Accessibility links

logo-print

ტერორიზმის საფრთხე რთულ ვითარებაში აყენებს ევროპელ მუსულმანებს


ახლახან ლონდონში გამოაშკარავებული ტერორისტული შეთქმულების შემდეგ, რომლის მიზანი იყო ამერიკისკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავების ჰაერში აფეთქება,

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ცდილობენ. ერთ-ერთი ზომა, რომელსაც შესაძლოა მიმართოს ევროკავშირმა, არის აეროპორტებში მგზავრების ეთნიკური ნიშნით პროფილირება ანუ საგანგებო შემოწმება იმ პირებისა, რომლებიც მუსულმანური ქვეყნებიდან არიან. კრიტიკოსთა აზრით, ეს ეწინააღმდეგება თავად ევროპის კავშირის კანონებს.

ამ კვირაში ლონდონში გაიმართა ევროპის კავშირის ქვეყნების შეხვედრა, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა.

მართალია, ეთნიკური პროფილირების საკითხი ოფიციალურად არ განხილულა, მაგრამ პირად საუბრებში მთელმა რიგმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ეს ზომა მომავალში შეიძლება შემოღებულ იქნეს.

ბრიტანეთის პრესის თანახმად, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების შინაგან საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა მხარი დაუჭირონ პროფილირებას. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯონ რიდმა უარყო ეთნიკური პროფილირებისთვის მზადების გეგმები. მაგრამ ბრიტანეთის მუსულმანური თემის თვალსაჩინო წარმომადგენლები შიშს გამოთქვამენ, რომ ეს მაინც შეიძლება მოხდეს.

ოთხშაბათს, ლონდონის შეხვედრის ბოლო დღეს, ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის კომისარმა ფრანკო ფრატინიმ პროფილირების წინააღმდეგ გაილაშქრა თავის გამოსვლაში და ე.წ. "პოზიტიური პროფილირების" მოწოდებით გამოვიდა. ეს ზომა ითვალისწინებს ნაცვლად საეჭვოდ მიჩნეული ჯგუფის გამორჩევისა იმ ჯგუფის გამორჩევას, რომელიც ნდობით სარგებლობს, რათა მას შეღავათები მიეცეს აეროპორტებში გასინჯვისას.

ამ ზომის დანერგვას საპილოტო პროექტის სახით აპირებენ ნიდერლანდების სხიპოლის აეროპორტში. თუკი პროექტი გაამართლებს, იგი მთელ ევროკავშირში დაინერგება.

ზოგიერთი ექსპერტის თანახმად, ეთნიკური პროფილირება საერთოდ ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის ანტიდისკრიმინაციულ კანონებს. თუმცა, როგორც ფრანკო ფრატინის წარმომადგენელმა როსკამ აბინგმა უთხრა ჩვენს რადიოს, კავშირის წევრი ქვეყნები, როგორც წესი, ამ კანონების საკმაოდ თავისუფალ ინტერპრეტაციას აკეთებენ ხოლმე. მაგალითად, ევროპის კავშირის კანონები, როგორც წესი, შეიცავს ხოლმე მოთხოვნებს "სამოქალაქო წესრიგის" შესახებ. ეს წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში გაამართლონ ადამიანის უფლებების სფეროში კანონების დარღვევები.

ამავე დროს ევროპის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კავშირის მუსულმანურ მოსახლეობას უფლება ეძლეოდა, არ დაეცვა საყოველთაოდ აღიარებული ნორმები და ღირებულებები.

როსკამ აბინგის თქმით, ლონდონის შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრებმა არაორაზროვნად დაუჭირეს მხარი იმას, რომ იმიგრანტებმა ევროკავშირის ღირებულებები და კანონები უნდა გაიზიარონ.

[როსკამ აბინგის ხმა] "ის, რაზეც მინისტრები არაორაზროვნად შეთანხმდნენ, შეიძლება კლიშე იყოს. მაგრამ, ჩემის აზრით, მნიშვნელოვანია იმის გამეორება, რომ აღარ უნდა იყოს გაურკვევლობა ევროპის კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმიგრანტებთან, უცხოელებთან დაკავშირებით. ისინი სრულად უნდა იცავდნენ ეროვნულ კანონებს, ევროკავშირის კანონებს და იზიარებდნენ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებსაც ემყარებიან ევროპის კავშირი და მისი წევრი ქვეყნები."

როსკამ აბინგის თქმით, იმიგრანტებმა უნდა აღიარონ კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, უმცირესობების უფლებები და ქალისა და მამაკაცის თანასწორობა.

ამჟამად იმიგრანტების ინტერგაციის პოლიტიკა წევრი ქვეყნების პრეროგატივად რჩება. კავშირის ზოგიერთმა წევრმა უკვე შემოიღო ეროვნული კურიკულუმები თავიანთი იმამებისთვის.

საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე გააძევეს თავიანთი იმამები, რომელთა ქადაგება ადგილობრივ მუსულმანებს შორის სიძულვილისა და რადიკალიზაციის პროვოცირებას ახდენდა.
XS
SM
MD
LG