Accessibility links

logo-print

ლიბანში მასშტაბური რეკონსტრუქცია უნდა დაიწყოს


გაერო იმედოვნებს, რომ სამხრეთ ლიბანში დაახლოებით 3500 მშვიდობის დამცველის განთავსება ორი კვირის ვადაში მოხერხდება. უკვე მესამე დღეა, მოქმედებს გაეროს

მანდატით დაწესებული ზავი. პარალელურად, ლიბანში უკვე იწყება რეკონსტრუქციაზე მუშაობა - ამ საქმეში ქვეყანა დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობისა და მუსულმანური სამყაროსგან მიიღებს. გავრცელებული ცნობებით, ბეირუთსა და ქვეყნის სამხრეთში ყველაზე მეტად დაზიანებული ადგილების რეკონსტრუქციას ჰიზბოლაჰიც გეგმავს.


სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთის სამხრეთით მდებარე რაიონებს მოსახლეობა ნელი ტემპით, მაგრამ სისტემატურად უბრუნდება. პარალელურად, ქვეყნის მთავრობა ერთთვიანი ომით გამოწვეული ზარალის შეფასებას იწყებს.

ლიბანის განვითარებისა და რეკონსტრუქციის სააგენტოს ხელმძღვანელის ფადლ შალაკის თანახმად, ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი სამ-ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. თუმცა, შალაკის თქმით, ეს მონაცემი საბოლოო არ არის და მოსალოდნელია, რომ ზარალის ოდენობა კიდევ გაიზარდოს.

ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვამ, ბეირუთის საცხოვრებელი უბნების გარდა, ყველაზე მეტად ქვეყნის ინფრასტრუქტურა - გზები, ხიდები, აეროპორტები და პორტები დააზიანა.

წინასწარი შეფასებით, დაზიანდა 100 გზა და 70 ხიდი. ჯერჯერობით უცნობია დანგრეული სახლების ზუსტი რაოდენობა. ჰიზბოლაჰის მონაცემებით, დაახლოებით 15 ათასი სახლი მიწასთანაა გასწორებული და კიდევ ბევრი -დაზიანებული.

გავრცელებული ცნობებით, ჰიზბოლაჰი აქტიურად ჩაერთო დანგრეული ადგილების რეკონსტრუქციის საქმეში. ამ ინფორმაციას ლიბანური საინტერნეტო გამოცემა “დარ ალ-ჰაიატის” კორესპონდენტი ზუეჰირ ქსეიბატიც ადასტურებს:

[ქსეიბატის ხმა] ”ჰიზბოლაჰი სწრაფად ჩაერთო რეკონსტრუქციის საქმეში. იმ ადგილებში, რომლებიც ისრაელმა დაბომბა, ჰიზბოლაჰს ბევრგან აქვს მხარდაჭერა. ამდენად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ დანგრეული ადგილების დასუფთავება, შემდეგ კი იმ ადამიანების სახლების აღდგენა, რომლებიც ქვეყნის ბევრ რეგიონში თავს სკოლის შენობებს აფარებენ.”

ჰიზბოლაჰის ლიდერმა ჰასან ნასრალამ ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომელთა საცხოვრებელი ადგილები დაბომბვის შედეგად განადგურდა, ფულად კომპენსაციას მალე მიიღებენ.

აქტიური რეკონსტრუქციის დაწყებას ლიბანის მთავრობაც გეგმავს. თუმცა, ქსეიბატის თქმით, ირანისა და საზღვარგარეთ მცხოვრები ლიბანელი შიიტების მიერ დაფინანსებული ჰიზბოლაჰი არ აპირებს მთავრობასთან თანამშრომლობას და აღმშენებლობის დაწყებას დამოუკიდებლად გეგმავს. თუმცა, ქსეიბატის აზრით, იმის განსაზღვრა, მართლა შეძლებს თუ არა ჰიზბოლაჰი ამას, ჯერ კიდევ ნაადრევია.

აღმშენებლობის საქმეში ლიბანის დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობაც გეგმავს. შვეციის მთავრობამ გამოაცხადა, რომ, ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის მიზნით, 31 აგვისტოს დონორთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. სტოკჰოლმში დაახლოებით 60 მთავრობის წარმომადგენელია დაპატიჟებული, თუმცა მათგან რამდენი დაესწრება კონფერენციას, ჯერჯერობით უცნობია.

20 აგვისტოს, ლიბანის დახმარების საკითხის განხილვის მიზნით, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეგვიპტეში გეგმავენ შეხვედრას.

ზუეჰირ ქსეიბატის თქმით, რეკონსტრუქციის პარალელურად, მნიშვნელოვანია ლიბანელმა ხალხმა ომის უმძიმესი გამოცდილება კიდევ ერთხელ გადალახოს:

[ქსეიბატის ხმა] ”უნდა გაითვალისწინოთ, რომ, ბევრი ომის გადატანის შემდეგ, ლიბანელებისთვის ამგვარი კატასტროფა უცხო არ არის. ამდენად, ისინი ყოველთვის ცდილობენ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.”

ომით მიყენებულ ტრავმებთან გამკლავება კი, ქსეიბატის აზრით, რეკონსტრუქციის ამოცანაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
XS
SM
MD
LG