Accessibility links

logo-print

თურქეთში დაშავებული ქართველები სპეცრეისით საქართველოში გაამგზავრეს


თურქეთში ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული ქართველი მგზავრები სპეცრეისით 18 აგვისტოს საქართველოში გაამგზავრეს, ქართველი ექიმების ბრიგადის თანხლებით.

დაშავებულებს მკურნალობა თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, გაუგრძელდებათ. სამსუნის საავადმყოფოში ერთი ქართველი, დიმიტრი ფანჩულიძე, დარჩა. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, მისი ტრანსპორტირება ექიმებმა დაუშვებლად მიიჩნიეს. 18 აგვისტოსვე იგეგმებოდა ავტოკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრების საქართველოში გადმოსვენებაც.
ფორმალურმა პროცედურებამ 4-დან 2 მიცვალებულის გადმოსვენება დააბრკოლა.

6 გარდაცვლილი და 33 დაშავებული, მათ შორის, უმეტესობა საქართველოს მოქალაქეები - ასეთია თურქეთში მომხდარი კატასტროფის შედეგი. თურქული კომპანია ”მაჰმუდ ტურის” ავტობუსის ქართველი მძღოლი ნიკოლოზ ტუკვაძე დაკავებულია, გულგრილობის ბრალდებით მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქართველოს მხარე თურქეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას მძღოლის გადმოცემის თაობაზე მისი საქართველოში გასამართლების მიზნით.

ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულებს შორის 4 საქართველოს მოქალაქეა, დაშავებულებს შორის კი - 22. მათგან მხოლოდ ერთი, დიმიტრი ფანჩულიძე, რჩება სამკურნალოდ სამსუნის საავადმყოფოში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, დანარჩენების გადმოყვანა სამშობლოში დასრულებულია. დაშავებულები საქართველოში 18 აგვისტოს ”თბილავიამშენის” კუთვნილი თვითმფრინავით და ექიმთა ბრიგადის თანხლებით გადმოაფრინეს, თვითმფინავი აღჭურვილი იყო სპეციალური სამედიცინო დანადგარებით.

[ვალერი ჩეჩელაშვილის ხმა] ”თვითმფრინავის ჩამოსვლისთანავე შესრულებულია ჩვენი გეგმის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა ჩვენი თანამემამულეების სასწრაფო ევაკუაციას სამსუნიდან თბილისში. ჩვენ ეს მოვახერხეთ 51 საათში. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და ამ ინტერესების დაცვა. ”(სტილი დაცულია)

როგორც ვხედავთ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების შეთანხმებულ მოქმედებას თურქეთში დაშავებულ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად, თუმცა დაზარალებულების და დაღუპულების ახლობლებს საქართველოს შესაბამის უწყებებეთან პრეტენზიები ჰქონდათ და ამ პრეტენზიებს სამსუნში საქართველოს კონსულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც მოჰყვა, რის შემდეგაც კონსული გულის შეტევით საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. მას პრეტენზიად ტრაგედიის ადგილზე დაგვიანებით ჩასვლა წაუყენეს. ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში თურქეთში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა გააკეთა. ჩვენ მას ტელეფონით ქალაქ სამსუნში დავუკავშირდით და, პირველ რიგში, სამსუნის საავადმყოფოში დარჩენილი საქართველოს მოქალაქის, დიმიტრი ფანჩულიძის, მდგომარეობის განმარტება ვთხოვეთ. ელჩი აღნიშნავს, რომ დიმიტრი ფანჩულიძის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. ის ამ ეტაპზე სასუნთქ აპარატზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, მისი ტრასპორტირება ექიმებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს:

[ გეგა მგალობლიშვილის ხმა} ”აქ რჩებიან საკონსულოს თანამშრომლები და საკონსულოს თანამშრომლები დაიცავენ ფანჩულიძის ინტერესებს, მაგრამ მთავარია ექიმები, ექიმები კი ყველა ღონეს ხმარობენ მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება ინციდენტს და კონსულს, მისი მდგომარეობა უკვე ნორმალურია. გულგრილობა და უყურადღებობა მისი მხრიდან არ ყოფილა. უბრალოდ, იყო მძიმე ემოციური ფონი და არის გასაგები, რაც მოხდა. კონსული ჩამოვიდა შემთხვევის ადგილზე 5 საათში, ეს არის ზუსტად ის დრო, რაც საჭიროა ტრაბზონიდან სამსუნში ჩასასვლელად. საკონსულოდან იყვნენ ორნი, დაზარალებულები კი იყვნენ ბევრნი და გაფანტულნი სხვადასხვა საავადმყოფოში და, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ცდილობდა ყველა მათგანს დახმარებოდა. ”(სტილი დაცულია)

ეს იყო თურექეთში საქართველოს ელჩი გეგა მგალობლიშვილი. თურქეთში მას ტელეფონით 18 აგვისტოს, ნაშუადღევს, დავუკავშირდით. ამ დროისთვის საქართველოს დაშავებული მოქალაქეები სპეცრეისით სამშობლოში გადმოჰყავდათ. 18 აგვისტოს დღის ბოლომდე სარფის გავლით უნდა დასრულებულიყო ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა საქართველოში გადმოსვენებაც, რაც, ოფიციალური პირების განმარტებით, მხოლოდ ფორმალურმა პროცედურებმა გააჭიანურა.
XS
SM
MD
LG