Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”აფხაზებმა ენგურზე პროდუქტის გადატანა აკრძალეს” - ამ უმწვავეს პრობლემას 17


”აფხაზებმა ენგურზე პროდუქტის გადატანა აკრძალეს” - ამ უმწვავეს პრობლემას 17 აგვისტოს ”რეზონანსი” აშუქებს. ”ჩვენ თხილი ვერც ენგურის ხიდზე გადმოგვაქვს

და ვერც ზუგდიდიდან შემოგვაქვს სხვა საკვები. აქ რაც იყიდება, ძალიან ძვირია, რადგან ყველაფერი რუსეთიდან შემოდის,” - აღნიშნავს გაზეთთან საუბრისას გალის რაიონის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელსაც მიაჩნია, რომ რაიონში აჟამად მეტად რთული ვითარებაა. სიტუაციას რაიონში დამაკმაყოფილებლად აფასებს დე ფაქტო მთავრობის გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ქიშმარია.
”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ენგურის ხიდზე გადასვლა და გადმოსვლა არავის ეკრძალება და მოსახლეობაც ისე მოძრაობს, როგორც უნდა. ”მაგრამ კარგად იცოდეთ, - განაგრძობს ის, - აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოდან საკვები საშუალება თუ სხვა საქონელი აღარასდროს შევა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს და რა საჭიროა აფხაზეთში ქართული ნაწარმის შეტანა? ამის აუცილებლობა დღეს ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ, თუ მოსახლეობას რაიმე დასჭირდა, აფხაზეთის მთავრობა იქ ყველაფერს შეიტანს.”

ქიშმარიას კატეგორიული განცხადების მიუხედავად, როგორც ”რეზონანსის” ინკოგნიტო წყარო იუწყება, ენგურის ხიდზე საქონელი მოძრაობას მაინც ახერხებს, რადგანაც ”ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს”. თუმცა იგივე წყარო ადასტურებს იმასაც, რომ აფხაზეთში დეფიციტი გაჩნდა, მაგალითად - ხახვზე, კარტოფილზე და სხვა ისეთ პროდუქტზე, რომელიც რეგიონში ენგურის ხიდის გავლით შედიოდა. აქვე კიდევ ერთი, გაზეთის მიერ ინკოგნიტო რესპონდენტისგან მოპოვებული, ინფორმაცია:”აფხაზები ძალიან შეშინებულები არიან, ჰგონიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაარტყამს და ამიტომაც, საიდანაც საფრთხეს ელოდებიან, იმ ტერიტორიებს ამაგრებენ. ასევე შემოიყვანეს კაზაკები და ჩრდილოკავკასიელები, მაგრამ ბევრნი ნამდვილად არ არიან.”

პაატა დავითაიას ინფორმაციით კი, ყაბარდოელებისა და კაზაკების კონტინგენტი, რომელიც უკვე შესულია აფხაზეთში, 2 ათას ჯარისკაცს ითვლის. ინტერვიუს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის იუსტიციის ყოფილ მინისტრ პაატა დავითაიასთან, თავმჯდომარესთან პოლიტიკური გაერთიანებისა ”ჩვენ თვითონ”, გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს. რესპონდენტი ფიქრობს, რომ, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, ე.წ. კონფედერაციის ძალები სეპარატისტებს აქტიურად დაუჭერენ მხარს. მის ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის მიხედვით კი, 15 აგვისტოს გუდაუთაში შეკრებილმა აფხაზმა მოსახლეობამ და თანამდებობის პირებმა ”ბაღაფშს კოდორის ხეობის ასაღებად ერთთვიანი ვადა მისცეს.”

გაზეთ ”ხვალინდელ დღეში” ვკითხულობთ, რომ დაზუსტებული მონაცემებით, დღეისათვის აფხაზეთში მცხოვრებ 170 ათასზე მეტ პირს, ანუ მოსახლეობის 80%-ს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული - ”ისინი შესაბამის დოკუმენტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოჭის განყოფილებაში იღებენ. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქის დამადასტურებელ პასპორტს, ის აფხაზეთში 30 ათასამდე მოქალაქეს აქვს მიღებული. ”ხვალინდელი დღე” სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერის დაპირებას იხსენებს: სერგეი ბაღაფში დარწმუნებულია, რომ 2007 წლის დასაწყისისთვის რუსეთის პასპორტი აფხაზეთში ზრდასრული მოსახლეობის 100-ვე პროცენტს ექნება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG