Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობამ დიპლომატიურ კორპუსს კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარება გააცნო


დღეს, 15 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს

შეხვდნენ და კოდორის ხეობაში მონიტორინგის განხორციელების საკითხებზე ესაუბრნენ. ოფიციალური თბილისი თანახმაა კოდორის ზემო ნაწილი მხოლოდ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ შეამოწმოს, რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა გარეშე

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ 20 აგვისტოს შემდეგ მზადაა კოდორის ხეობაში გაეროს მონიტორების გადაადგილება და უსაფრთხოება უზრუნველყოს. ცნობილია აგრეთვე, რომ, კოდორში განხორციელებული ანტიკრიმინალური ოპერაციის შემდეგ, რუსული და აფხაზური მხარეები კატეგორიულად მოითხოვდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და გაეროს დამკვირვებლების მიერ კოდორის ხეობის შემოწმებას. შეგახსენებთ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებას:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] ”აუცილებელია კოდორის ხეობაში ჩატარდეს მონიტორინგი იმისა, რაც იქ ხდება. არ იქნება ეს, ჩავთვლით, რომ საქართველო ომისთვის ემზადება. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე შევძლებთ მთელი სიტუაცია სამშვიდობო პროცესის ჩარჩოებში მოვაქციოთ. თუ საქართველო შეძლებს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევის გაგებას, კარგი იქნება.”

სოხუმსა და მოსკოვში შიშობდნენ, რომ კოდორის ხეობაში ოფიციალურმა თბილისმა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ნაწილები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა.

[ეკა ზღულაძის ხმა] ”შინაგანი ჯარი არ არის, შინაგანი ჯარი გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. თავდაცვის სამინისტროს ნაწილები იქ არ არიან, გარდა ინჟინრების იმ ორი ოცეულისა, რომელიც ხიდების აღდგენაზე მუშაობს.”

ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე. მან საგარეო უწყებაში შეკრებილ დიპლომატებს კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ იქ ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიცია იმყოფება, რომელიც რამდენიმე ძებნილის დაკავების ოპერაციას ახორციელებს.

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა კუდავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძეც შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს კოდორის ხეობის მონიტორინგის პირობებიც გააცნეს. გიორგი მანჯგალაძის განცხადებით, მონიტორინგს მხოლოდ გაეროს დამკვირვებლები განახორციელებენ და არა რუსეთის სამშვიდობო ნაწილები:

[გიორგი მანჯგალაძის ხმა] ”თქვენ გახსოვთ, საკმაოდ ნეგატიურ მოვლენებს ჰქონდა ადგილი კოდორის ხეობის ირგვლივ 2002 წელს. მაშინ იქ გადასროლილი იქნა რუსეთის სამხედრო დესანტი და ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ ნეგატიურადაა განწყობილი სამშვიდობო ძალების მიმართ, სხვათა შორის, როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგიონში მშვიდობისმყოფელთა გამოჩენას შეიძლება მოჰყვეს დესტაბილიზაცია.” (სტილი დაცულია)

თბილისი მოითხოვს, მონიტორინგი პარალელურად ჩატარდეს კოდორის ხეობის ქვედა ზონისაც, რომელსაც აფხაზური მხარე აკონტროლებს. შეგახსენებთ, რომ ხეობის მონიტორინგი წლების წინ იქ კრიმინალური ვითარების გართულების გამო შეწყდა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ახლა ეს პრობლემა ხეობის ზედა ნაწილში აღარ არსებობს.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის მოსკოვისა და სოხუმის აზრი თბილისის ახალი ინიციატივების თაობაზე. როგორც ჩანს, მათი განწყობა გაირკვევა 17-18 აგვისტოს შემდეგ, როცა მოსკოვში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის ვიზიტი შედგება.
XS
SM
MD
LG