Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში ქართული პრესის ნაწილმა ბოლომდე სერიოზულად არ აღიქვა შინაგან


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში ქართული პრესის ნაწილმა ბოლომდე სერიოზულად არ აღიქვა შინაგან საქმეთა მინისტრისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მიცემული დავალება.

”სააკაშვილმა მერაბიშვილს ჯადოქრობა დაავალა,” - ასე გამოეხმაურა მთავრობის სხდომას ”ახალი ვერსია”. ”შს მინისტრს რთული დავალება აქვს: თვე-ნახევრის ვადაში კოდორში მინიქალაქები უნდა ააშენოს, თავისი აეროდრომით, ინფრასტრუქტურითა და სხვ. ერთი სიტყვით, მერაბიშვილს სასწაულების მოხდენა დაევალა.” “ახალი ვერსია” ღიად ტოვებს შეკითხვას, რა ელის შინაგან საქმეთა მინისტრს, თუ ის პრეზიდენტის დავალებას ვერ შეასრულებს.

გაზეთი “ახალი თაობა” გასულ კვირაში მიიჩნევდა, რომ თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციურ პარტიათა კანდიდატები დასამარცხებლად არიან განწირული და საჭიროა ისეთი კანდიდატის წამოწევა, რომელსაც შეურყვნელი რეპუტაცია და ავტორიტეტი აქვს. გაზეთი ასეთ ადამიანად რევაზ შავიშვილს ასახელებს და წერს, შევარდნაძის მთავრობაში ისე იმუშავა, მისი კორუმპირებულობის შესახებ სიტყვა არავის დასცდენიაო. “ახალი თაობა” ცდილობს ჩასწვდეს, რატომ არ წამოაყენა ოპოზიციამ საერთო კანდიდატად რევაზ შავიშვილი: ”იმიტომ რომ, საკუთარი (და არამხოლოდ საკუთარი) ფულადი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ოპოზიციურ ელიტად წარმოუდგენიათ თავი და იდეების წამოყენების დროს კოლეგებს ზევიდან ახტებიან.”

გაზეთი ”რეზონანსი” მკითხველს აუწყებდა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ფრონეს ხეობაში, ოსური მხარე იმ გზას ტბორავს, რომელიც კონფლიქტის ზონას გორის რაიონის სოფლებთან აკავშირებს. ეს არის ერთადერთი გზა კონფლიქტის ზონაში, სადაც სამშვიდობოების ბლოკ-პოსტები არ არის განლაგებული. ადგილობრივი მოსახლეობა დატბორილ გზაზე მილებს აწყობს და გადაადგილებას შეძლებისდაგვარად ახერხებს. გარდა ამისა, სოფელ ერედვის გამგებელი ალექსანდრე მაისურაძე “რეზონანსს” უცხადებს, რომ ოსებმა ერედვის ეკლესია შიგნიდან გაჯით გალესეს და ეკლესიის ეზოსთან ახლოს, ყაზარმის ტიპის შენობასთან, გამაგრდნენ. ”მთაზე გათხრილია სანგრები და შეყვანილია მძიმე ტექნიკა,” - ეწერა გაზეთში.

”რა საშუალებები არსებობს ინფლაციის შესაჩერებლად?” - კითხულობდა გაზეთი ”ხვალინდელი დღე”. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის თანახმად, ამ ეტაპზე ლაპარაკია ფისკალური და მონეტარული კუთხით პოლიტიკის გამკაცრებაზე. ”უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ინფლაციის მაღალი დონე დაფიქსირდა. ის გარკვეულ ზეგავლენას ახდენს გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე. ეროვნული ბანკი ფულის მასის შემცირებას აპირებს. ჩვენი ამოცანაა, წლევანდელი ინფლაცია წლის ბოლომდე აღმოვფხვრათ,” - განუცხადა ამაღლობელმა “ხვალინდელ დღეს”.

“საქართველო ხორბლის კრიზისის წინაშე” - ამგვარად დაასათაურა გაზეთმა ”24 საათმა” თავისი პუბლიკაცია. ”იმის გამო, რომ საქართველოში ხორბლის ძირითადი ნაწილი, იმპორტის სახით, რუსეთიდან შემოდის და წელს რუსეთში ცუდ მოსავალს ელიან, შესაძლოა, ამან ქვეყანაში პურის ფასზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს,” - ეწერა ”24 საათში”. ბოლო 10 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოება ქვეყნის მოთხოვნილებას მხოლოდ 20-25 პროცენტით აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, საქართველო სტაბილურად ახორციელებს 500-600 ათასი ტონა პურპროდუქტების (კანონიერ და არაკანონიერ) იმპორტს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში საჭიროდ მიიჩნევენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან რომელიმე მეგობარი ქვეყნის მთავრობასთან მოლაპარაკების გამართვას, რათა მიმდინარე წელს საქართველომ 40-50 ათასი ტონა ხორბალი, დახმარების სახით, უსასყიდლოდ მიიღოს.”

რამდენიმე ფრაგმენტი შაბათის, 19 აგვისტოს, ქართული გაზეთებიდან. ”ახალი თაობა” ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი, რომ ადიგენის რაიონში ტყის ხანძართან ბრძოლისას რუსეთის დახმარებაზე უარის თქმამ ასობით ჰექტარი ტყე ჩაწვა. აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რუსულ დახმარებაზე უარი თქვა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დახმარება რუსული იყო. სააკაშვილმა საკუთარ სიჯიუტეს და კაპრიზებს შესწირა არა თავისი პირადი, არამედ საქართველოს კუთვნილი ასობით ჰექტარი ხე-ტყე.”

შაბათის “რეზონანსი” კი იმოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვებს - ვალერი ჩეჩელაშვილი გამორიცხავს, რომ ხანძრის ლოკალიზებისათვის რუსეთის დახმარებაზე უარი პოლიტიკური მოტივით თქმულიყო. ამავე გაზეთში წაიკითხავთ აფხაზეთში რუს მშვიდობისმყოფელთა სარდლის, გენერალ ჩაბანის განცხადებას: ”ვიცი, რა რაოდენობით იარაღია საჭირო საომარი ოპერაციების დასაწყებად. ამიტომაც არავითარ სამხედრო პროვოკაციებს ქართული მხრიდან ჯერჯერობით არ ველოდებით. დარწმუნებული ვარ, საქართველო კოდორის ხეობის ზედა ნაწილში მალე დაასრულებს პოლიციურ სპეცოპერაციას და შემდგომ მონიტორინგის ჩატარების ნებასაც დაგვრთავს.”
XS
SM
MD
LG