Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


18 აგვისტოს გამოსულ ”ახალ თაობაში” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა მკვეთრად უარყოფითად არის შეფასებული.

შეფასებები თურქეთში მომხდარი იმ ავტოკატასტროფის ფონზე კეთდება, რომელმაც საქართველოს 4 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ”გარდაცვლილთა ჭირისუფლებმა საქართველოს კონსულს სცემეს - ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები გაწირა” - სტატიის ავტორის დაკვირვებით, ხსენებულმა სამინისტრომ ”ბოლო ერთ თვეში ორჯერ დაამტკიცა, რომ არაფრისმაქნისი და სამარცხვინო უწყებაა... ერთი კვირის წინ საქართველოს 52 მოქალაქის დაკავების შესახებ გელა ბეჟუაშვილმა არაფერი იცოდა და რუსეთის მედიას დეზინფორმაციის გავრცელებას აბრალებდა. ამჯერად პრობლემა უფრო სერიოზულია,” - წერს ”ახალი თაობა” და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ავტოკატასტროფის შედეგად დაზარალებულმა, სასოწარკვეთილმა ადამიანებმა კონსულის ყურადღება 32 საათის დაგვიანებით იგრძნეს. და ეს მაშინ, როცა საქართველოს საკონსულო ტრაბზონშია, ტრაბზონიდან სამსუნამდე კი ავტომანქანით დაახლოებით 3 საათის სავალი გზაა. სტატიის ავტორი კილომეტრებს უთვლის საქართველოს საელჩოსაც თურქეთში. ის წერს, რომ ანკარიდან სამსუნამდე ავტომანქანით მგზავრობას მაქსიმუმ 5 საათი სჭირდება.

უარყოფითი შეფასებები ვერც მინისტრებმა აირიდეს. ამჯერად ჩვენ ”ახალ ვერსიაში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციას შევეხებით. გაზეთის მცდელობამ დაედგინა ვის რომელი მინისტრი მოსწონს, საქართველოს მთავრობის ბევრი წევრისთვის არცთუ სასიამოვნო შედეგი აჩვენა. დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი საუბარს ზურაბ ნოღაიდელით იწყებს: ”საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც, პრაქტიკულად, პოლიტიკა არ ეკითხება. შესაძლოა, მხოლოდ ფიზიკა ესმოდეს ცოტათი, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს თავისი ქვეყნის ისტორიაზე ან ტრადიციებზე. თუკი პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ შეკითხვას დაუსვამენ, მისი პასუხი დაახლოებით ასე ჟღერს: აბა, ამას რას მეკითხებით, მე ხომ პოლიტიკოსი არა ვარ”. ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ნოღაიდელმა თავად დაიმკვიდრა მეურნის იმიჯი, ხოლო თავდაცვის მინისტრს ”ომის მინისტრის” იმიჯი პრეზიდენტმა შეუქმნა.

ბერძენიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ, ასე ვთქვათ, ”შავ სიაში” თითქმის ყველა მინისტრი მოხვდა: შინაგან საქმეთა მინისტრი - სიკვდილის ბრიგადებზე დაყრდნობილი ძალაუფლების გამო, სოფლის მეურნეობის მინისტრი - სიბრიყვის გამო, ფინანსთა მინისტრი - ტყუილების გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

”ახალი ვერსიის” მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ვიგებთ, რომ დეპუტატ ბესო ჯუღელს წარმატებულად მიაჩნია მხოლოდ 3 მინისტრი. ესენი არიან: სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრები.

”უკმაყოფილო ვარ პრემიერ-მინისტრის, რომლის ”საუკეთესო” თვისებად, სამწუხაროდ, მხოლოდ სიძუნწე ითვლება,” - ამბობს ”ახალი ვერსიის” მიერ გამოკითხული კიდევ ერთი რესპონდენტი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

”რეზონანსი” ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ირანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. ეს მაჰმუდ აჰმადინეჟადის ოფიციალური ვიზიტი იქნება. გაზეთი ცდილობს გაარკვიოს, ეწინააღმდეგება თუ არა თბილისი-თეირანის მჭიდრო ურთიერთობა ვაშინგტონის ინტერესებს. თუკი საქართველოსა და ირანის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს გასცდა და სამხედრო სფეროსაც გადასწვდა, ექსპერტი სამხედრო საკითხებში კახა კაციტაძე არ გამორიცხავს, რომ ჩვენს ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სერიოზული პრობლემები შეექმნას. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი ”რეზონანსთან” საუბრისას გამოთქვამს ვარაუდს, რომ ირანის პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლა დასავლეთის ინტერესებში შედის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG