Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო თუ არა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების პროცესი


გასულ კვირაში ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირმა რუსეთის ფედერაციის სანიტარული სამსახურიდან, ”როსპოტრებნადზორიდან”, საპასუხო წერილი მიიღო.

მასში გენადი ონიშჩენკოს უწყება ქართველ მეღვინეებს ქართული ღვინის ხარისხის დასადგენად კონკრეტული პროგრამის შემუშავებას ურჩევს. თუმცა თავად ონიშჩენკო კატეგორიულად უარყოფს უახლოეს მომავალში ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობას და აცხადებს, რომ საქართველოს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ღვინის მიწოდების აღდგენაზე მოლაპარაკებათა დასაწყებად.

რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების დრო არ დამდგარა. რადიოსადგურ ”ეხო მასკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში ონიშჩენკომ დასძინა, საქართველოს ჯერჯერობით არავითარი საბაბი არ მიუცია იმისათვის, რომ ღვინის მიწოდების განახლებაზე მოლაპარაკება დაიწყოსო.

არადა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სმინისტრომ, დამოუკიდებლად ქართული ღვინის მწარმოებლებმა არაერთხელ შესთავაზეს რუსეთის მთავრობას შეექმნათ ერთობლივი კომისია, რომელიც ქართული ღვინის ხარისხს დაადგენდა. სწორედ ხარისხის პრობლემა დაასახელა მთავარ მიზეზად და არა პოლიტიკა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც:

[ვლადმირ პუტინის ხმა] “ჩვენ დაინტერესებული ვართ ხარისხიანი პროდუქციის მიღებით. ძალიან ბევრია ფალსიფიცირებული პროდუქცია - 60 პროცენტია, 60 პროცენტი. თავს გაართმევთ ამ პრობლემას და არავითარი სხვა კითხვები აღარ იქნება პროდუქციის რუსეთის ფედერაციის ბაზარზე შემოტანისას.”

ქართველი მეღვინეები პრეზიდენტ პუტინის ამ სიტყვებს ენდნენ და რუსულ მხარეს საქართველოში ჩამოსვლა, ვენახების, ღვინის ქარხნებისა და ლაბორატორიების შემოწმება შესთავაზეს. ასევე, ამ გეგმის მიხედვით, ერთობლივ მუშა ჯგუფს რეგულარულად უნდა გაეკონტროლებინა ქართული ღვინის ხარისხი.
ამ წინადადებაზე ქართულმა მხარემ - კონკრეტულად კი, ”სამტრესტმა” -რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ოფიციალური წერილი მიიღო.

[ვასილ მანაგაძის ხმა] ”რუსული მხარის სურვილი არის რომ...”

ეს არის ვასილ მანაგაძე, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ”სამტრესტის” თავმჯდომარე. იგი გაოცებულია იმით, თუ რატომ გამოვიდა მწვავე განცხადებით ონიშჩენკო მისივე უწყებიდან ოფიციალური წერილის გამოგზავნის შემდეგ:

[ვასილ მანაგაძის ხმა] ”ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა...”

ვასილ მანაგაძეს ქართული ღვინის ხარისხის შესახებ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გაჩაღებულ კამპანიასთან ბრძოლაც უწევს.

ასე მაგალითად, გაეროს სასურსათო პროგრამის ”ფაოს” ვებსაიტზე დაყრდნობით, რუსულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, საქართველოში წარმოებული 10 ბოთლი ღვინიდან 9 ფალსიფიცირებულია. ვასილ მანაგაძე აცხადებს რომ “ფაოს” ეს დასკვნა შეეხება საზღვარგარეთ ჩამოსხმულ ალკოჰოლურ სასმელებს, რომლებიც უკანონოდ იყენებენ ქართული ღვინის დასახელებებს.

იგივე დაადასტურა “ფაოს” წარმომადგენელმა საქართველოში და აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობების უარყოფას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG