Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ომის შედეგები - რა მოუტანა შეიარაღებულმა კონფლიქტმა ქართველებსა და აფხაზებს


1992 წელს, 14 აგვისტოს, ქართველებსა და აფხაზებს შორის ტყვიის გავარდნას პირველები ქართველი პოლიციელები შეეწირნენ. ასე დაიწყო ომი,

რომელმაც ორივე მხარეს უზარმაზარი მსხვერპლი მოუტანა და რომელსაც შედეგად საქართველოსგან აფხაზეთის უკვე 14 წლიანი ჩამოშორება მოჰყვა. რა იყო ეს ომი, შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება? - ამის თაობაზე დღემდე სხვადასხვაგვარი აზრია.

პირველი შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის 1989 წლის ივლისში მოხდა. მაშინდელი შეტაკების დროს 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერი, ვოვა ვეკუა. მაშინ დაპირისპირების დროებით ჩაცხრობა მოხერხდა. დროებით, რადგან 3 წელიწადში, 1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში ომი დაიწყო. ომის დაწყების მიზეზი გახდა საქართველოს მაშინდელი სუსტი სახელმწიფოს მცდელობა მილიციის ძალით დაეცვა აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა და განეხორციელებინა კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე. შეკითხვას, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება, დღეს ცალსახა პასუხი არა აქვს. პასუხი ამ შეკითხვაზე, უმეტესწილად, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით, 1992 წელს წამოეგო კრემლის პროვოკაციას აფხაზეთში და რომ მანამდე ქართულმა საზოგადოებამ ვერც აფხაზებსა და ვერც ოსებს ვერ შესთავაზა ერთიან საქართველოში თანაცხოვრების ხედვა. ასეთივეა ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, პასუხი:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ჩვენ ვერ შევთავაზეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, აფხაზებს, მანამდე კი - ოსებს, მწყობრი ხედვა ერთიანი მომავლისა, მაგრამ კონფლიქტი იყო თავსმოხვეული მოსკოვის მხრიდან.” (სტილი დაცულია)

გიგა ბოკერიას აზრით, შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში, ალბათ, გარდაუვალი იყო. ”სხვა საკითხია, რამდენად მძიმე შედეგებით გამოვიდოდით ამ კონფლიქტიდან,” - აღნიშნავს ის და დასძენს: ” სწორედ ამ მიმართულებით არის სასაუბრო მაშინდელი ხელისუფლების უმძიმეს, დანაშაულების ტოლფას, შეცდომებზე.”

რა მიიღო საქართველომ ამ კონფლიქტის შედეგად, გარდა აუნაზღაურებელი ადამიანური მსხვერპლისა და 300000 ადამიანის დევნილობისა საკუთარ სამშობლოში და რა მიიღეს აფხაზებმა? ამ თემაზე საუბარმა ძალიან შორს შეიძლება წაგვიყვანოს. მოკლედ კი შედეგებს ასე აღწერენ: ტერიტორიულმა პრობლემებმა საქართველოს სერიოზულად გაურთულა სვლა რეალური სუვერენიტეტისკენ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. საქართველოს უმთავრეს პრობლემებს მოსკოვი დღემდე იყენებს საქართველოზე ზეწოლის ბერკეტად, საკუთარი მიზნების განხორციელების ინსტრუმენტად. რაც შეეხება იმას, თუ რა მიიღეს აფხაზებმა, ისევ გიგა ბოკერიას აზრით, აფხაზებმა მიიღეს ყალბი განცდა ნაციონალური წარმატებისა და რეალურად ძალზედ გაირთულეს მდგომარეობა.
ასეა თუ ისე, სოხუმში აცხადებენ, რომ, 14 წლის წინ წარმოებული ომის შედეგად, აფხაზებმა დაიცვეს დამოუკიდებელი განვითარების უფლება. ”ამ ბრძოლის შემდეგ აფხაზებმა თავისი არჩევანი რეფერენდუმზე დაადასტურეს. აფხაზთა მხარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, თუმცა აფხაზეთის დამოუკიდებულობის საკითხი მოლაპარაკების საგანი არ გახდება,” - აცხადებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი სერგეი ბაღაფში.

რა მიიღეს აფხაზებმა 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომის შედეგად? ამ შეკითხვაზე თავისი პასუხი აქვს” სტუდია რეს”ხელმძღვანელს მამუკა ყუფარაძეს, რომელიც არის ერთ-ერთი ავტორი აფხაზეთში გადაღებული ფილმისა ”აფხაზეთი - კონფქლიტის მხარე”:

[მამუკა ყუფარაძის ხმა] ” ამ ომის შედეგად აფხაზებმა მიიღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის შანსი. აი, ასე ჩანს აფხაზეთში ყოფნისას და აფხაზებთან ურთიერთობისას. აი, ასეთი განწყობა არის ხალხში. ”

მაგრამ როგორ უყურებენ ამ შანსს საქართველოდან? საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას, რომ საქართველო პატივს სცემს აფხაზებსა და ოსებს, არ ამბობს მათთან დიალოგზე უარს, მაგრამ რაკი ისინი მთლიანად მოსკოვიდან იმართებიან, გამოსავალი უნდა ვეძებოთ არა იმდენად აფხაზებსა და ოსებთან დიალოგში, რამდენადაც მათზე მოსკოვის გავლენის მოხსნაში.
XS
SM
MD
LG