრებით ბოლოში, ძირითადი, ფუნდამენტური აზრები. მთარგმნელს არ ესმოდა, რაში მდგომარეობდა ფუკოს თეზისი და თარგმნიდა ისე, როგორც ესმოდა და ეს, რასაკვირველია, საკმარისი არ იყო. ასევე, მთარგმნელმა არ იცოდა ძალიან ბევრი კულტურული შრე, რომელზეც ფუკო აკეთებდა ალუზიას ან პირდაპირ ლაპარაკობდა. აქედან გამომდინარე, ითარგმნა არასწორად. ცნებებია არასწორად გადმოტანილი და ა.შ.”

მკაცრი შეფასების მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ მაინც ნახოთ ეს წიგნი, მიშელ ფუკოს ”სიტყვები და საგნები” ქართულად. შეგახსენებთ, ჩვენს საუბარში გიგა ზედანიამ აღნიშნა, რომ ბევრი პრეტენზია აქვს ფუკოსთან და არ იზიარებს მის თეზისებს. თქვენ შეგიძლიათ არ გაიზიაროთ თვითონ გიგას თეზისები.
XS
SM
MD
LG