Accessibility links

logo-print

ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრის რაოდენობა მატულობს


ადიგენის რაიონის სოფელ წახანის სატყეო უბანში უკვე მეორე დღეა ხანძარი მძვინვარებს. ამ დროისათვის ცეცხლი 150 ჰექტარზეა გავრცელებული.

სამცხე-ჯავახეთში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. ცეცხლის გაჩენის საშიშროება ემუქრება აბასთუმნის ნაკრძალსა და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს. სპეციალისტები ხანძრის გაჩენის მიზეზად ჰაერის მაღალ ტემპერატურას ასახელებენ.

ცეცხლი ადიგენის რაიონის სოფელ წახანის სატყეო უბანში 14 აგვისტოს, შუადღის 2 საათისთვის, გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ჰაერის მაღალი ტემპერატურა გახდა, თუმცა არც მომრავლებული დამსვენებლებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების დაუდევრობას გამორიცხავენ. სიცხეების გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მისი ლოკალიზებისათვის თურქეთის მხარის დახმარებაც აღმოჩნდა საჭირო. მეზობელი ქვეყნიდან 2 ვერტმფრენი 15 აგვისტოს, გამთენიისას, შემოფრინდა და ალმოდებულ ტყეს სპეციალური ხსნარი მოაფრქვია. გარემოს დაცვის ინსპექციის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი მალხაზ თოფურია შექმნილ ვითარებაზე საუბრობს:

[თოფურიას ხმა] ,,თურქულმა თვითმფრინავებმა სპეციალური ხსნარი გადმოასხეს, რომელმაც დადებითი როლი შეასრულა გარკვეულწილად, მაგრამ ვერ მოახერხა ბოლომდე ხანძრის ჩაქრობა. რაც შეეხება იმას, რომ ხანძარი ბოლომდე ჩავაქროთ, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, იმიტომ რომ ტყე არის საკმაოდ გამომშრალი, ქრის ქარი და საკმაოდ არახელსაყრელი პირობებია ხანძრის ჩასაქრობად. მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის ისეთიც კი, როგორიც არის გატეხილი ბოთლი. მზის სხივის ანარეკლით შეიძლება წარმოიქმნას ცეცხლი, თუნდაც დამსვენებლების მიერ გადაგდებული სიგარეტის ნამწვით. დღეს, ალბათ, საღამოთი, უკვე უნდა ვთქვათ, რომ ცეცხლის გაჩაღება შეჩერებულია, ხოლო ცეცხლის ჩაქრობა უკვე შემდგომი ეტაპი იქნება.”(სტილი დაცულია)

ცეცხლთან ბრძოლა, როგორც ამას გარემოს დამცველები აღნიშნავენ, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით ხდება. ამ დროისათვის ხანძარი 150 ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარება ბრითიშ-პეტროლიუმსაც სთხოვა. ბი-პის ტექნიკა უკვე მუშაობს შემთხვევის ადგილზე და გარემოს დაცვის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მიწის შემოჭრის შემთხვევაში ცეცხლის გავრცელება შეწყდება. როგორც ადიგენის რაიონის სატყეო მეურნეობის უფროსი გურამ გავაშელი აცხადებს, ამ დროისათვის ცეცხლი მხოლოდ ერთი მიმართულებით ვრცელდება:

[გავაშელის ხმა] ,,ახლა მუშაობს ტრაქტორი, რომელიც უჭრის უკვე, ,,კრუგში” უნდა მოვაქციოთ, სადაც ხანძარი არის, რომ მოვსპოთ ეს ხანძრის კერა და გადასვლის საშიშროება აღარ იყოს. მუშაობს ტრაქტორი და თუ მოვასწარით უკვე შემოჭრა, უკვე აღარავითარი ის არ იქნება, რა... ძირითადად, არის ნაძვი, სოჭი და ფიჭვი. ახლა, ბოლო პერიოდში რაც მოხდა აქ, ყველაზე მასშტაბური ხანძარი ეს არის. განაპირობა, ალბათ იმან, რომ მოსახლეობა შედის ტყეში მოცვის, მაყვლის და ,,მალინის” საკრეფად და მე მგონია, რომ პატარა კოცონი დაანთო ან სიგარეტის ნამწვი გადააგდო და იმიტომ გავრცელდა ესე.”(სტილი დაცულია)

ხანძარი განადგურებით აბასთუმნის ნაკრძალსაც ემუქრებოდა, მაგრამ, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სპეციალისტები ამ რისკს უკვე გამორიცხავენ. მუშაობას უგზოობაც ართულებს. სახანძრო მანქანები ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, უმოქმედოა. მოსახლეობას, სპეციალისტებთან ერთად, დაახლოებით 5 კმ-ის ფეხით გავლა დასჭირდა შემთხვევის ადგილამდე მისასვლელად. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა გარემოს დაცვის სამინისტროსა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. მინისტრი დავით ტყეშელაშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მოსახლეობას:

[ტყეშელაშვილის ხმა] ,,მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ეს პრაქტიკულად არის მე-6 ხანძარი. ამ მასშტაბებთან, უბრალოდ, არ გვქონია საქმე. ჩვენი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში. ყველა ხანძრის ლოკალიზება ძალიან სწრაფად მოხერხდა და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც სწორედ ასეთ შედეგებთან გვექნება საქმე. განსაკუთრებული მადლობის ღირსია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც, გარემოს დაცვის სამინისტროს ადგილობრივ თანამშრომლებთან, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებთან, სხვა უწყებების თანამშრომლებთან ერთად, ძალიან აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს ხანძრის ჩაქრობაში.”(სტილი დაცულია)

ცეცხლის ახალი კერა 15 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, უკვე 3 კმ-ის დაშორებით გაჩნდა. ქართული მხარე დახმარებას კვლავ თურქეთიდან ელოდება.
XS
SM
MD
LG