Accessibility links

logo-print

16 აგვისტოს გამოსული თითქმის ყველა ქართული გაზეთი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის


16 აგვისტოს გამოსული თითქმის ყველა ქართული გაზეთი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სამშაბათის გამოსვლას მთავრობის საგანგებო სხდომაზე.

მინიმუმ 100 000-კაციანი რეზერვისტთა არმია და მსოფლიოს სტანდარტების რეზერვისტთა ბანაკები - ასეთი დავალება მისცა მიხეილ სააკაშვილმა აღმასრულებელ ხელისუფლებას. ”რეზონანსი” ინტერესდება - სჭირდება თუ არა საქართველოს 100 ათასი რეზერვისტი და, რაც ყველაზე მთავარია, შესწევს თუ არა ძალა ქვეყანას, უზრუნველყოს მათი სრულფასოვანი მომზადება და აღჭურვა.

გაზეთთან საუბრისას ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ბანალური პიარია და რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით მატერიალურ-ტექნიკური გათვლები არ გააჩნია. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქვეყანას კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი რეზერვისტები მართლაც სჭირდება, თუმცა მათ ეეჭვებათ, რომ, დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ამის განხორციელება შესაძლებელი იყოს. ექსპერტის სამხედრო საკითხებში ირაკლი ალადაშვილის აზრით, ”არც ერთ ქვეყანას არ აწყენს, რომ სამხედრო საქმეში გათვითცნობიერებული მოქალაქეები ჰყავდეს და რაც შეიძლება - მეტი, თუმცა მთავარია, როგორ იქნებიან ისინი მომზადებული.” ექსპერტი ფიქრობს, რომ ”ამ მიმართულებით უნდა შეიქმნას ერთგვარი სისტემა” და ”რეზერვისტების მომზადება სპეციალობის მიხედვით უნდა ხდებოდეს. ანუ არტილერისტი იქნება, კავშირგაბმულობის სპეციალისტი, ქვეითი თუ სხვა, მათი სპეციალიზება უნდა მოხდეს.” ირაკლი ალადაშვილს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, თუ რა პერიოდულობით მოხდება რეზერვისტთა წვრთნა. ”არ მოხდეს ისე, რომ ერთხელ მომზადდეს ხალხი და ერთი წლის შემდეგ იმ ბატალიონში სხვები მივიდნენ. გამოვა, რომ წყალში ჩაიყრება ის ფული, რომელიც ორკვირიან და სამკვირიან მომზადებაზე დაიხარჯა,” - აცხადებს ექსპერტი ”რეზონანსთან” საუბრისას.

”ახალი ვერსია” კი იტყობინება, რომ ”სააკაშვილმა მერაბიშვილს ჯადოქრობა დაავალა”. საუბარია კოდორის ხეობის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და იქ მინიქალაქების მშენებლობაზე. ამგვარი დავალება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილისგან სამშაბათს მთავრობის საგანგებო სხდომაზე მიიღო. გაზეთი ინტერესდება - რა ბედი ელის შინაგან საქმეთა მინისტრს, თუკი პრეზიდენტის ბრძანებას ვერ შეასრულებს. თუმცა ამ კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით პუბლიკაციაში, რომლის ბოლოს ავტორი კვლავ კითხვის ნიშანს სვამს: ”მერაბიშვილს კირითხურობა დაევალა და როგორ გაართმევს ის თავს მშენებლის სტატუსს, არავინ იცის, თუმცა, როგორც ხელისუფლება ირწმუნება, მერაბიშვილი ერთ-ერთი ძლიერი მინისტრია და ყველაფერი გამოსდის. რა იქნება ერთი თვის შემდეგ, არავინ იცის. რა ბედი ელის ვანო მერაბიშვილს, თუკი პრეზიდენტის დავალებას ვერ შეასრულებს და ”დიდოსტატ მერაბიშვილის მარჯვენა” კოდორში მინიქალაქებს ვერ წამოჭიმავს?” - ვკითხულობთ ”ახალ ვერსიაში”.

გაზეთი ”ახალი თაობა” ცდილობს გაარკვიოს, თამაშობს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლების თამაშს - ვინ უღალატა ბოიკოტის იდეას? ”თუკი იმ აქსიომიდან გამოვალთ, რომ ვითარებას ფულიანი პოლიტიკოსები მართავენ, მაშინ არჩევნებში მონაწილეობის ავტორები “ახლები” და “მრეწველები” უნდა იყვნენ, - ვარაუდობს პუბლიკაციის ავტორი და მსჯელობას განაგრძობს. - თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ამით ხელისუფლებას სამართლიანად ექნება იმის თქმის უფლება, რომ არჩევნები, სადაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა, დემოკრატიულად ჩატარდა ”. ”ახალ თაობაში” გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ სწორედ ამისთვის გადაუხვია არჩეული გზიდან და ბოიკოტის გეგმაც სწორედ იმისთვის შეცვალა, რომ ხელისუფლების თამაში ითამაშოს.
XS
SM
MD
LG