Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ერთობა ოპოზიციის ფლანგზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში დეკემბერში ჩატარდება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა

გიორგი არველაძემ გააკეთა. ხელისუფლების სურვილია ახალმა ადგილობრივმა თვითმმართველობამ საქმიანობა ახალი საბიუჯეტო წლიდან დაიწყოს. ამიტომაც სახელდება არჩევნების თარიღად დეკემბერი, თუმცა ოპოზიციური პარტიები არ მიესალმებიან არჩევნების დეკემბერში ჩატარებას. მათგან ზოგიერთი თვითმმართველობის ბოიკოტის მომხრეა, სხვები - არჩევნებში მონაწილეობის. არის თუ არა ერთობა ოპოზიციის ფლანგზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით?

ძალადობის წინააღმდეგ 7 ოპოზიციური პარტიის, მათ შორის: კონსერვატორების, რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტების, მრეწველების, პარტია “თავისუფლების” და “სახალხო ფორუმის” ერთობაში საარჩევნო ბლოკის კონტურები ჯერ არ გამოკვეთილა. ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მდგომარეობა სადღეისოდ ასეთია:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”არც დიდი ბლოკის - შვიდეულის - ჩამოყალიბება გამოდის და არც ერთობლივი ბოიკოტი, იმიტომ რომ არის პარტიები, რომლებმაც თავიდანვე გამოაცხადეს, რომ ყველა შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ”

შვიდეულში არჩევნების ბოიკოტის მომხრეები ლეიბორისტები და, მათთან ერთად, პარტია ”თავისუფლება” იყო. ახალი მემარჯვეენები ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანებაში არჩევნების საკითხზე ერთობლივი პოზიციის ჩამოყალიბებას ემხრობოდნენ, ბოიკოტის ან არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ. არსებობდა და არსებობს სხვაგვარი შეხედულება. როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, ჯერ გასარკვევია 7 ოპოზიციური პარტიიდან ერთმენთთან ვინ ილაპარაკებს არჩევნების თემაზე, საარჩევნო ბლოკის შექმნაზე, რადგან:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”7 პარტია არ იყო საარჩევნო ბლოკი, 7 პარტია - ეს იყო და, იმედია, იქნება წინააღმდეგობა ძალადობის მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.”

”7 პარტიის ერთობაში არის ლეიბორისტული პარტიაც და არავისთვის სიახლე არ არის, რომ ის, როგორც წესი, დამოუკიდებლად იღებს ხოლმე არჩევნებში მონაწილეობას, ” - დასძენს ნათქვამს თინა ხიდაშელი. არჩევნების ბოიკოტის მომხრე შალვა ნათელაშვილმა უკვე თქვა, რომ თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე, ლეიბორისტები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. არჩევნებში ასევე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას პარტია ”საქართველოს გზა” , რომლის ლიდერმაც, სალომე ზურაბიშვილმა, თავიდანვე თქვა უარი დანარჩენ ოპოზიციასთან ერთობაში შესვლაზე და თავიდანვე აქტიურად დაუპირისპირდა ზოგადად ბოიკოტს როგორც პარლამენტის, ისე პრესის მიმართ და, რაღა თქმა უნდა, არჩევნების წინააღმდეგ ბოიკოტს. ”საქართველოს გზის” წარმომადგენელმა მხარდამჭერების ხელმოწერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15 აგვისტოს შეიტანა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სპეციალურ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა აცნობა:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”დღეს ჩვენ შევიტანეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩვენი საარჩევნო-სარეგისტრაციო ხელმოწერები, დაახლოებით, 52000. ახლა ველოდებით საარჩევნო კომისიის პასუხს.”

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, კანონის თანახმად, გადაამოწმებენ ”საქართველოს გზის” მიერ წარდგენილი ხელმოწერების 10 პროცენტს და თუკი დარღვევები არ იქნება, პარტია მიიღებს საარჩევნო რეგისტრაციას. ”საქართველოს გზა” ამომრჩეველს ”სააარჩევნო პროგრამას” სექტემბრის დასაწყისში შესათავაზებს. მანამდე, ალბათ , ოპოზიციის საარჩევნო გაერთიანების კონტურებიც გამოიკვეთება.
XS
SM
MD
LG