Accessibility links

გაეროს ლტოლვილთა უწყების ხელმძღვანელი საქართველოში არსებულ ვითარებას ეცნობა


დღეს თბილისს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტიერეში ეწვია. დღევანდელი დღე ძირითადად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო.

ხვალ და ზეგ გუტიერეში აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და პანკისს ეწვევა. დასკვნითი ბრიფინგიც პანკისშია დაგეგმილი. დღეს კი გაეროს უმაღლესი კომისარი თავისი უწყების ფუნქციებზე ლაპარაკობს და მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის.

დღესდღეობით მსოფლიოში 32 მილიონი ადამიანია დევნილი საკუთარი სახლიდან. მათგან რვა მილიონმა ადამიანმა დატოვა საკუთარი ქვეყანა და ლტოლვილის სტატუსით უცხო ქვეყანას აფარებს თავს. 25 მილიონი კი თავიანთსავე ქვეყნებში დევნილებად რჩებიან.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ მისი უწყების (როგორც მას ხშირად უწოდებენ – “იუ-ენ-ეიჩ-სი-არის”) პასუხისმგებლობის სფეროში შედის დევნილთა უფლებების დაცვაც, თუმცა აღნიშნავს, რომ უპირველესი პასუხისმგებლობა მათზე კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება.

[გუტიერეშის ხმა]: “მე ჩამოვედი, რომ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა იმ სახელმწიფო სტრატეგიის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების მიზნით შეიმუშავა. შევეცდებით მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ სტრატეგიის განხორციელებას, რაც გულისხმობს დევნილთა დაცვასა და მათთვის დახმარების გაწევას. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულობას ამ საქმეში, მაგრამ, ამავდროულად, ხელს შევუწყობთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას პროგრამის მხარდასაჭერად, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში მყოფი დევნილების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.”

ლტოლვილებისა და დევნილების პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარება და ამ ხალხის სახლებში დაბრუნებაა. ეს გაეროს უმაღლესმა კომისარმაც იცის:

[გუტიერეშიხ ხმა]: “რასაკვირველია, დაბრუნება, ჩვეულებრივ, მოითხოვს ვითარების პოლიტიკურ მოგვარებას. და თუმცა ჩვენ არა ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, შეგვიძლია დავეხმაროთ და მოვუწოდოთ ყველა მხარეს და საერთაშორისო თანამეგობრობას ხელი შეუწყონ პრობლემების ეფექტიან, მშვიდობიან მოგვარებას, რაც შექმნიდა პირობას იძულებით გადაადგილებულ პირთა მასობრივი დაბრუნებისათვის თავიანთ სახლებში. თუკი ზოგიერთი მათგანის დაბრუნება შესაძლებელია კონფლიქტების პოლიტიკურ გადაწყვეტამდეც, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. მხედველობაში მაქვს საკუთარი ნებით დაბრუნების პროცესი.”

ანტონიო გუტიერეში მადლობას უხდის საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ხალხს მათი დიდსულოვნებისთვის, რომელიც ჩეჩენი ლტოლვილების შეფარებისას გამოიჩინეს. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული სად და როგორ, მაგრამ ძალიან მალე საქართველოში შეიქმნება ლტოლვილთა თავშესაფრის ახალი სისტემა.

გუტიერეში იძლევა დაპირებას, რომ მიმდინარე ვიზიტისას არ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და იზრუნებს დაარწმუნოს კონფლიქტის მხარეები ადამიანების უფლებათა დაცვის აუცილებლობაში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ბაღაფშთან და კოკოითისთან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის შეხვედრებზე ყურადღება ადამიანის უფლებათა დაცვაზე გამახვილდება:

[გუტიერეშის ხმა]
“დე ფაქტო ხელისუფლებები პასუხს აგებენ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების დაცვაზე. და ჩვენი მოვალეობაა ვიზრუნოთ ამ ადამიანების უფლებათა დაცვაზე.”

იმ დროს, როცა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი და გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტიერეში შეხვედრას მართავდნენ, სამინისტროს შესასვლელში რამდენიმე ათეული დევნილი ირეოდა. საქმე ის გახლავთ, რომ ახლა დევნილთა უძრავ-მოძრავი ქონების აღწერისა და რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. რას ითხოვენ ისინი როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე გაეროსგან?

[ხმები]
“- გაერო თავის ადგილას, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება უფრო სხვანაირად უნდა იყოს ჩვენ მიმართ, რადგანაც ყველაზე დამოკიდებულები გავხდით ჩვენ., ყველასთვის უსარგებლონი და გარიყულები ვართ ყოველმხრივ.
-
გვინდა, რომ მობრძანდეთ ჩვენთან სტუდქალაქში, ბაგებში. 1500 დევნილია ჩვენთან და 4 დღეა წყალი არა გვაქვს, შუქი არა გვაქვს. მინისტრთან ვიყავი ახლა, გაეროში მინდოდა წერილის გადაცემა. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ.
-
არაფერი დახმარება არ მინდა, არც ის კომპენსაცია, რასაც ამბობენ. უბრალოდ, დაგვაბრუნონ ჩვენს სახლ-კარში და ვიცხოვრებთ იქ, სადაც ვცხოვრობდით.”

ეს გახლდათ აფხაზეთიდან დევნილი ქალი, რომელიც სხვა დევნილებთან ერთად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში რეგისტრაციისთვის იყო მისული მაშინ, როცა უწყებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტიერეში სტუმრობდა.
XS
SM
MD
LG